სამართალი

მოწმის იძულებით თუ ნებაყოფლობით დაკითხვა – რა ცვლილებები შევა კანონში

10 აგვისტო, 2015 • 3007
მოწმის იძულებით თუ ნებაყოფლობით დაკითხვა – რა ცვლილებები შევა კანონში

2009 წელს მიღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამოძიების სტადიაზე მხარის შუამდგომლობით, მოწმე მხოლოდ სასამართლოში უნდა დაიკითხოს. ამ ცვლილებებს თანახმად, გამოძიების სტადიაზე მოწმე ნებაყოფლობით როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარემ გამოკითხოს. რაც შეეხება დაკითხვას, ის არ არის ნებაყოფლობითი ხასიათის და მხოლოდ კონკრეტულად განსაზღვრული გარემოებების შემთხვევაში შესაძლოა განხორციელდეს არა გამომძიებელთან, არამედ სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. 


ამ ცვლილებების ძალაში შესვლა რამდენჯერმე გადაიდო, უკანასკნელი გადადების შემდეგ კი ამოქმედების ვადად 2016 წლის 1 იანვარი ჩაიწერა. 


ამ ეტაპზე, მოწმეთა წინასასამართლო დაკითხვასთან დაკავშირებით ძალაში 1998 წლის საპროცესო კოდექსის ნორმებია. კერძოდ, დაკითხვას ატარებს გამომძიებელი, დაცვის მხარის დასწრების გარეშე. დაკითხვაზე მოწმის გამოუცხადებლობა მისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. 


საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით ფონდ “ღია საზოგდოება საქართველოს” ინიციატივით გამართულ მსჯელობაზე განაცხადა, რომ მუდმივი გადაწევის ვითარება გამოწვეული იყო იმით, რომ საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღებას პოლიტიკური, საბიუჯეტო, საფინანსო ხასიათის გადაწყვეტილებები არ მოსდევდა.


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ უკმაყოფილოა მუდმივი გადაწევის ვითარებით. მისი განცხადებით, კომიტეტის ფარგლებში იმიტომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რათა შეთანხმებულ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, თუ როგორ უნდა ამოქმედდეს ეს ყველაფერი და საკითხი კიდევ ერთხელ არ გადავადდეს. 

 


იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტი


მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით კანონპროექტი მომამზადა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ. ამ კანონპროექტის თანახმად, სხვა გამონაკლისი შემთხვევების გარდა, მოწმე მაგისტრატმა მოსამართლემ მოწმე სასამართლოში შეიძლება დაკითხოს იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოწმეს შეუძლია გამოძიებას მისცეს არსებითად მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ დანაშაულის შესახებ, რომელზედაც მიმდინარეობს გამოძიება და იგი გამოკითხვის გზით ინფორმაციის მიცემაზე უარს აცხადებს.

 

მსჯელობა მოწმეთა დაკითხვის ახალ წესზე. ფოტო-OSGF
მსჯელობა მოწმეთა დაკითხვის ახალ წესზე. ფოტო-OSGF

“რა თქმა უნდა, გამოკითხვა უნდა იყოს ძირითადი წესი, როგორც ნებაყოფილობიმთი წესი პირის თანამშრომლობისა პოლიციასთან და სხვა საგამოძიებო ორგანოებთან. მაგრამ როცა არ უნდა პირს გამოკითხვა და არ თანხმდება მას, უნდა იყოს თუ არა შანსი, არა ის, რომ სადღაც ჯურღმულში დაიბარო მოწმე და როგორც ხდებოდა ხოლმე, არამედ დაიბარო მაგისტრატ მოსამართლესთან და მისი საპროცესო გარანტიების უზრუნველყოფის გზით გარკვეული დავალდებულების გზით, ამასთანავე, მიიღო მისგან ინფორმაცია,”- განმარტავს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.

 

ამ კანონპროექტთან შენიშვნები აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს. ის ამბობს, რომ თუკი იუსტიციის სამინისტროს პროექტი ძალაში ამ სახით შევა, სასამართლოს წინაშე რესურსების პრობლემა დადგება, რადგანაც ეს ცვლილება სასამართლოსგან ახალი კადრების დამატებას მოითხოვს. შესაამისად, გვენეტაძის თქმით, აუცილებელი გახდება  ყველა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ინსტანციის დონეზე, სასამართლო კადრების უზრუნველყოფა, რომელმაც გამოძიების დროს მოწმე უნდა დაკითხოს. 

 

“პირველი საზრუნავი სასამართლო ხელისუფლებისთვის არის გამართული საკანონმდებლო კონსტრუქციები და ამავდროულად იმ რესურსით უზრუნველყოფა, რომელიც აუცილებლად მოითხოვს დამატებით შტატებს სასამართლოში, განსაკუთრებით ეს ეხება მაგისტრატი მოსამართლის პოზიციას, ამიტომ ჩვენ გვაქვს წინადადება, განხილვის ეტპაზე, როდესაც შეიძლება დაკითხვის წესი გამოძიების დროს ჩანაცვლებული იქნეს სხვა საკანონმდებლო მექანიზმების გამოყენებით,”- ამბობს ნინო გვენეტაძე.

 

ალექსანდრე ბარამიძე კი მხარეებს სთავაზობს, რომ მათ მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით წინადადებები შესთავაზონ. მისი განცხადებით, მოქწის დაკითხვაში ჩართულ პირებსმ გამომძიებლებს, პოლციიელებს, პროკურორებს და ა.შ. იშვიათად სურთ, რომ ახალი რეგულაციები ამოქმედდეს. მისივე თქმით, ეს გაცილებით უფრო რთულად დასაძლევი პრობლემაა, ვიდრე შემოთავაზებულ წესში შეჯიბრობითობის პრინციპების ნაკლებობა, რესურსების უქონლობა და ა.შ.

 

მსჯელობა მოწმეთა დაკითხვის ახალ წესზე. ფოტო-OSGF
მსჯელობა მოწმეთა დაკითხვის ახალ წესზე. ფოტო-OSGF

2016 წელს ასამოქმედებელი ცვლილებები

 

მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ წინააღმდეგია, 2016 წლისთვის ასამოქმედებელი ცვლილებები ძალაში ამ ფორმით შევიდეს.

 

“ჩვენ რეალურად დღეს გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემები ჩვენების მოპოვების და სასამართლოში ჩვენების მოპოვებისაც მათ შორის, იმ პირობებში, როდესაც გვაქვს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი ცრუ ჩვენებისთვის, ცრუ დასმენისთვის და არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისთვის. ამგვარი ბერკეტების არსებობის პირობებში, გვაქვს საქართველოში რეგიონები, სადაც სერიოზული პრობლემები გვაქვს სასამართლოში, მათ შორის ჩვენების მოპოვების,”- ამბობს ნათია მეზვრიშვილი. 

 

მეზვრიშილი ამბობს, რომ იმ პირობებშიც, როცა პირი ვალდებულია გამოძიების ეტაპზე ჩვენება მისცეს, ადამიანები მაინც არ აძლევენ ჩვენებას, რის გამოც ვერ ახორციელებენ ეფექტურ გამოძიებაა და შესაბამისად, სისხლის სამართლებრივ დევნას.

 

ადამაინის უფლეათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი გურამ იმნაძე ამბობს, რომ 2016 წელს ასამოქმედებელი ცვლილებების გადადება მიუთითებს იმაზე, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ან არ სურთ იმ ბერკეტის დათმობა რაც არის მოწმის იძულებით საგამოძიებო ორგანოებში დაკითხვა, ან არ ხდება გააზრება იმისა, თუ რამდენად მინიშვნელოვანია, არსებობდეს რეალურად შეჯიბრებითი პროცესი.

 

“უნდა ამოქმედდეს საპროცესო ნორმების ის ჩანაწერი, რომელიც უკვე გვაქვს სსსკ-ში და რომლის გადადებაც უკვე არაერთხელ მოხდა. ეს ჩანაწერები, ვფიქრობთ, რომ არის საკმაოდ მოქნილი, ნამდვილად არ გამოიწვევს სამართალდამცავი სისტემის კოლაფსს. მათ ამ ჩანაწერების ამოქმედების შემთხვევაშიც შეეძლებათ აწარმოონ ეფექტური გამოძიება, მიიყვანონ საქმეები ბოლომდე და დამნაშავეები არ დარჩნენ გარეთ. უბრალოდ ამ ჩანაწერის ამოქმედების შემთხვევაში სამართალდამცავებს არ ექნებათ ის ბერკეტი, რომელიც დღეს აქვთ, ვგულისხმობ მასიურად მოწმეებისგან იძულებით ინფორმაციის მიღება,”- ამბობს გურამ იმნაძე.


“კომპრომისული ვარიანტი”


 

პროკურატურის წარმომადგენლის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ისინი მხარს “კომპრომისულ ვარიანტს” უჭერენ.


“ჩვენ გვინდა შევთანხმდეთ ისეთ კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ გამოკითხვის ნებაყოფლობითობის პრინციპი და მეორე მხრივ, შევქმნათ ისეთი ბერკეტები, რომელიც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ სისხლის სამართალწარმოების რაღაც ეტაპზე მაინც შევძლოთ იმ პირებისგან ჩვენების მოპოვება, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას მომხდარი ფაქტის შესახებ,”- ამბობს ნათია მეზვრიშვილი.


მისივე განცხადებით, თუკი ასეთი პირები მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხებიან, მოსამართლე იქნება გარანტი იმისა, რომ გამოძიება შესაძლო არასამართლებრივ ზემოქმედებას ვერ მოახდენს მოწმეზე.


“მხარს ვუჭერთ იმ მოსაზრებას, რომ ჩვენ უნდა შევიმუშავოთ იმგვარი ფორმულირება, რომელიც გამომძიებელს არ მისცემს შესაძლელობას და ფუფუნებას იმისას, რომ ყოველი მეორე მოწმე, რომელიც უარს იტყვის გამოკითხვაზე, მიიყვანოს მაგისტრატ მოსამართლესთან და ამით გადატვირთოს სასამართლო, ასე ვთქვათ, გაიადვილოს გამომძიებელმა და პროკურორმა საქმე,”- ამბობს ნათია მეზვრიშვილი.


იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ამბობენ, რომ 2016 წელს ასამოქმედებელი ცვლილებების ძალაში შესვლა ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, ხოლო EMC-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ შემოთავაზებული ვერსია, რაც კანონპროექტის სახით არის წარმოდგენილი, მცირე დოზით აუმჯობესებს იმ ვითარებას, რაც დღეს გვაქვს.იმნაძე ასევე ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტი მთლიანად შეუსაბამობაშია და არ ეხმიანება ჩვენი საპროცესო კოდექსის ლოგიკას იმიტომ, რომ ისევ ხდება იძულების წესით მოწმეების მიყვანა.


მხარეებს იურიდიულ კომიტეტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში საკუთარი მოსაზრებების გასაგზავნად ვადა 18 აგვისტომდე აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი