ახალი ამბები

ხიდაშელი: მეც ვეკუთვნი იმ ადამიანებს, ვისაც ცარიელი სკამები პარლამენტში თვალში ხვდება

31 მარტი, 2015 • • 1009
ხიდაშელი:  მეც ვეკუთვნი იმ ადამიანებს, ვისაც ცარიელი სკამები პარლამენტში თვალში ხვდება

“მინდა გამოვეხმაურო ყველა იმ ადამიანს, ვისაც თვალში ცუდად ხვდება ეს ცარიელი სკამები. მეც ნამდვილად ვეკუთვნი იმ ადამიანებს, ვისაც თვალში ხვდება ეს ცარიელი სკამები და მე ველი, რომ ბატონი პრეზიდენტი მოახერხებს მომავალ წელს უფრო ეფექტიან და შედეგიან პოლიტიკურ დიალოგს საქართველოს დღევანდელი მმართველი გუნდის ლიდერთან, პრემიერთან და აქ აღარ იქნება ცარიელი სკამები. საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს, ამას როგორ მოახერხებს საქართველოს პრეზიდენტი, მოსახლეობას სჭირდება შედეგები და ეს საკითხი საქართველოს პრეზიდენტის მოსაგვარებელია”, – განაცხადა ხიდაშელმა.

 

უმრავლესობის წევრის თქმით, შედეგი ძალიან მნიშნელოვანია იმიტომ, რომ ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მედია საუბრობდა არა იმაზე, თუ რა იქნებოდა პრეზიდენტის აქცენტები, ან რაზე ისაუბრებდა ქვეყნის პირველი პირი, არამედ იმაზე, თუ ვინ დაესწრებოდა პრეზიდენტის გამოსვლას.

 

“ეს უნდა დამთავრდეს საქართველოში. ყველამ ერთად უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რაც საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს და არა იმაზე, რასაც მოვიგონებთ, შევქმნით და მერე ეს გახდება ხოლმე მთელი აურზაური, რომლის მონაწილე ჩვენ ყველა ერთად ვართ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ არაფრისთვის საუბარი წელს ამ გამოსვლით დასრულდება და მომავალი წლიდან სხვაგვარ ვითარებას მივიღებთ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

დღეს, 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას საქართველოს მთავრობის წევრები და პრემიერ-მინისტრი არ დაესწრნენ.

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

მასალების გადაბეჭდვის წესი