კომენტარი

უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტი? – გამოხმაურება სააღდგომო ეპისტოლეზე

8 მაისი, 2013 • 2377
უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტი? – გამოხმაურება სააღდგომო ეპისტოლეზე

ეს უფრო არის მცდელობა მოხდეს განხილვა კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივისა სახელმწიფოს მხრიდან აბორტის იურიდიულ აკრძალვასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, კარგად გავაანალიზოთ ის კონკრეტული მიზეზ-შედეგობრივი ფაქტორები და კონტექსტთა თანმიმდევრობა რაც პატრიარქის ამ ინიციატივას ახლვას თან. ქრისტიანულ კონფესიათა უმრავლესობა აბორტს დიდ ცოდვად: სიცოცხლის მოსპობად მიიჩნევს, რაც მათი კონცეპტებიდან გამომდინარე სრულიად ბუნებრივია. თუმცა  ამ საკითხზე ეკლესიათა სწავალებებს შორის დეტალური განსხვავებებიც არსებობს. ისინი ძირითადად ნაყოფის ასაკისა და მასში სულის არსებობის საკითხთან მიმართებაში. ჩემთვის პირადად, როგორც ქრისტიანისათვის,  აბორტი, როგორც მოვლენა მიუღებელია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია თუ რა არგუმენტების საფუძველზე ხდება აკრძალვის აუცილებლობის დღის წესრიგში დაყენება. ვეჭვობ ეს ინიციატივა მართლაც საკითხის გადაჭრას ემსახურებოდეს.


აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა, განვიხილოთ რა ნარატივის, რა მოსაზრებების საფუძველზე წარმოიშვა აკრძალვის იდეა საქართველოში დღეს. დავიწყოთ იმ თავად მართლმადიდებელი ეკლესიის კულტურულ -ისტორიული გამოცდილების მცირე ასპექტებიდან. განსხვავებით რომის კათოლიკე ეკლესიისა და პროტესტანტული მიმდინარეობის ზოგიერთი აღმსარებლობისაგან, მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლო მოწყობის კულტურაში, ცენტრალური ობიექტი არა თავად სამრევლო არამედ მასში შემავალი პიროვნებები არიან. სწორედ ამიტომაც მართლმადიდებლობა, მოძღვრის მხრიდან მრევლთან ინდივიდუალურ მუშაობას ითვალისწინებს. ასეთი მიდგომისას მსგავსი საკითხების გადაწყვეტა უაღრესად ფისკალურად და კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით ხდება. აქედან გამომდიანრე იდეა სახელმწიფოსაგან აბორტის აკრძალვით პრობლემის გადაჭრისა არ არის ცალსახად მართლმადიდებლური ტრადიციასა და კონცეფციიდან ამოზრდილი. ალბათ სწორედ ამითაც არის გამოწვეული ის ფაქტი, რომ ეკლესიის წიაღში არსებული რადიკალური დაჯგუფებები (მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და ა.შ.) აბორტის აკრძალვის აუცილებლობის მტკიცებისას არგუმენტად ასევე მარგინალური და იზოლაციური სხვა მიმდინარეობების წიაღში შემუშავებულ კონცეპტებს იმოწმებენ. ასევე სესხულობენ ულტრაკონსერვატორი კათოლიკეების მოსაზრებებსა და უკიდურესად მემარჯვენე პოლიტიკოსების ხედვებსაც, რომლებიც თავის მხრივ ემხრობიან აბორტის აკრძალვას. თუმცა თვით ასეთ შემთხვევებში დამოწმებული არგუმენტების ამოსავალი წერტილიც კი უმეტესად  სიცოცხლის უნივერსალურობა, მისი უმაღლესი ფასეულობა და ჩანასახის სულიერ არსებად ცნობა არის ხოლმე. კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეში , მართალია გაკვრით არის ეს საკითხი ნახსენები თემის შესავალ ნაწილში, მაგრამ აბორტის აკრძალვის მისეური მთავარი არგუმენტაცია არის სრულიად სხვა ტიპის და იგი მიზოგინურ (Μισογυνία – ქალთმოძულეობა), ქალთა ფუნქციურ დისკრიმინაციას, მათ ბიოლოგიურ დეტერმინაციას ემყარება. საკითხი მთლიანად დემოგრაფიულ ჭრილში განხილული და უმთავრეს პრობლემად არა სიცოცხლის ხელშეუხებლობა, არამედ ქართველების (რჩეული ერის) გამრავლებაა დასახული.მთელს ამ ნარატივში არანაირად არაა გათვალისწინებული მამაკაცის პასუხიმგებლობა და მთელი ტვირთი მხოლოდ ქალებს ეკისრებათ. თავად იდეა, რომ ქალების უმთავრესი ღირებულება და ფუნქცია მათ მიერ რაც შეიძლება მეტი ბავშვის გაჩენაა, წარმოადგენს შესაქმის შესახებ ქრისტიანული მოძღვრების უგულველყოფას, რომლის მიხედვითაც ქალიცა და კაციც, თანასწორად უფლის ხატად და მსგავსად შეიქმნა:

26. და თქვა ღმერთმა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და მსგავსად…“

27. და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატადა – ღვთის ხატად შექმნა იგი.  და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად.  (დაბადება 1 26-27)

თუმცა ამ საკითხზე არსებული თეოლოგიური სწავლების დეტალურად განხილვა ამ სტატიის ფარგლებში ვერ მოხერხდება. ამ შემთხვევაშიი ჩვენთვის ის პარადოქული ურთიერთ კავშირია, რაც აბორტების რიცხვსა და პატრიარქის მიერ დამკვიდრებულ თავისებურ ქალთმოძულეობას შორის არსებობს. აბორტების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ფაქტორი (30%) სწორედ ქართულ საზოგადოებაში გამეფებული ქალთმოძულეობაა, რომლის გამოც მშობლებისათვის გოგონას გაჩენა არასასურველია და სქესის წინასწარი გაგების შემდეგ ნაყოფის მოშორება ხდება. ამ მიზეზით გაკეთებული აბორტების რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ . ანუ პატრიარქი ერთის მხრივ აბორტებს ეწინააღმდეგება, ხოლო მეორეს მხრივ მთელი არსებით ნერგავს რელიგიურ ქალთმოძულეობას, რომელიც მინიმუმ ირიბი საბაბია აბორტთა დიდი ნაწილისა. მსაგვსი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება არსებობს პატრიარქის შეგონების ირგვლივაც, რომლის მიხედვითაც მთავარია მოქალაქეებმა შვილები გააჩინონ და მათ შემდგომ მოვლა-პატრონობაზე ეკლესია იზრუნებს. არადა სულ მცირე ხნის წინათ, სწორედ მრავალშვილიან ოჯახში დაბადებული, შიმშილისაგან გარდაცვლილ გოგიტა აბაშიძის  თაობაზე წარმოქმნილი დისკუსიისას ეკლესიის პასუხი იყო მუსლიმურ ოჯახში დაბადებული ბავშვის სიცოცხლე ჩვენ არ გვაინტერესებს და საერთოდაც ფული ჩვენთვის არ გყოფნის, არათუ ოჯახებს დავეხმაროთო. ჩვენი ისეთი მიწა ისეთი კურთხეულია, თუ კეთილს ინებებთ ხელს გაანძრვთ დოვლათით აივსებითო. ზოგადად აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიის საზოგადოებრივი მსახურება და სიმდიდრის გადანაწილებისადმი მიდრეკილება თითქმის ნულის ტოლია. პირიქით, პატრიარქს მიაჩნია რომ ოქროს ნაკეთობათა დამზადება, მათი ხატებისადმი შეწირვა, გუმბათების მოოქროვება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადამიანთა სიცოცხლეზე ზრუნვა, მათთვის მატერიალური დახმარების გაწევა. ცალკე საკითხია ის კატასტროფული სიტუაცია და განუკითხაობა, რომელიც საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ბავშვთა სახლებშია გამეფებული .ამ საკითხზე პატრიარქის ზედაპირულ წარმოდგენებს მიანიშნებს ასევე მისი ეპისტოლის მონაკვეთი სადაც ის საუბრობს, თუ როგორღა უნდა იკეთებდეს აბორტს ადამიანი ფილმ ,,ჩუმი ძახილის”  ნახვის შემდეგო. ანუ მისი უწმინდესობისათვის სრულიად უცნობია სიტუაცია, როდესაც ადამიანებმა არ იციან შეძლებენ თუ არა მატერიალური სიდუხჭირისა და უპრესპექტივობის გამო თავის გატანას ფიზიკურად უახლოეს მომავალში.


მთელს ამ ამბავში საინტერესო სულ სხვა რამეა. ჩემის აზრით პატრიარქის ეს ინიციატივა პასუხია იმაზე რაც მის წინა ინიციატივას მოჰყვა. კერძოდ მან შემოიღო მეოთხე შვილის პატრიარქის მიერ დაუსწრებლად ნათლიაობის (რომელიც თავისთავად უკვე წარმოადგენს ნათლობის საბჭოთა დროინდელ ფორმას და არ შეესაბამება ეკლესიის ძირეულ სწავლებას ამ საკითხზე) ფენომენი. ამ გზით სურდა წაეხალისებინა დემოგრაფიული ზრდის პროცესი საქართველოში. ინიციატივა არა მარტო ქართულმა მედიამ აიტაცა, არამედ თვით ბიბისიმაც კი მიუძღვნა ინგლისურ ენოვანი სიუჟეტი ამ თემას. შესაბამისად პატრიარქს შეექმნა ილუზია, რომ მისმა ერთმა ნათქვამმა საზოგადოება შეცვალა. ეს სასიკეთო ძვრა ეკლესიის მხრიდან  საზოგადოებრივ საქმიანობის წარმატებულ ნაწილადაც კი გაასაღა ქალბატონმა თეა გოგოტიშვლმა გადაცემაში აქცენტები ,მაგრამ ცოტა ხნის წინათ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა პატრიარქი შიშველი ფაქტის წინაშე დააყენა. აღმოჩნდა, სიტუაცია ამ მხრივ კი არ უმჯობესდება, პირიქით უარესდება და აბორტების რიცხვმა 30 %-ით მოიმატა.


რამდენადაც პატრიარქს სურს არ დაუშვას, რომელიმე საკითხში მისი მოწოდება, არაქმედითად დარჩეს განიზრახა პრობლემის მოგვარება უკვე სახელმწიფოებრივი აკრძალვის გზით სცადოს, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც ეს მოვლენა მაინც მისი უწმინდესობის აქტივში ჩაეწერება და კიდევ უფრო გაამყარებს მითს მისი, როგორც ერის გადამრჩენელის შესახებ.


კიდევ ერთი საკითხი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება აბორტების თემას არის საპატრიარქოს პოზიცია კონტრაცეპტივებისა და საერთოდ სექსულური ეთიკასთან დაკავშირებით. დიდი ხანია რაც ყალიბდება შეხედულება, რომ სექსი ადამიანთათვის მხოლოდ გამრავლების საშუალება უნდა იყოს და შესაბამისად კონტრაცეპტივების გამოყენებაც მიუღებელია. გაკიკვირდებათ და ამგვარი მიდგომაც სრულიად უცხოა მართლმადიდებლობისათვის, რომელიც ადამიანებთან მიმართებაში თეოლოგიის იკონომიალურ (გამგებიანობა, შეღავათების გაწევა) ხაზს მისდევს. დიდი ხანია რაც ადამიანთათვის სექსი უპიროვნულესი ალერსის, სითბოს, სიყვარულის გამოხატულებისა და შეცნობის გამოხატულებად იქცა საყვარელი ადამიანთან (მეუღლესთან) მიმართებაში. ანუ ადამიანმა მისთვის მონიჭებული  ღვთის  ხატებისა და მსგავსებიდან გამომდინარე შემოქმედებითი, შინაგანი მნიშვნელობა მიანიჭა საკუთარ ბილოგიურ უნარს. ზემოთ ხსენებული დამოკიდებულება უფრო მანიქეური ან უკეთეს შემთხვევაში რადიკალურად პლატონისტურია, მის დამაკვიდრებლად კი ძირითადად ბერები და ეულად მცხოვრები უცნაური გვევლინებიან, რომელთათვის უცხოა თვისობრივად ოჯახური ცხოვრება. ამიტომაც ემხრობიან ისინი უკლებლივ ყველაფრის აკრძალვას. თუმცა ეს აკრძალვებს ერთი საერთო ნაკლი აქვთ: პრობლემის მოგვარებას ვერც მაინცდამინც ეფექტურად ახერხებენ და ამავე დროს მათი გვერდის ავლა არის შესალებელი.


რამდენადაც ჩვენს ქვეყანას პრობლემური საკითხების  კანონის გარსშემოვლით მოგვარების საუკუნოვანი ტრადიციები აქვს, აკრძალვა ავტომატურად გამოიწვევს არალეგალური აბორტების წარმოქმნას და ასე ვთქვათ ექიმბაშების მიერ ამ პროცედურის კუსტარულ პირობებში ჩატარების აუცილებლობას. შესაბამისად გაიზრდება აბორტის მსურველ ქალთა სიკვდილიანობისა და დაავადების რისკი. კონტექსტიდან გამომდინარე დგება კიდევ ერთი საკითხი: რატომ უნდა შეეხოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ინიცირებული კანონი მათ ვინც არ მიეკუთვნება მას ან სულაც ათეისტია? თუმცა ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობისას  ისევ სიცოხლის ჩასახვასთან და მის უნივერსალურობასთან დაკავშირებულ ზემოთხსენებულ დისკუსიასთან მივდივართ, რომლის ფართო განხილვაც უპრიანი ბიოეთიკურ ან იურიდიულ კონტექსტში იქნებოდა.


იქმნება შთაბეჭდილება, რომ პატრიარქის ეს ინიციატივა არა აბორტთან დაკავშირებული პრობლემატიკის ეფექტურად მოგვარება, არამედ ამ საკითხის მთლიანად სახელმწიფოსთვის შეჩეჩებაა. არადა დიდი სოციალური და სხვა სახის რესურსების მქონე ეკლესიას მართლაც შეეძლო სწორად დაგემილი სამოქმედო გეგმის შემთხვევაში იმ პროლემების დაძლევაში დიდი წვლილის შეტანა, რომლებიც თავის მხრივ ხშირად აბორტების გამომწვევ მიზეზებად გვევლინებიან. იმისათვის, რომ  აბორტების რიცხვი შემცირდეს აუცილებელია პრობლემის სხვა გვარად მოგვარებაზე ზრუნვა. პირველ რიგში საჭიროა კარგად შევისწავლოთ და გავაანალიზოთ რა ფაქტორების გამო მიმართავენ აბორტს საქართველოში. ჩემის აზრით ამის უპირველესი საბაბი ქალების მიმართ ძალადობაში უნდა ვეძებოთ. მე არ ვგულისხმობ ქალებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, რომელიც აშკარად ხილვადი და იდენტიფიცირებადია. საქმე ეხება კულტურულ და სტრუქტურულ ძალადობას, რომელის ასე აშკარად ზედაპირზე არ დევს, არ არის ადვილად ხილვადი და რომლის არსებობასაც სწორედ ამიტომ ხშირად უარყოფენ.  არადა ოდნავი დაკვირვების შედაგადაც კი ადვილი შესამჩნევია, რომ საზოგადოებაში მრავალგვარი წნეხი არსებობს  ქალების მიმართ: კონკრეტული ასაკის მიღწევის შემდეგ ისინი ვალდებულნი არიან გათხოვდნენ, მაშინაც თუ ამის სურვილი არ აქვთ, ამ ნაბიჯს მოსდევს მეორე ვალდებულება შვილის გაჩენისა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გვარის გამგრძელებლი ძე. თუ არჩევანი არა სწორი გამოდგა, ქალი ვალდებულია იცხოვროს ქმართან სურვილის წინააღმდეგ, რადგან ასეთია საზოგადოების დაკვეთა, რომელსაც ქალებიც თანმხდებიან რადგან სწორედ გენდერული ნიშნიდან გამომდინარე მათი თვითრეალიზაციის შანსები საზოგადოების მხრიდან შეზღუდულია და ქორწინება მატერიალური სტაბილურობის ერთადერთ გზად რჩება. უპირველეს ყოვლისა სწორედ საზოგადოების ამ კულტურული ძალადობისაგან გათავისუფლებაა (განძარცვა) საჭირო.


აკრძალვის ალტერნატივად აბორტების რიცხვის შესამცირებლად გამოდგებოდა, კარგი სოცაილური სისტემის შექმნა, რომელიც ადამიანებს უიმედობიდან გამოიყვანდა და უზრუნველყოფდა საარსებოდ საჭირო საბაზისო მინიმუმის ხელმისაწვდომობას. ასევე აუცილებელია ისეთი ფონდების შექმნა, სადაც  მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად მოძიებული თანხების მობილიზება მოხდება. ეკლესიამ კი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიმუშაოს ნორმალური, ადეკვატური და კომპეტენტურ ცოდნაზე დამყარებული კონცეპტი ოჯახის დაგეგმარებასთან დაკავშირებით. უნდა ეცადოს მრევლი იყო  გათვითცნობიერებული მსგავს საკითხებში, გაზარდოს თუნდაც საკუთარ წიაღში სიმდიდრის გადანაწილების მექანიზმები, უნდა შეწყვიტოს ოჯახური სქემის გარეშე ბავშვის გაჩენის მსურველთა დემონიზაცია და საზოგადოებისგან გარიყვა.



უმთავრესი კი ადამიანების პიროვნული თავისუფლებისა და მათი პირადი ცხოვრების პატივისცემისათვის ბრძოლა იქნებოდა, რაც თავის მხრივ ამაღლებდა პირადი ურთიერთობის ხარისხს, გახდიდა მათ უფრო თვითმყოფადს და მყარს. თუმცა რადგან ეკლესია ყველაფერს ამის საწინააღდეგოს აკეთებს, გვაქვს უფლება რომ ეს ინიციატივაც აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებით მორიგი მცდელობაა ილუზიის შექმნისათვის თითქოს საქმე მოგვარდა.


ავტორის შესახებ


მირიან გამრეკელაშვილი 2008 წლიდან იმყოფება გერმანიაში, სადაც ქალაქ აიხშტეტის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე წერს სადოქტორო ნაშრომს თემაზე „კულტურული მეხსიერება და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დღევანდელი იდენტობა“. 200-2005 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დასრულების შემდეგაც სწავლა განაგრძო ილიას უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურაში. 2006 წელს მეგობრებთან ერთად დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ქრისტიანები მშვიდობისა დადემოკრატიისათვის“, რომლის ბაზაზეც 2012 წელს ასევე დაფუძნდა ქართულენოვანი თეოლოგიური ჟურნალი „იოტა“.Blog-მისამართი: http://theologymg.wordpress.com 

მასალების გადაბეჭდვის წესი