ახალი ამბები

პროფესორი ამბობს, რომ უნივერსიტეტიდან “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერის გამო დაითხოვეს

25 მარტი, 2014 • • 1901
პროფესორი ამბობს, რომ უნივერსიტეტიდან “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერის გამო დაითხოვეს

ირაკლი ჯულაყიძე ამბობს, რომ რახან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია, ამის გამო კომისიამ, რომელიც პროფესორების სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას ამოწმებდა, უნივერსიტეტიდან დაითხოვა:

 

„მითხრეს, რომ კონკურსი ვერ გაიარეო. მთელმა ქუთაისმა იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ვარ, მე უშუალოდ პარტიის წევრი არ ვარ, არც გავხდები ოდესმე, მაგრამ იციან, რომ ჩემი სიმპათიები „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის და ახლა უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც „ნაციონალებმა“ მოიყვანეს თავის დროზე და უდიდესი „ოცნებისტი“ გახდა, მავიწროებს იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს არ ვუჭერ. მავიწროებს როგორც რექტორი, რომელიც სკამის შენარჩუნებას ცდილობს, ასევე, პრორექტორი შალვა კირთაძე. ამათ პროფესიონალები არ უნდათ, უნდათ მექრთამეები და გათახსირებული ხალხი “, – აცხადებს ირაკლი ჯულაყიძე.

ირაკლი ჯულაყიძე
ირაკლი ჯულაყიძე

 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე აცხადებს, რომ ირაკლი ჯულაყიძისთვის შრომითი ხელშეკრულების არგაგრძელება მის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას არ უკავშირდება. შალვა კირთაძის განცხადებით, ირაკლი ჯულაყიძემ კონკურსი ვერ გაიარა და ამიტომ გადაწყდა, რომ მას შრომითი ხელშეკრულება არ განახლებოდა:

 

“ნებისმიერ ადამიანს ჩვენს უნივერსიტეტში აქვს ვადიანი ხელშეკრულება. წინა კონკურსიდან გამომდინარე, აკადემიურ პერსონალს ხელშერულების ვადა გადიოდა 2014 წლის 1 აპრილს. აქედან გამომდინარე, აკადემიური პერსონალის კონკურსი ჩატარდა. კომისია შედგებოდა ექსპერტებისგან, რომლებიც თბილისში არსებული უმაღლესი სასწავლებლებიდან ჩამოვიდნენ და  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი ჩატარდა. შესაბამისად, კომისიის მიღებული გადაწყვეტილებებით განისაზღვრა, ვის გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება და ვის – არა. რეკომენდაცია ამასთან დაკავშირებით გააკეთა კომისიამ. ის, რომ რომელიმე წევრია ვინმე და ამიტომ დარჩა გარეთ, ეს მოტივი თავიდან ბოლომდე არის წარმოუდგენელი აბსურდი,“ – აცხადებს შალვა კირთაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი