ახალი ამბები

1 კგ რქაწითელზე სუბსიდია 35 თეთრია, ხოლო საფერავზე – 15 თეთრი

8 სექტემბერი, 2015 • • 1253
1 კგ რქაწითელზე სუბსიდია 35 თეთრია, ხოლო საფერავზე – 15 თეთრი

სამინისტრო სუბსიდიის ზემოხსენებულ ოდენობას “არსებული კონიუნქტურის გათვალისწინებით ხსნის, რაც რეგიონში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას გულისხმობს”. 


“შარშანდელთან შედარებით ყურძნის სუბსიდის ნიშნული არ შემცირებულა. ამავე დროს, სახელმწიფო მზად არის მინიმალური საგარანტიო პირობები შექმნას და ყურძნის იმ ჭარბი სექტორის, რომელსაც კერძო კომპანიები არ მიიღებენ, ჩაბარება უზრუნველყოს. შესაბამისად, ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება. გლეხი შეძლებს ყურძნის მომგებიანად რეალიზებას”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


კახეთის საინფორმაციო ცენტრის (ICK) ინფორმაციით, დედოფლისწყაროს სოფელ სამთაწყაროში ერთ-ერთმა ღვინის კომპანიამ  მევენახეებს კილოგრამ რქაწითელში 15 თეთრი, საფერავში კი 50 თეთრი შესთავაზა, რაც სუბსიდიის ჩათვლით რქაწითელზე 50, საფერავზე კი 65 თეთრი გამოდის.


მევენახეებს ეს ფასი არ აწყობთ და ჯერჯერობით ყურძნის ჩაბარებისაგან თავს იკავებენ, გაიმართა საპროტესტო აქციაც.


სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი რთველის მიმდინარეობის საკითხებს თელავში, რთველის საორგანიზაციო შტაბში გაეცნო. მინისტრის მოადგილის განცხადებით, კახეთში ღვინის რამდენიმე კომპანიამ ყურძნის მიღება უკვე დაიწყო.


მისი თქმით, რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად და ყურძნის მოსავლის დაბინავებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მკაფიოდ განსაზღვრული სამოქმედო გეგმა აქვს.


„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ყურძენს არ ჩაიბარებს უფრო მეტ ფასად, ვიდრე კერძო სექტორი. ჩვენ ვითვალისწინებთ ორივე მხარის ინტერესს. ჩვენ ხელს არ შევუშლით ინდუსტრიის განვითარებას, სახელმწიფო არ უნდა გახდეს ადგილობრივი მეწარმეების კონკურენტი. ხელოვნურად გაზრდილი ფასები ქართული ღვინის პერსპექტივას გააუარესებს. ჩვენ პოლიტიკა არის თანმიმდევრული – სახელმწიფო ყურძენს ჩაიბარებს იმავე ფასში, რაც ბაზარზე იქნება დაფიქსირებული. სამინისტროს წინასწარი შეფასებით, ყურძნის მოთხოვნა-მიწოდების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გლეხი იქნება მომგებიან მდგომარეობაში. თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის გარემოება, რომელიც დღეს გვაქვს. 2014 წელს ღვინის ექსპორტი იყო მზარდი. 2014 წლის ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეცვალა რეალობა იმ საექსპორტო ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინო მოთხოვნადია. ჩვენ ვითვალისწინებთ მევენახეობის უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სოფლის მეურნეობაში. სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს მათი ხელშეწყობისთის. ისევე როგორც შარშან, წელსაც რთველი ორგანიზებულად ჩაივლის და წინასწარი ნეგატიური შეფასებები, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი