ახალი ამბები

ენმ ლარის კურსის გამო მთავრობის გადადგომას ითხოვს

24 აგვისტო, 2015 • • 1081
ენმ ლარის კურსის გამო მთავრობის გადადგომას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ლარის კურსი  დოლართან მიმართებაში 40%-ითაა გაუფასურებული – აქედან ზაფხულის პერიოდში ვალუტის კურსის ვარდნამ 5% შეადგინა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მოსახლეობას დაპირდა , რომ ზაფხულში ტურისტული სეზონის გამოყენებით გარკვეულწილად ლარის გამყარებას შეუწყობდნენ ხელს, პირიქით მოხდა და ლარი ამ პერიოდის განმავლობაში 5%-ით გაუფასურდა. ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა პირდაპირ აისახება მოსახლეობის გაღარიბებაზე. აღნიშნულის მიზეზი კი ხელისუფლების მხრიდან გეგმის არქონა, პროცესების არაადეკვატურად შეფასება და უუნარობაა. შემცირებულია ყველა ეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის ექსპორტი, ინვესტიციები, რაც პირდაპირ ურტყამს ლარის კურსს. იზრდება ფასები, უმუშევრობა და მოსახლეობასთან ერთად ქვეყანაც ღარიბდება.

 

რადგან ხელისუფლებას აღნიშნული პრობლემის დაძლევის გეგმა არ აქვს, პირიქით – ის ამ წლების განმავლობაში ისეთ რეგულაციებს ღებულობდა, რომლებიც ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას პირდაპირ ბლოკავდა,  ჩვენ მის გადადგომას მოვითხოვთ. ასეთი ხელისუფლება უნდა წავიდეს და არჩევნები დაინიშნოს”, – აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.  


საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 22 აგვისტოს დადგენილი ოფიციალურ გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.3336 ღირს. რაც შეეხება ევროს, ეროვნული ბანკის 22 აგვისტოს კურსით, მისი ფასი 2.6342 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი