ახალი ამბები

თბილისიმარათონი 2015

29 სექტემბერი, 2015 • 1270
თბილისიმარათონი 2015

სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ცენტრალური ქუჩები. პირველად გაიმართება 500 მეტრიანი გარბენი 6-11 წლამდე ბავშვებისთვის და 1 კილომეტრიანი გარბენი 12-15 წლამდე მოზარდებისთვის. ბავშვთა გარბენი უფასოა და ყველას „თბილისიმარათონის“ სამახსოვრო მედლები გადაეცემა. 16 წლიდან მსურველებს კი დარეგისტრირება შეეძლებათ როგორც ნახევარმარათონზე, ასევე 10 კილომენტრიან გარბენზეც. ნახევარმარათონი და 10 კილომეტრიანი გარბენი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება, შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, Mika timing-ის „Official Timekeeping and Data Processing” სისტემით მოხდება.

 

„თბილისიმარათონი“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გერმანიის საელჩოსა და ქალაქ თბილისის მერიის პატრონაჟით ტარდება. პროექტს საერთაშორისო მასშტაბით მხარდაჭერას უწევს ავსტრიული კომპანია  Sporturlaub, რომელიც „თბილისიმარათონისთვის“ სხვადასხვა ტურისტულ მომსახურებას სთავაზობს უცხოელ სტუმრებს.

 

ღონისძიების მიზანი ერთის მხრივ საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება, მეორეს მხრივ კი სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებაა. 2014 წელს „თბილისიმარათონის“ რეგისტრაციიდან შემოსული თანხა კომპანია ჰაიდელბერგცემენტმა გააორმაგა და 31 260 ლარი ბედიანის ბავშვთა ცენტრის მშენებლობასა და კეთილმოწყობას მოხმარდა. ტრადიციისამებრ, 2015 წელსაც „თბილისიმარათონი“ საქველმოქმედო ხასიათს მიიღებს და რეგისტრაციიდან შემოსული თანხა გაორმაგებული ოდენობით ააიპ რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის გაფართოებასა და არსებული პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება. 

 

“თბილისიმარათონი” წელს ოფიციალურად გაწევრიანდა მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციაში (AIMS) რაც ნიშნავს იმას, რომ თბილისიმარათონი პირველი საერთაშორისო სტატუსის მქონე ნახევარმარათონია კავკასიაში.

„თბილისიმარათონის“ წარმატება პროფესიონალი მორბენლისა და მწვრთნელის პიტერ გოთვალდის დახმარებით იქნა მიღწეული, რომელსაც აქვს საერთაშორისო მარათონების ორგანიზების საკმაოდ დიდი გამოცდილება და ასევე სპორტული ორგანიზაცია Smartrunning-ის დირექტორია.

 

„ჰაიდელბერგცემენტის“ სოციალური პროექტი „თბილისიმარათონი“ ყოველწლიურად სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, მონაწილეთა შორის არიან უცხოელი სტუმრები 30-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსი, ასევე სამთავრობო და ბიზნეს სექტორი.  „თბილისიმარათონზე“, საზოგადოების დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, 3000-ზე მეტ მონაწილეს ველით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, არამედ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც.

 

2015 წლის თბილისიმარათონის ონლაინ რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

 

დარეგისტრირება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.tbilisimarathon.ge.

თბილისის მარათონი 2015
თბილისის მარათონი 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი