ახალი ამბები

რას შეცვლის ახალი პრემიერის მთავრობა

3 ივლისი, 2012 • • 1007
რას შეცვლის ახალი პრემიერის მთავრობა

”ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი გაფორმდა. ეს იმას ჰგავს, ცოლ-ქმარი სამოქალაქო ქორწინებაში რომ ცხოვრობს და მერე ოფიციალურად რომ გააფორმებს ერთად ყოფნას,” – ასე აფასებს “რესპუბლიკური პარტიის” წევრი პაატა ზაქარეიშვილი ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებასა და მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს. 

 

ზაქარეიშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილისთვის ახალი თანამდებობის მინიჭება ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს უკავშირდება: ვინაიდან ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო საჭირო გახდა ძლიერი მენეჯერი, რომელიც მობილიზაციას გაუწევს ყველა სტრუქტურას და მაქსიმალურად გააკონტროლებს მას.

”გააძლიერეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც მკვდარი იყო ჟვანიას გარდაცვალების შემდგომ. პრაქტიკულად დღეიდან ჩვენ გვყავს არა მთავრობა, არამედ წინასაარჩევნო შტაბი. ვანომ მთელი ძალაუფლება ერთ მუშტში შეკრა, მან შს მინისტრის თანამდებობაზე მოიყვანა ახალაია, ხისტი პიროვნება, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი. მერაბიშვილს სჭირდება ყაზარმული და დისციპლინირებული რეჟიმის გავრცელება,” – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს კობა სუბელიანის თანამდებობიდან მოხსნაზე. იგი ამბობს, რომ სუბელიანი განტევების ვაცად იქცა, რომლის თანამდებობიდან მოხსნით მერაბიშვილს სურს ”გასპეტაკდეს” და მოიშოროს ის უარყოფითი განწყობები, რომლითაც სარგებლობდა სუბელიანი დევნილებში.

”კობა სუბელიანის მოშორებით დევნილთა ხმების მოგება სურთ, თუმცა იმედია, დევნილები არ მოტყუვდებიან, ვინაიდან დევნილთა დევნასა და სასტიკ მოპყრობას მათი გადასახლების დროს სწორედ ვანოს უწყება ახორციელებდა, რომელიც არაფორმალურად მართავდა ამ სამინისტროს.

 

ამას გარდა, შაშკინმა სკოლა აქცია ერთგვარ პოლიციურ სისტემად. სკოლაში ხედავენ წინასაარჩევნო ნაწილაკს, მშობლებზე ზემოქმედებით მათი წინასაარჩევნოდ გამოყენება სურთ,” – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

მერაბიშვილისთვის ახალი თანამდებობის მინიჭებით რომ ახალი არაფერი მომხდარა, ამ მოსაზრებას იზიარებს საპარლამენტო ოპოზიციის – ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წევრი ნიკოლოზ ლალიაშვილი. მისი განმარტებით, “ქრისტიან-დემოკრატები” არ დააუჭერენ მხარს იმ ცვლილებებს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი პარლამენტში დასამტკიცებლად წარადგენს. დეპუტატი აცხადებს, რომ განხორციელებული ცვლილებები ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერებას ისახავს მიზნად.  

”მხარს არ ვუჭერთ ახალ კაბინეტს, რადგან აქ ახალი არაფერია. მინისტრთა კაბინეტი ძლიერდება იმ ადამიანებით, ვისაც აქვს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის ბექგრაუნდი. ეს ახალი კაბინეტი იქნება ორიენტირებული არა ოჯახების სოციალურ დაცვაზე და ეკონომიკურ გაჯანსაღებაზე, არამედ არსებული ხელისუფლების და მათი უსაფრთხოების შენარჩუნებაზე. ვანო ისევ გაარძელებს შს მინისტრობას, იგი ისედაც პრემიერი იყო და ახლა უკვე ოფიციალურად შეასრულებს ამ საქმეს,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” ნიკოლოზ ლალიაშვილმა.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში წინასაარჩევნო დაპირებების დოღია დაწყებული, რომელშიც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ეჯიბრება.

”ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც დაიწყო საპნის ბუშტების გამოშვება. ჩვენი გამოთვლით, დაპირებები, რომელიც ვანო მერაბიშვილმა გააკეთა, მთლიანობაში 20– მილიარდიან პროგრამას ქმნის, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია,” – განაცხადა ნიკოლოზ ლალიაშვილმა.  

ლალიაშვილისა და ზაქარეიშვილისაგან განსხვავებული პოზიცია აქვს პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს. ჩიტაძის განმარტებით, ვანო მერაბიშვილის ახალ თანამდებობაზე გადაყვანა ყოფილი შს მინისტრის დაწინაურებაა.

ჩიტაძის თქმით, ამ ნაბიჯით პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა შს ყოფილ მინისტრს და გაფანტა მოსაზრება მასსა და მერაბიშვილს შორის დაპირისპირების შესახებ. ასევე, ძლიერი პრემიერის დანიშვნით პრეზიდენტმა აჩვენა, რომ იგი არ არის დაინტერესებული პრემიერ-მინისტრის პოსტით საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდგომ.

”მისასალმებელია განათლების მინისტრად დეკანოიძის დანიშვნა, ვინაიდან მას გააჩნია განათლების სფეროში საქმიანობის გამოცდილება, ვგულისხმობ პოლიციის აკადემიის რექტორობას. ქალბატონი დალი ხომერიკიც რამდენიმე წლის მანძილზე მუშაობდა განათლების მინისტრად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში და მან უკეთ იცის ის პრობლემები, რომელიც დევნილებს აქვთ. რაც შეეხება თავად მერაბიშვილს, იგი ძლიერი მეურნეა და მას ეხერხება პრობლემების მოგვარება, როგორც კარგ მენეჯერს,” – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ჩიტაძე აქვე დასძენს, რომ ბაჩო ახალაიას უკვე შემდგარი სტრუქტურა ხვდება, გატარებული რეფომებით და ძლიერი ინსტიტუტებით, რომელშიც ადაპტაცია კრიმინალთან ბრძოლის გამოცდილების მქონე ახალიას არ გაუჭირდება.  

ნიკა ჩიტაძე არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ქვეყანა შესაძლოა პოლიციურ სახელმწიფოდ გადაიქცეს.

”მე არ მგონია, რომ ქვეყანა გადაიქცევა საპოლიციო სახელმწიფოდ. ბევრი შემთხვევაა, როცა ძალოვანი უწყების წარმომადგენელები ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ, მაგალითად, სარკოზი ყოფილი შს მინისტრია, ეიზენჰაუერი კი გენერალი იყო, თუმცა მათ ქვეყანა პოლიციურ მმართველობაზე არ გადაუყვანიათ. აქვე უნდა ითქვას, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები საქართველოში ისეთი ძლიერი არ არის, როგორც საფრანგეთსა და აშშ-ში,” – განმარტავს ნიკა ჩიტაძე.

ახალი მინისტრთა კაბინეტი პარლამენტმა ხვალ უნდა დაამტკიცოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი