ახალი ამბები

2016 წელს ჯომარდობის ევროპის თასის ეტაპი ბორჯომის ხეობაში ჩატარდება

3 ივნისი, 2015 • 1993
2016 წელს ჯომარდობის ევროპის თასის ეტაპი ბორჯომის ხეობაში ჩატარდება

როგორც ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, ჯომარდობის საერთაშორისო ფედერაცია საქართველოში ამ ღონისძიების ჩატარებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც საქართველოს გუნდმა საერთაშორისო ტურნირებში კარგი შედეგები აჩვენა. მისი თქმით, საქართველოს ჯომარდობის ნაკრებს სპორტსმენთა ინდივიდუალურ გამოსვლებში უფრო კარგი შედეგები აქვს, ვიდრე გუნდურ ასპარეზობაში.

 

საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ტურნირი მომდევნო წლის 26 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით სოფელ ჩითახევის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარზე გაიმართება. ქაცარავას თქმით, ტურნირში დაახლოებით 10 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებისთვის მზადება უკვე დაწყებულია და ეს იქნება პირველი საერთაშორისო შეჯიბრი სპორტის ამ სახეობაში, რომელიც ევროპის რუკაზე საქართველოს ამ კუთხითაც გამოაჩენს.

 

ჯომარდობა, ფოტო: დავით ქაცარავას პირადი არქივი
ჯომარდობა, ფოტო: დავით ქაცარავას პირადი არქივი

 

ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სახელმწიფო უწყებებიც ჩაერთვებიან ევროპის თასის ეტაპისთვის მზადების პროცესში. ქაცარავა ამბობს, რომ სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, ასევე, სპონსორებისგან შემოსული თანხებით, მოხდება სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ბორჯომის ხეობაში.

 

როგორც ქაცარავა აცხადებს, ბორჯომის ხეობაში ინფრასტრუქტურის მოწყობისას დასაქმდებიან ადგილობრივი ახალგაზრდები. მისი თქმით, ჯომარდობის საერთაშორისო ფედერაციისთვის საქართველოს სახით კიდევ ერთი საინტერესო ქვეყანა გამოჩნდა. ქაცარავა აცხადებს, რომ ეს ტურნირი სპორტის ამ სახეობის განვითარების გარდა, ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას ქვეყანაში.

 

დავით ქაცარავა ამბობს, რომ ევროპის თასის ეტაპის კარგად ორგანიზების შემდეგ საქართველოს ჯომარდობის ეროვნულ ფედერაციას შესაძლებლობა მიეცემა, სპორტის ამ სახეობაში უფრო მნიშვნელოვანი ტურნირების ჩატარებაზე გამოთქვას პრეტენზია.

მასალების გადაბეჭდვის წესი