ახალი ამბები

EPF: ბოლოდროინდელი განცხადებები არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას ახდენს

3 თებერვალი, 2015 • • 965
EPF: ბოლოდროინდელი განცხადებები არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას ახდენს

“ამ არასახარბიელო ტენდენციის საპასუხოდ, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს სურს, კიდევ ერთხელ მიაპყროს საზოგადოების ყურადღება მისი და მისი პარტნიორების მუშაობის პროცესსა და შედეგებზე.

 

ევრაზიის თანაშრომლობის ფონდი 2008 წელს დაფუძნდა, რომ მოქალაქეებს დაეხმაროს, თავიანთი წვლილი შეიტანონ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაში, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემო მყოფთა ცხოვრება. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მანდატი მოიცავს შემდეგ ოთხ მიმართულებას: სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, ახალგაზრდობის ინტეგრაცია, ფილანტროპიის განვითარების ხელშეწყობა და საჯარო პოლიტიკის ფორმირების გაუმჯობესება ფაქტებზე დაფუძნებული კვლევების ხელშეწყობის გზით. მანდატის ფარგლებში ფონდი ახორციელებს ხუთ პროგრამას: თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისთვის, ახალგაზრდული ინტეგრაცია, ევროპული ინტეგრაცია, ფილანტროპია და სოციალური საწარმოს განვითარება და ღია კარის საგრანტო პროგრამა.

 

ღრმად გვწამს, რომ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლების ძალისხმევის შედეგია საქართველოში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და სამოქალაქო ჩართულობის განუხრელი ზრდა და ევროინტეგრაციის პროცესის წარმატება, რაც დადასტურებულია სხვადასხვა ავტორიტეტული კვლევით.


ფონდი არა მხოლოდ უშუალოდ ახორციელებს პროგრამებს, არამედ სხვა სამოქალაქო ჯგუფების ინიციატივებსაც უჭერს მხარს. დაფუძნებიდან დღემდე ფონდის ძალისხმევის შედეგად დაფინანსდა 200-ამდე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ საინიციატივო ჯგუფის 350-ამდე პროექტი. მათგან 60% საქართველოს რეგიონებში განხორციელდა და უმეტესობა მიმართული იყო ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე სამოქალაქო ჩართულობის გაზრდისაკენ. ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა მრავალი დონორის მხარდაჭერით, რომელთა შორისაა შვედეთის, ფინეთის, ნორვეგიის, ბელგიის, აშშ-ის, ბრიტანეთის, კანადის მთავრობები და ევროკავშირი.

ფონდს მიაჩნია, რომ საზოგადოების წინაშე გამჭვირვალობის პრინციპი სავალდებულოა როგორც სამთავრობო, ასევე სამოქალაქო სექტორისათვის. სწორედ ამიტომ, ფონდის პროგრამული და ფინანსური ანგარიშები ქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე. ასევე გამჭვირვალეა ფონდის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემის მექანიზმი. საპროექტო განაცხადებს ფონდის თანამშრომლებთან ერთად განიხილავს ფონდის მრჩეველთა კომიტეტი ან ექსპერტთა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციების თანაშრომლები, ადგილობრივი ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები შედიან.

 

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროცედურების მიხედვით, ფონდი არ აფინანსებს: პოლიტიკურ პარტიებს; პარტიული ან პოლიტიკური მიზნით განხორციელებულ ლობირებას, გარდა იმ საკითხების ადვოკატირებისა, რომელთაც საზოგადოებრივი სარგებელი მოაქვთ.


ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის საქმიანობისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ფონდის ვებგვერდს www.epfound.ge”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.


არასამთავრობო სეტქორის ნაწილი “ნებისთ თუ უნებლიეთ კორუფციულ სქემაში მონაწილეობაში” რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დაადანაშაულა. მის განცხადებას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებიც” და ხაინდრავას საჯაროდ ბოდიშის მოხდისაკენ მოუწოდა.



მასალების გადაბეჭდვის წესი