ახალი ამბები

ბესელია პრეზიდენტის ვიზიტზე: ყველას ვერ დაიტევს ეს შენობა

18 ივლისი, 2014 • • 1004
ბესელია პრეზიდენტის ვიზიტზე: ყველას ვერ დაიტევს ეს შენობა

ეკა ბესელიას თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში ხელისუფლების ერთსულოვნება პარლამენტის შენობაში შესვლით არ განისაზღვრება:

 

“ამ დარბაზში დღეს იქნება თუ არა სრულად წარმოდგენილი საქართველოს ხელისუფლება, ვგულისხმობ ყველა შტოს, ეს არ განაპირობებს იმას, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ხელისუფლების ერთსულოვნება. დღეს ეს დარბაზი, ეს შენობა ყველას ვერ დაიტევს ფიზიკურად, მაგრამ ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო სახელისუფლებო გუნდია ერთსულოვანი, არამედ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის თანაზიარი ამ სიხარულის. ასე რომ, იმით ნუ განვსაზღვრავთ დღეს ვინ შემოვა ამ დარბაზში, რომ ის არის მხოლოდ მხარდამჭერი ამ პროცესის.”

 

კითხვაზე, მინისტრთა კაბინეტი თუ დაეტევა, ერთი ადამიანის დასწრება პრობლემა რატომ არის, ბესელია აცხადებს:

 

“არ არის ეს პრობლემა, არანაირად არ დგას ეს პრობლემა. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არის, მით უფრო თქვენ გახსოვთ, რამდენად ერთიანი იყო ის დღე, როდესაც პრეზიდენტი, პრემიერი, პატრიარქი და ხალხი ყველა ერთად ზეიმობდა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას.”

 

„ასოცირების დღის წესრიგი” წარმოადგენს ერთობლივად შეთანხმებული პრიორიტეტების ნუსხას 2014-2016 წლებისთვის ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DC FTA) იმპლემენტაციისთვის.

 

„ასოცირების დღის წესრიგი” ჩაანაცვლებს 2006 წლიდან მოქმედ საქართველო-ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმას და ჩამოაყალიბებს პრაქტიკულ ჩარჩოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის. დოკუმენტი შეიცავს პოლიტიკურ კომპონენტს, მათ შორის ისეთ თემებს, როგორიცაა პოლიტიკური დიალოგი, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმები, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებათა პატივისცემა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე თანამშრომლობა, ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და თანამშრომლობა მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე.

 

„ასოცირების დღის წესრიგი” ასევე მოიცავს ეკონომიკურ და ვაჭრობის თემებს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პრიორიტეტებს და დარგობრივ, მაგ. ენერგეტიკის, ტრანსპორტის, დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის საკითხებს. ევროკავშირი სხვადასხვა ინსტრუმენტებით დაეხმარება საქართველოს „ასოცირების დღის წესრიგის” განხორციელებაში, მათ შორისაა ფინანსური მხარდაჭერა, ტექნიკური ექსპერტიზა და გამოცდილების გაზიარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი