ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ოკუპაციის მიუხედავად, რუსეთთან პასუხისმგებლიანი და პრაგმატული ურთიერთობები აუცილებელია

2 ოქტომბერი, 2015 • 1206
ღარიბაშვილი: ოკუპაციის მიუხედავად, რუსეთთან პასუხისმგებლიანი და პრაგმატული ურთიერთობები აუცილებელია

“სამწუხაროდ, გაეროში ჩემი წინა  გამოსვლის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა სოხუმსა და ცხინვალთან ეგრეთ წოდებულ „ინტეგრაციის შეთანხმებას“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 ოქტომბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

  

“რუსეთი განაგრძობს თავისი უკანონო კონტროლის განვრცობას საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებზე. მე ვგმობ ამ მცოცავ ანექსიას და რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას”.

 

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას ართმევენ თავისუფალი ადამიანების კუთვნილ ფუნდამენტურ უფლებებს”.

 

“ დე ფაქტო მთავრობებმა ახლახან მიიღეს დამატებითი ზომები, რომლებიც კიდევ უფრო ლახავს ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას. მიმოსვლის თავისუფლება და თავისუფალი სახელმწიფოს ძირითადი უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი, ასევე დამსხვრეულია იმედები და ოცნებები იმ ეთნიკური წმენდის ასობით ათასი მსხვერპლისა, რომელთა ერთადერთი სურვილი შინ დაბრუნებაა”.

 

დევნილებზე საუბრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლაში საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობას შეეხო და განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება არ მოხდება სუვერენიტეტის ხარჯზე:

“რუსეთის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, ჩემი მთავრობა აცნობიერებს, რომ აუცილებელია რუსეთის ფედერაციასთან პასუხისმგებლიანი და პრაგმატული ურთიერთობების ჩამოყალიბება. ამ მიზნით ჩვენ გადავდგით კონსტრუქციული და კონკრეტული ნაბიჯები რუსეთთან სავაჭრო, სატრანსპორტო, ჰუმანიტარული და ტურიზმის მიმართულებებით, ყველგან და ყოველთვის, სადაც ეს შესაძლებელი იყო.

 

ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. გამოვთქვამ იმედს, რომ რუსეთის ფედერაცია დაიწყებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ჩათვლით, და იმოქმედებს ისე, როგორც შეეფერება საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიან წევრს”.

 

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ურყევი ნებაა, რომ  კონფლიქტი გადაწყდეს მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის პრინციპების საფუძველზე.

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში სიტყვით გამოსვლისას. 01/10/2015; ფოტო – პრემიერის ადმინისტრაცია
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში სიტყვით გამოსვლისას. 01/10/2015; ფოტო – პრემიერის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი