ახალი ამბები

მთავრობა ფიქრობს, როგორ მოიშოროს თავიდან 68-მილიონიანი კოშკი

28 თებერვალი, 2013 • 1663
მთავრობა ფიქრობს, როგორ მოიშოროს თავიდან 68-მილიონიანი კოშკი

თუ ვის დარჩება ანბანის კოშკი, ამას სპეციალური კომისია გადაწყვეტს, რომელიც საკრებულოს იურისტის სულიკო შვენთიძის განცხადებით, ამ თვის ბოლოს შეიქმნება. არც ბულვარის ადმინისტრაციას და არც მერიას კოშკის მოვლა-პატრონობისთვის 2013 წლის ბიუჯეტში თანხა განსაზღვრული არ აქვს. სულიკო შვენთიძე კოშკის გაყიდვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

ალფაბეტური კოშკი, მასზე მიმაგრებული 16 000კვ/მ მიწის ნაკვეთით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას სამართავად გასული წლის 27 ივნისს უზურფრუქტის წესით გადაეცა, თუმცა საჯარო რეესტრის მიხედვით, ქონების მეპატრონედ ბათუმის მერია ითვლება.

 

ბულვარის ადმინისტრაციას მერიის მიმართ კოშკთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს: “ჩვენ არ გავცნობივართ მიღება-ჩაბარების აქტებს, შესაბამისად არ ვიცით რა მდგომარეობაშია შენობა. არც მშენებლობაზე დახარჯული თანხების თაობაზე მოგვაწოდეს ინფორმაცია. თუ ჩვენს მმართველობაში დარჩება, ხომ უნდა ვიცოდეთ, რა დაჯდა მისი მშენებლობა, რომ გაქირავების ან იჯარით გაცემის შემთხვევაში ფასი განვსაზღვროთ”, – აცხადებს ბულვარის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ თავართქილაძე.

 

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, მერიამ მიმდინარე წელს არც კოშკის მოვლა-პატრონობის ხარჯები გამოყო: “ბიუჯეტში გვაქვს მხოლოდ 705 000 ლარი, რომელიც ელექტროენერგიის ხარჯებისთვის არის, სხვა ხარჯები გათვალისწინებული არ არის. კოშკში გაზის, წყლის, კონდიცირების სპეციფიკური სისტემებია დამონტაჟებული, მაგრამ ახლა ყველაფერი გათიშულია”.

 

თამარ თავართქილაძის განცხადებით, კოშკში დამონტაჟებული ლიფტებიც სპეციფიკურია, რის გამოც პრობლემაა სპეციალისტების აყვანაც: “ამ ლიფტებს ჩვეულებრივი ტექნიკოსი ვერ მოუვლის, კომპიუტერულ პროგრამებთან არის დაკავშირებული მისი მართვა. სფეროს სჭირდება დასუფთავება გარედან, რომელსაც ჩვეულებრივი დამლაგებელი ვერ დაალაგებს, მთამსვლელებია საჭირო”.

 

ამ ეტაპზე ბულვარის ადმინისტრაციის მხრიდან კოშკზე ზრუნვა დაცვის თანამშრომლების აყვანაში გამოიხატება: “ორი თანამშრომელი
ავიყვანეთ, რომ რაც არის, ისიც არ გაფუჭდეს და რაიმე არ დაიკარგოს”.

 

პროექტის თანახმად კოშკის ბოლო ნაწილში ობსერვატორია უნდა განთავსებულიყო – ამის თაობაზე არაერთხელ განაცხადა მიხეილ
სააკაშვილმაც. თუმცა, ბულვარის ადმინისტრაციაში და საკრებულოშიც ამბობენ, რომ კოშკში ობსერვატორია არ არის:

 

“რესტორანი არის წესრიგში და ტელესტუდიები. სფეროს მესამე სართულზე შეიძლება გაკეთდეს გადმოსახედი ტურისტებისთვის. ობსერვატორიაზე არაფერი ვიცი, ჩვენ არ გვინახავს,” – ამბობს თამარ თავართქილაძე.

 

ბათუმის საკრებულოს იურისტის, სულიკო შვენთიძის თქმით, ბულვარის ადმინისტრაციამ და საკრებულომ დავის შეწყვეტაზე მოილაპარაკა: “შევთანხმდით, რომ სასამართლო დავა ერთი თვით გადაიდება ან საერთოდ შეწყდება. თვის ბოლოს საკრებულოს
სხდომაა, სადაც შეიქმნება სპეციალური უწყებრივი კომისია, რომელმაც კოშკის საკითხი უნდა გადაწყვიტოს, ვის უნდა დარჩეს – მერიას თუ ბულვარის ადმინისტრაციას და როგორ უნდა იქნას კოშკი გამოყენებული, გაიყიდოს თუ რაიმე გაიხსნას. მოვლა-შენახვას დიდი თანხები სჭირდება, ამიტომ ჯობია კერძო პატრონი გამოუჩნდეს და მოვიშოროთ”.

 

ობსერვატორიასთან დაკავშირებით ინფორმაცია არც საკრებულოს იურისტს არ აქვს: “არა მგონია, იქ რაიმე ობსერვატორია იყოს. ლიფტიც კი არ მუშაობს ძლიერი ქარის გამო, ეს მერიის ქონების მართვის სამსახურმა უნდა იცოდეს, ალბათ”, – ამბობს სულიკო შვენთიძე.

 

ანბანის კოშკის მშენებლობისთვის 2011 წელს 60 მილიონი ლარი გამოიყო ბიუჯეტიდან. შარშან, ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ამ თანხას კიდევ 8, 746 მილიონი ლარი დაემატა მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის.

 

68 მილიონ ლარად ღირებული კოშკით აქამდე მხოლოდ ერთი კერძო ორგანიზაცია, “რუსთავი 2” სარგებლობდა, ყოველგვარი ხელშეკრულებისა და ფინანსური ვალდებულებების გარეშე. კერძო ტელევიზია ბათუმის ბიუჯეტის თანხით აგებული კოშკიდან პირდაპირ სატელევიზიო ჩართვას ახორციელებდა, შესაბამისად, მილიონები, რაც „ანბანის კოშკის“ მშენებლობისთვის გაიღო სახელმწიფომ, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კერძო კომპანიის განვითარებაზე აისახა.

მასალების გადაბეჭდვის წესი