ახალი ამბები

სუპერ TV, ოპტიკური მაგისტრალი ლარსთან და “კაბელების საქმის” სხვა ახალი დეტალები

15 სექტემბერი, 2015 • • 2343
სუპერ TV, ოპტიკური მაგისტრალი ლარსთან და “კაბელების საქმის” სხვა ახალი დეტალები

გურია შენგელია შპს სპეცკავშირმშენის საპროექტო ბიუროს დირექტორია. წინა პროცესზე ჩვენება ამ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ ჭოლოკავამ მისცა. სპეცკავშირმშენის მიმართულება ამ საქმეში პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი ხაზია. ჭოლოკავას განცხადებით, კომპანია თავდაცვის სამინისტროს იმ მომსახურებას, რაც მას სილქნეტთან რამდენიმე მილიონი დაუჯდა, უფასოდ სთავაზობდა, თუმცა უწყების მაღალჩინოსნებმა მისი წინადადება არ გაითვალისწინეს.


მოწმის ჩვენება

გურია შენგელიას განცხადებით, 2013 წელს მათ დაუკავშირდა ყოფილი “აიეტის”, ამჟამად სუპერ ტვ-ის [საკაბელო ტელევიზიის კომპანია] წარმომადგენელი გოჩა ვაშაძე, რომელსაც სურდა საქართველოს ტერიტორიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალით დაქსელვა. მაგისტრალი უნდა დაწყებულიყო ლარსიდან, თბილისის გავლით გასულიყო რუსთავზე, სადაც ორად გაიყოფოდა, აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართულებით. მაგისტრალი საქართველოს მეზობელი ქვეყნების საზღვრებთან ჩერდებოდა. ეტაპობრივად იგეგმებოდა საქართველოს სხვა ტერიტორიის დაქსელვაც.

 

ამის შემდეგ, შენგელიას განმარტებით, მისი უფროსი, სპეცკავშირმშენის ხელმძღვანელი ავთანდილ ჭოლოკავა შეხვდა თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელ ირაკლი სესიაშვილს და თავისი იდეა გააცნო, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში: თუ თავდაცვის სამინისტროს დახმარებით საჭირო ტერიტორიაზე მაგისტრალის გაყვანის ნებართვებს მოიპოვებდნენ, სუპერ ტვ მზად იყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალიდან თავდაცვის უწყებისთვის სრულიად უსასყიდლოდ იმდენი წვერი დაეთმო, რამდენიც ამ უკანასკნელს დასჭირდებოდა. თუმცა, მოწმის განმარტებით, მას სუპერ ტვ-სთან წვერების კონკრეტულ რაოდენობასა და დეტალებზე არ უსაუბრია.

ამის შემდეგ, მოწმის ჩვენებით, ავთანდილ ჭოლოკავამ მას უთხრა, რომ სესიაშვილთან ერთად [რომელსაც იდეა მოეწონა] თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შეხვდა და ეს ინიციატივა პირადად გააცნო, ასევე იდეა დაუტოვა წერილობითი ფორმითაც. მისივე თქმით, ჭოლოკავამ უთხრა, რომ იგი გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ კაიშაურსაც შეხვდა.

მოწმემ სასამართლოზე განაცხადა, რომ ჭოლოკავას ზემოხსენებულ საკითხზე შეხვედრა ჰქონდა გენშტაბის ხელმძღვანელ ვახტანგ კაპანაძესთანაც.

შენგელიას განცხადებით, ზემოხსენებულ შეხვედრებზე საუბრებიდან გამომდინარე მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ თავდაცვის უწყება ზემოხსენებულ იდეას მოიწონებდა და ეს “ქვეყნისთვის მნიშნელოვანი” საქმე განხორციელდებოდა, თუმცა სამინისტროდან გამოხმაურება იგვიანებდა და ბოლოს მიუვიდათ საიდუმლო წერილი იმის შესახებ, რომ სამინისტრო 8-წვერიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შეძენისთვის აცხადებდა კონკურსს და მასში მონაწილეობის მიღების მიზნით “სპეცკავშირმშენსაც” იწვევდა.

 

მისივე მტკიცებით, ამ წერილის მიღების შემდეგ ჭოლოკავამ დაურეკა გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობის დეპარტამენტის უფროსს კაიშაურს, “რომელთანაც მეგობრული, საქმიანი” ურთიერთობები აკავშირებდა და ვითარების განმარტება სთხოვა. პასუხად კი მიიღო კაიშაუროს შემდეგი სიტყვები: “ზემოთ ასე გადაწყვიტეს”.

 

შენგელიას თქმით, საიდუმლო საკონკურსო წინადადება პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის წარდგენისთვის ძალიან ცოტა დროს აწესებდა, თუმცა მან თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე მაინც მოასწრო პროექტის შედგენა. ამასთან, ამბობს, რომ ჭოლოკავამ უთხრა, ეს იყო ფარსი და კონკურსში მონაწილეობას აზრი არ ჰქონდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ თავდაცვის სამინისტროსთან არსებული კარგი ურთიერთობების გაფუჭება არ უნდოდათ, კონკურსში მონაწილეობა მაინც გადაწყვიტეს.

 

შენგელიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში სხდომა, სადაც კონკურსის თაობაზე უნდა ემსჯელათ, ხმაურით ჩატარდა, რადგან ზოგიერთი კომპანიის წარმომადგენელი ამბობდა, რომ კონვერტი, რომელშიც მათი შეთავაზება იყო მოცემული, გახსნილი აღმოჩნდა, მაშინც როცა პირობის მიხედვით კონვერტები იქ უნდა გახსნილიყო. თუმცა შენგელიამ ვერ გაიხსენა, კონკრეტული კომპანიების კონვერტები მართლა იყო თუ არა გახსნილი. მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ სილქნეტს არა ერთი, არამედ რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა გაკეთებული, შესაბამისად მერყეობდა ამ კომპანიის მიერ დაანგარიშებული ფასიც. ყველაზე ძვირს ამ საქმიანობის განხორციელებისთვის სპეცკავშირმშენი ითხოვდა – 12 მილიონ ლარზე მეტს. მისივე თქმით, სხდომაზე ხმაურის მიუხედავად საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ კონკურსი გაეგრძელებინათ, ხოლო თავდაცვის უწყების წარმომადგენლები მათ შეპირდნენ, რომ გამარჯვებულის ვინაობას წერილობით აცნობდნენ, რაც არ გაუკეთებიათ. ამასთან, შენგელიამ დაადასტურა, რომ პირადად მას, სპეცკავშირმშენის წარმომადგენელს სხდომის ოქმში რაიმე სახის შენიშვნა არ დაუფიქსირებია. ასევე თქვა, რომ კონკურენტებს მხოლოდ ერთიმეორის მიერ დაანგარიშებული ფასები გააცნეს და არა კონკრეტული წინადადებები.


ნეტგაზეთმა სცადა შენგელიას მონათხრობის კომპანია სუპერ ტვ-ში გადამოწმება. რამდენიმე სატელეფონო საუბრის შემდეგ კომპანიაში ამ საკითხზე საბოლოოდ მათი იურისტი დაგვალაპარაკეს, რომელმაც გვითხრა, რომ ინფორმირებული არ არის.

დაცვის მხარის შეკითხვები


ე.წ კაბელების საქმე - ბრალდებულები და მათი ადვოკატები © თავისუფალი დემოკრატების პრესსამსახური
ე.წ კაბელების საქმე – ბრალდებულები და მათი ადვოკატები © თავისუფალი დემოკრატების პრესსამსახური

 

დაცვის მხარემ სხდომაზე მოწმის ნებართვით გამოაქვეყნა ძიებისთვის მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება, სადაც შენგელია კომპანია სუპერ ტვ-ის საერთოდ არ ახსენებს. როდესაც ადვოკატები დაინტერესდნენ, თუ რატომ არ ახსენა სასამართლომდე მან სუპერ ტვ, შენგელიამ უპასუხა, რომ მხოლოდ იმ შეკითხვებს გასცა პასუხი, რაც პროკურატურას ჰქონდა და სპონსორის საკითხით პროკურატურა თავის დროზე არ დაინტერესებულა.

საქმეში დევს სპეცკავშირმშენის წერილი და მემორანდუმი ზემოხსენებული პროექტის განსახორციელებლად, თუმცა არც ერთი მათგანი ოფიციალურად თავდაცვის სამინისტროში არ დარეგისტირერბულა. მოწმის თქმით, ჭოლოკავამ მას უთხრა, რომ წერილი პირადად ალასანიას დაუტოვა. დაცვის მხარის ინფორმაციით კი, ის, რომ სუპერ ტვ-იც მონაწილეობდა პროცესში, არც ამ წერილსა და მემორანდუმში წერია.

 

დაცვის მხარის შეკითხვას, რა გარანტია ჰქონდა მას, რომ პროექტი ნამდვილად განხორციელდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებამ საქმეში ვერც სპეცკავშირმშენისა და ვერც სუპერ ტვ-ის ოფიციალური მიმოწერა წარმოადგინა და ამ ტიპის გადაწყვეტილების საფუძველი მხოლოდ შენგელია-ვაშაძის საუბარი იყო, მოწმემ უპასუხა: “არანორმალურები ხომ არ იყვნენ ისინი, ვინც მას ეს შესთავაზეს.” ესეც რომ არა, მოწმის თქმით, პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო არაფერს კარგავდა.

როგორც სასამართლო სხდომაზე გაირკვა, სპეცკავშირმშენს დაშვება ჰქონდა თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო პროექტების განხორციელებაზე, თუმცა მან არ იცის, სარგებლობდა თუ არა იმავე უფლებით სუპერ ტვ, რომლის შუამავლობასაც თავდაცვის სამინისტროსთან კისრულობდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ზემოხსენებული ოტპიკურ-ბოჭკოვანი კაბელის პროექტი საიდუმლო უნდა ყოფილიყო, დაცვის მხარემ მოწმეს ჰკითხა, როგორ აპირებდა სპეცკავშრმშენის გუნდი მაგისტრალისთვის საჭირო მარშრუტებზე სხვადასხვა დაწესებულებებთან თუ კერძო პირებთან მოლაპარაკებას. მოწმემ თავდაპირველად განაცხადა, რომ ისინი თავდაცვის უწყებასთან ერთად გადაწყვეტდნენ, თუ ვინ მიმართავდა, მაგალითად, მუნიციაპლიტეტს ან მიწის კერძო მესაკუთრეს წერილობით მათ საკუთრებაში მაგისტრალის გაყვანის თაობაზე. თუმცა შემდეგ დააზუსტა, რომ მოლაპარაკებებს სპეცკავშირმშენი აწარმოებდა, თან ისე, რომ არ დაასახელებდა თავდაცვის სამინისტროს ინტერესს.

მაშინ როგორ მიიღებდა ბენეფიტებს სპეცკავშირმშენი, თუ თავდაცვის სამინისტრო ნებართვების მიღებაში არ დაეხმარებოდა? – მოწმემ განაცხადა, რომ მოლპაარაკებების დროსიტყოდა, რომ ეს ზოგადად სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე იყო. დაცვის მხარის განცხადებით კი, მას ამის გაკეთება ისედაც შეეძლო თავდაცვის სამინისტროს სახელის გამოყენების გარეშე, ასევე მათ აინტერესებდათ, რატომ სურდა სუპერ ტვ-ისა და სპეცკავშირმშენს მაგისტრალის მაინცდამაინც თავდაცვის სამინისტროსთან ერთად განხორციელება და მას შემდეგ, რაც პროექტი ჩაიშალა, რატომ არ მივიდნენ წინადადებებით სხვა უწყებებთან, მაგალითად, შსს-თან.

 

სასამართლოზე ასევე დაისვა შეკითხვა იმის შესახებ, თუ სად იქნებოდა მაგისტრალის კვების წყარო? რუსეთში თუ საქართველოში. მოწმის ინფორმაციით, კვების წყარო თბილისში იქნებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ არ იცის, სამომავლოდ იგეგმებოდა თუ არა მაგისტრალზე მეზობელი ქვეყნებიდან ოპერატორების მიერთება. ეს კითხვა მას ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაუსვა, რომელსაც აინტერესებდა, რა საჭირო იყო მაგისტრალის ლარსამდე მიყვანა, თუ პროექტის ავტორმა წინასწარვე არ იცოდა, რომ სამომავლოდ რუსეთთან დაკავშირება დასჭირდებოდა.

 

პროკურატურის ვერსიით, თავდაცვის სამინისტროს თავდაპირველი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვა გამოცხადებული ჰქონდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვაზე, თუმცა “შემდგომში ამ შესყიდვაში გამარჯვებულ კომპანიასთან, სს „სილქნეტთან“ ხელშეკრულებას აფორმებს მხოლოდ ამ მაგისტრალში არსებული კაბელის განსაზღვრული რაოდენობის წვერების შეძენაზე, რაც არსობრივად ცვლის საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის რეალურ ობიექტს”.

 

მოწმე შენგელიას განცხადებითაც, საიდუმლოს შესყიდვის პირობების მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს სწორედ მაგისტრალის შეძენა ჰქონდა განზრახული. სხდომაზე ბრალდებულების ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა მას სთხოვა თავდაცვის სამინისტროს შეთავაზებიდან წაეკითხა, კონკრეტულად რომელი წინადადება გულისხმობდ იმას, რომ თავდაცვის სამინისტროს ახალი მაგისტრალის შექმნა სურდა და არა კაბელის. მოწმემ განაცხადა, რომ მისი აზრით, ჩანაწერი კაბელი ამ შემთხვევაში მაგისტრალს გულისხმობდა.


პროკურატურისა და ადვოკატების განმარტებები

“ამ მოწმემ, ფაქტობრივად, დაცვის მხარის სასარგებლო ჩვენება მისცა, მან ვერ დააზუსტა ის, თუ რას ეხებოდა შემოთავაზება, ვერ დააზუსტა, თუ რატომ არ იქნა ის მემორანდუმი და განცხადება ოფიციალურად წარდგენილი, რომელზეც ბრალდების მხარე აპელირებს. მათ არ გააჩნდათ გეგმა.

 

თავდაცვის სამინისტროს შეთავაზებაში საუბარია კაბელის მიყვანაზე, არსად წერია, რომ ოპტიკურ- ბოჭკოვანი მაგისტრალის შეძენა სურდა უწყებას. მოწმე დაიბნა და ასეთი გამოცდილი ადამიანი კაბელს და მაგისტრალს ერთმანეთისგან ვერ არჩევს”, – ამბობს დაცვის მხარის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი.

 

საპირისპირო მოსაზრება აქვს პროკურორ ზვიად გუბელაძეს, ვისი განცხადებითაც მოწმემ დაადასტურა, რომ სპეცკავშირმშენი უფასოდ სთავაზობდა სამინისტროს იმას, რაშიც 5 მილიონზე მეტი ლარი გადაიხადეს. ასევე დაადასტურა ის, რომ 2013 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე გახსნილი კონვერტები აჩვენეს კომპანიებს და ერთიმეორის წინადადებები არ გააცნეს.

 

ნეტგაზეთის შეკითხვას, რამდენად დამაჯერებელია სპეცკავშირმშენის პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ მას არც ერთი ციფრი და კონკრეტული პარამეტრი არ წარუდგენია უწყებისთვის და უნდა წასულიყო თუ არა თავდაცვის სამინისტრო მსგავს გარიგებაზე, პროკურორი პასუხობს, რომ ეს იყო იდეა და თანხმობის შემთხვევაში კომპანიას განზრახული ჰქონდა დეტალური ხარჯთაღრიცხვის შემუშავება.


 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ 2 მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პეტრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი