ახალი ამბები

ნანა კაკაბაძე: არასრულწლოვნის თქმით, იგი სუს-მა გაიტაცა

23 სექტემბერი, 2015 • • 1387
ნანა კაკაბაძე: არასრულწლოვნის თქმით, იგი სუს-მა გაიტაცა

კაკაბაძის თქმით, ქალი, რომელმაც მათ მიმართა, ამბობს, რომ მისი შვილი სუს-მა გაიტაცა და მიიყვანა ე.წ. მოდულის შენობაში, რის შემდეგაც მას დაახლოებით 4 საათის განმავლობაში აყურებინებდნენ “ისლამური სახელმწიფოს” მიერ ადამიანებისთვის თავის მოჭრის ამსახველ კადრებს. რაც შეეხება მოტივაციას, კაკაბაძის განმარტებით, საქმე ეხება გოგონას ძმას, რომელიც ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით არის ბრალდებული და სამართალდამცველები მისგან ამ საქმის შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ. ნანა კაკაბაძის განცხადებით, იგი ესაუბრა ზემოხსენებულ გოგონასაც და ეს არის აბსურდი, რადგან ის არავითარ ინფორმაციას არ ფლობს:

“ამ გოგონას არ აქვს ხელთ იმის მტკიცებულება, რომ ის ნამდვილად სუს-ის შენობაში ჰყავდათ, რადგან ჩვენ უკვე გადავამოწმეთ და მის სახელზე საშვი გამოწერილი არ ყოფილა. თუმცა ამ გოგონამ ზუსტად იცის, რომელ სართულზე, რომელ ოთახში იყო, შეუძლია აღწეროს როგორ შევიდა იქ, რა გზა გაიარა და გამოძიება თუ დაინტერესდება, მიხვდება, რომ ის რეალურ ინფორმაციას ფლობს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით. ფიზიკურად იცის ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფერში იღებდნენ მონაწილეობას და როდესაც დასრულდა, უთხრეს კიდევაც, ჩივილს აზრი არ აქვს, რადგან შენ ვერასდროს დაამტკიცებ, რომ აქ იყავიო. საშინელ კადრებს აყურებდინებდნენ”, – აცხადებს კაკაბაძე.

 

კაკაბაძის თქმით, უკვე მიმართეს პროკურატურას საქმის შესწავლის თაობაზე, თუმცა ჯერ არავითარი გამოხმაურება არ ყოფილა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სადაც აცხადებენ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.


ინფორმაცია ზემოხსენებული საკითხის შესახებ პირველად კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი