ახალი ამბები

რუსეთის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას გეგმავს თბილისში

16 სექტემბერი, 2015 • • 1179
რუსეთის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას გეგმავს თბილისში

სესიები ვენასა და თბილისში 2016 წელს გაიმართება: “მე დავადასტურე რუსეთის დელეგაციის განზრახვა, რომ აქტიურად მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო ასამბლეის მომავალ სესიებში, რომლებიც ჯერ ვენაში გაიმართება, შემდეგ კი – თბილისში,” – განაცხადა ნარიშკინმა.

 

სააგენტო ტასს-ის ცნობით, ნარიშკინი იმედოვნებს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა უახლოეს პერიოდში მიიღებს მათ მიერ მომზადებულ რეზოლუციას პარლამენტარების წინააღმედგ სანქციების აკრძალვის შესახებ.

 

“მე შევიტანე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუციის პროექტი, რომელიც კრძალავს რაიმე ტიპის სანქციას პარლამენტარების წინააღმდეგ. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ეს რეზოლუცია განხილული და მიღებული იქნება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ,” – განუცხადა ნარიშკინმა ჟურნალისტება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ.

 

ამ კონტექსტში ნარიშკინმა გაიხსენა, რომ “ევროკავშირის და ფინელი ჩინოვნიკების ქმედებებმა არ მისცეს რუსეთის დელეგაციას მონაწილეობის საშუალება მიმდინარე წლის ივლისში ჰელსინკიში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო სესიაში”. იგივე განმეორდა ნიუ-იორკში, სადაც აშშ-ის ადმინისტრაციამ “ხელი შეუშალა რუსეთის დელეგაციის მონაწილეობას პარლამენტთაშორის კავშირის კონფერენციაში,” – განაცხადა მან.

 

რუსეთის დელეგაციამ სრული შემადგენლობით უარი თქვა ივლისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მონაწილეობაზე ჰელსინკიში, რადგან ფინეთის ხელისუფლებამ უარი უთხრა ქვეყანაში შესვლაზე ევროკავშირის “სანქცირებულ პირთა სიაში” შეყვანილ პერსონებს, პირველ რიგში კი, დუმის სპიკერ სერგეი ნარიშკინს.

 

14 სექტემბერს ევროკავშირმა სანქციები გააგრძელა რუსეთის ფედერაციის 149 მოქალაქისა და 37 ორგანიზაციის წინააღმდეგ.

სერგეი ნარიშკინი, ფოტო: რუსეთის დუმის პრესსამსახური
სერგეი ნარიშკინი, ფოტო: რუსეთის დუმის პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი