საზოგადოება

ჰომოსექსუალობის “მკურნალობის” საკითხი ჯანდაცვის უწყებების კომპეტენციის მიღმა

14 სექტემბერი, 2015 • • 2663
ჰომოსექსუალობის “მკურნალობის” საკითხი ჯანდაცვის უწყებების კომპეტენციის მიღმა

ნეტგაზეთმა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართა კითხვით, რას ფიქრობს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სექსოლოგიური კლინიკა “ლიგის” ხელმძღვანელის, სექსოლოგ არჩილ ბაქრაძის “ჰომოსექსუალობის მკურნალობის” მეთოდებზე, რომელზეც ბაქრაძე თავად საუბრობს.

 

იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების სიიდან 1990 წელს ამოიღო, ჯანდაცვის სამინისტროს საექიმო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს არ აქვს პასუხი, რამდენად შეესაბამება საერთაშორისო მიდგომას საქართველოში მოქმედი კლინიკის მეთოდები, რომელიც, როგორც სექსოლოგი არჩილ ბაქრაძე ამბობს, ჰომოსექსუალების “წამკურნალებას” ითვალისწინებს.

 

“ამ ექიმს აქვს სერტიფიკატი, მაგრამ ჰომოსექსუალობის საკითხებზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ კომენტარს, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის. შეტყობინებაც არ შემოსულა ამასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ეს არის “დღიურები” და არა სამედიცინო დოკუმენტაცია”, – განუცხადეს ნეტგაზეთს სააგენტოში.

 

კითხვაზე, რის საფუძველზე გასცემს ჯანდაცვის უწყება ექიმების, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, სექსოლოგების საქმიანობის სერტიფიკატს, გვიპასუხეს, რომ სამედიცინო დიპლომისშემდგომი განათლების მიღების შემდეგ ექიმები შესაბამის გამოცდას აბარებენ და სერტიფიკატს იღებენ. მათივე განმარტებით, ეს სერტიფიკატი მუდმივია.  რაც შეეხება ლიტერატურას/მასალას, რომლითაც სერტიფიცირების მსურველი სექსოლოგები გამოცდას აბარებენ, ამაზე სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა განგვიცხადა, რომ ეს ლიტერატურა ონლაინ ხელმისაწვდომი არ არის.

 

კითხვით, მიიჩნევენ თუ არა ჰომოსექსუალობას დაავადებად და რას ფიქრობენ მისი “მკურნალობის” არჩილ ბაქრაძისეულ მეთოდებზე, ნეტგაზეთმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც მიმართა, სადაც განაცხადეს, რომ მსგავს საკითხებზე კომენტარი არც მათი კომპეტენციაა.

 

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების სიიდან  1990 წელს ამოიღო. ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ექიმებმა (მათ შორის სექსოლოგებმა და ფსიქიატრებმა) დაგროვილი პრაქტიკის და ცოდნის საფუძველზე,  დაასაბუთეს, რომ ჰომოსექსუალობისათვის ავადმყოფობის დარქმევა ყოველგვარ (მათ შორის მეცნიერულ) საფუძველსაა მოკლებული. სამწუხაროდ, საქართველოში ამ ფაქტს ჯიუტად უარყოფს ფსიქიატრების, სექსოლოგების და ფსიქოლოგების ნაწილი. ეს იმისი ბრალიცაა, რომ არც ერთ სამედიცინო კურიკულუმში არ არის ამომწურავი, თანამედროვე ინფორმაცია სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზე. ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო პირველ რიგში ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს და ამ საკითხების კურიკულუმში ადეკვატურად ასახვა დაიწყოს”, – ამბობს ნათია გვიანიშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელი.

 

რაც შეეხება უშუალოდ არჩილ ბაქრაძის მიერ მოთხრობილ ამბავს და მსგავს განცხადებებს, როგორც ის ამბობს, ძალიან სახიფათოა.

 

“იმიტომ, რომ ლგბტ ადამიანებმა ისტორიულად ძალიან ბევრი წამება გამოიარეს იმ ექიმების ხელში, რომლებსაც მათი „განკურნება“ ჰქონდათ განზრახული. „მკურნალობის“ მეთოდები მოიცავდა ყველაფერს, ფსიქოთერაპიით და მედიკამენტოზური ჩარევით დაწყებული და ელექტროშოკითა და ლობოტომიით დამთავრებული. დღეისათვის სექსოლოგია აღიარებს, რომ სექსუალური ორიენტაცია და სექსუალური ქცევა არ არის ერთი და იგივე. სექსუალური ქცევის შეცვლაც კი ძალიან რთულია და ამგვარმა „მკურნალობამ“ შეიძლება დამანგრეველი შედეგი მოიტანოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის,”- ამბობს გვიანიშვილი.

 

ის საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ექიმი სექსოლოგი- ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ჰომოფობიურადაა განწყობილი და ლგბტ ადამიანებს ისედაც არ აქვთ ოჯახის მხარდაჭერა- ცრუ იმედს უნერგავს ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ან საკუთარი ოჯახის წევრების სექსუალურ ორიენტაციას პრობლემად აღიქვამენ.

 

“ეს არაეთიკური და საზიანოა. ასეთი განცხადებების და პრაქტიკების უკან ძალიან კონკრეტული და რეალური ადამიანების დანგრეული ცხოვრება დგას ხოლმე.  საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროსთვის სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საკითხები პრიორიტეტული ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს დღესდღეობით”, – ამბობს ნათია გვიანიშვილი.

 

სექსოლოგის მონაყოლში საფრთხეებს ხედავს ფსიქოლოგი თამარ ხუბულავაც.  

 

“საშიში ტენდენციაა, როდესაც ეს ექიმი და შესაძლებელია, მისი სხვა კოლეგები იყენებენ პროფესიულ ავტორიტეტს პაციენტზე გავლენის მოსახდენად და იღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ კომპტენციას სცილდება და მეტიც, მოქმედებს ადამიანის ჭეშმარიტი ინტერესების საწინააღმდეგოდ”, – ამბობს თამარ ხუბულავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი