ხელოვნება

პლაცებოს ბასისტის დოკუმენტურ ფილმში ქართველი აქტივისტებიც გამოჩნდებიან

3 აგვისტო, 2015 • 2129
პლაცებოს ბასისტის დოკუმენტურ ფილმში ქართველი აქტივისტებიც გამოჩნდებიან

დოკუმენტური ფილმის გადაღების იდეა სტეფან ოლსდალს ეკუთვნის. მან ფილმის გადასაღებად ჩარლი ტარგეტ ადამსი დაიქირავა, ვინც რეჟისორობს და ამონტაჟებს მასალას. ის თემები, რომელიც თბილისის ეპიზოდებში მოხვდება, პლაცებოს ბენდის წევრს საქართველოში მცხოვრებმა ბრიტანელმა, უილიამ დამბერმა შესთავაზა.


“მე და სტეფანს საერთო მეგობრები გვყავს. მე შევთავაზე რამდენიმე თემა, ასევე, ადამიანები, ვისთანაც შეხვედრა შეეძლო. უფრო მეტის თქმას მაშინ შევძლებ, როდესაც დოკუმენტურ ფილმს დაამთავრებენ და გამოუშვებენ, მაგრამ არ ვიცი ეს როდის მოხდება,” – ამბობს უილიამ დამბერი.


თბილისის ეპიზოდების გადაღებაში პარტიზანული მებაღეობის აქტივისტი ნიკა დავითაშვილიც მონაწილეობდა. პლაცებოს ბენდის წევრს ნიკამ და მისმა მეგობრებმა თბილისის სხვადასხვა ადგილი დაათვალიერებინეს. როგორც დავითაშვილი ამბობს, სტეფანის სურვილი, რომ თბილისში სოციალურ მოძრაობებზე გადაეღო ეპიზოდები, არ უკავშირდება სტიქიის დროს პლაცებოს წევრის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს.


ჩარლი ტარგეტ ადამსი, სტეფან ოლსდალი და ნიკა დავითაშვილი. ფოტო: ლიკა აგასიევა
ჩარლი ტარგეტ ადამსი, სტეფან ოლსდალი და ნიკა დავითაშვილი. ფოტო: ლიკა აგასიევა


“ისინი ეძებენ საინტერესო თემებს იმ ქალაქებში, სადაც არიან და ტურნეს განმავლობაში იღებენ ამ დოკუმენტურ ფილმს. ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში. იმ ქალაქებში, სადაც ისინი მართავენ კონცერტებს, თავიანთი ნაცნობობით ან სხვა ბრიტანელების მეშვეობით არკვევენ და ეკითხებიან მათ, თუ რა არის საინტერესო და რა ხდება ამ ქალაქში. ამ თემებიდან თუ რამე დააინტერესებთ, მერე უკვე უკავშირდებიან ამ ხალხს და იღებენ ეპიზოდებს დოკუმენტური ფილმისთვის. შესაბამისად, ეს იქნება ერთი დიდი დოკუმენტური ფილმი და არა ცალ–ცალკე ნაგლეჯები,” – ამბობს ნიკა დავითაშვილი.


მისი თქმით, დოკუმენტური ფილმი არ იქნება მხოლოდ პარტიზანულ მებაღეობაზე და ის ზოგადად სოციალური მოძრაობების თემას შეეხება:


“ზოგადად, სოციალური მოძრაობების თემას უკავშირდება ფილმი და პარტიზანი მებაღეები იქნებიან ამ ფილმის ერთ–ერთი ნაწილი. როგორც სტეფანმა მითხრა, ძირითადად, დოკუმენტური ფილმი იქნება სოციალურ პასუხისმგებლობაზე და სოციალურ მოძრაობებზე, რომლებიც ცდილობენ “Bottom Up” მიდგომის დამკვიდრებას თავის ქალაქებში და ქვეყნებში. ანუ, როდესაც ქვემოდან მოდის ცვლილება და არა – მთავრობიდან.”


პარტიზანი მებაღეების ფოტო სტეფან ოლსდალთან.
პარტიზანი მებაღეების ფოტო სტეფან ოლსდალთან.


როგორც ნიკამ გვითხრა, ფილმის გადაღების პროცესი დაახლოებით 4–5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მისი თქმით, სტეფანის და მისი რეჟისორის მიერ სხვადასხვა ქალაქებში გადაღებული ეპიზოდები არ გამოქვეყნდება მანამ, სანამ არ დამონტაჟდება ერთი დიდი დოკუმენტური ფილმი.


პარტიზანი მებაღეების სელფი პლაცებოს ბასისტთან. ფოტოზე: ლიკა აგასიევა, ელენე მალაშევსკი-ჯაყელი და სტეფან ოლსდალი.
პარტიზანი მებაღეების სელფი პლაცებოს ბასისტთან. ფოტოზე: ლიკა აგასიევა, ელენე მალაშევსკი-ჯაყელი და სტეფან ოლსდალი.


ჯგუფ პლაცებოს ბასისტმა, სტეფან ოლსდალმა, 14 ივნისს სოციალურ ქსელ ინსტაგრამში ბეჰემოტის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “ეს არის თავისუფალი ბეჰემოტი თბილისის ქუჩებში. პლაცებო იქ დაუკრავს რამდენიმე კვირაში. ერთი სული მაქვს, როდის შევუერთდები ცირკს”. მოგვიანებით სტეფანმა ფოტო წაშალა და მის ნაცვლად ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომლის აღწერაშიც მან ბოდიში მოიხადა და საკუთარი საქციელი განმარტა.


ინგლისური ბენდმა, რომელიც Tbilisi Open Air 2015-ის ერთ–ერთი მთავარი ჰედლაინერი იყო, ფესტივალიდან მიღებული ჰონორარი თბილისში 13–14 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა ფონდში გადარიცხა. Placebo–მ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად $39 974 ჩარიცხა. აღნიშნული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებ–გვერდ Indiegogo-ზე, სადაც დაზარალებულთა დასახმარებლად ანგარიშია გახსნილი.


“რა ჯანდაბაც გინდათ, ის დამიძახეთ,” – ასე გაეცნო ცნობილი ინგლისური როკ-ბენდის Placebo-ს სოლისტი ბრაიან მოლკო Tbilisi Open air–ზე შეკრებილ მსმენელს. წლევანდელი ფესტივალის მთავარი ჰედლაინერი ბენდი თბილისში დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ასრულებდა უკვე კარგად ნაცნობ კომპოზიციებს. მათ შორის ისეთ სიმღერებებს, როგორებიცაა: Every you and Every me, Running Up the Hill, Meds, The Bitter End და ბევრი სხვა.


Placebo ინგლისური ალტერნატიული როკ-ბენდია, რომელიც 1994 წელს ბრაიან მოლკომ და სტეფან ოლსდალმა ჩამოაყალიბეს. ამ დროის განმავლობაში ბენდმა 7 სტუდიური ალბომი ჩაწერა. ყოველი მათგანი ბრიტანეთის წლის საუკეთესო ალბომების ტოპ 20-ულში მოხვდა. დღემდე მათ 11 მილიონი ჩანაწერის გაყიდვა შეძლეს. ბენდი ცნობილია თავისი გამორჩეული სტილით. Placebo თბილისში პირველად იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი