ახალი ამბები

კობახიძე: არჩევნებამდე უნდა განხორციელდეს ცვლილებები პარლამენტში ქალთა მონაწილეობის გაზრდისთვის

12 ოქტომბერი, 2014 • • 1466
კობახიძე: არჩევნებამდე უნდა განხორციელდეს ცვლილებები პარლამენტში ქალთა მონაწილეობის გაზრდისთვის

ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრა და საარჩევნო პროცესში გენდერული კვოტების დაცვა იყო:

 

„სწორედ ეს სულისკვეთებაა ამ შეხვედრის ერთ-ერთი მიმართულება და ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი გვექნება სამუშაო. ამ მიმართულებით ძალიან აქტიურია საქართველოში არასამთავრობო სექტორი და ვფიქრობთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მთავარი დღის წესრიგი და ამოცანა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება იქნება, რომელიც უზრუნველყოფს ქალთა მონაწილეობის გაზრდას საკანონმდებლო ორგანოში“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

თინა ხიდაშელი და მანანა კობახიძე
თინა ხიდაშელი და მანანა კობახიძე

საქართველოს პარლამენტის წევრის, თინათინ ხიდაშელის თქმით, სესიის ამოცანა ქალთა საკითხებზე რეზოლუციების მომზადებაა:

 

„დღევანდელ სხდომაზე, გარდა ჩვეულებრივი მიმდინარე საკითხებისა, მთელი დილის სესია ქალი პარლამენტარების პოლიტიკაში მონაწილეობის და კვოტების საკითხს დაეთმო და ეს თემა საქართველოშიც აქტუალურია. იცით, რომ რამდენიმე თვის წინ გაეროს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტმა მისცა რეკომენდაცია რეზოლუციაში საქართველოს და გააკრიტიკა ქვეყანა, რომ ქალთა აქტივობა პოლიტიკაში ძალიან დაბალია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რეზოლუციის ტექსტი, საბოლოო ჯამში, რა სახეს მიიღებს, რომ ჩვენ ის ჩვენს კანონმდებლობაში ავსახოთ“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პარლამენტის წევრები – თინათინ ხიდაშელი, დავით ბეჟუაშვილი და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ზურაბ მარაქველიძე შედიან. საპარლამენტთაშორისო კავშირის 131-ე ასამბლეა ჟენევაში 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი