ახალი ამბები

საბანკო ზედამხედველობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციმ ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა

30 ივლისი, 2015 • • 971
საბანკო ზედამხედველობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციმ ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა

„საქართველოს პრეზიდენტის დავალებით მომზადდა მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის თანახმად და ეფექტური კონსულტაციების უზრუნველყოფის მიზნით წარედგინა ევროკავშირსა და ამავდროულად, ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს. დღეისათვის როგორც ევროკავშირიდან, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან უკვე მიღებულია და კანონპროექტში თითქმის სრულად გათალისწინებულია ტექნიკური ხასიათის შენიშვნები“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.


როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები მსოფლიო ბანკთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით:


„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ევროკავშირიდან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ეს კანონპროექტი ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადია და შემოთავაზებული ცვლილებები მიზნად ისახავს არსებული სისტემის დამოუკიდებლობისა და მმართველობის გაძლიერებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიღბულ წერილში კი აღნიშნულია, რომ ფონდი არ არის შემოთავაზებული ცვლილებების წინააღმდეგი, რადგან აღნიშნულის შესაბამისად საფინანსო ზედამხედველობა რჩება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, რაც თავსებადია ფონდის მიერ საქართველოს ხელისუფლებისათვის მიცემულ რჩევებთან. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ თვენახევრის წინ რამდენიმე წამყვანმა საერთაშორისო საფინასო ინსტიტუტმა – ოთხმა ორგანიზაციამ, ძალიან ნეგატიურად შეაფასა ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის საკითხი, ხოლო გუშინ, 2015 წლის 29 ივლისს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე კომენტირებისას საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავდა, რომ მიუხედავად ბევრი შენიშვნის გათვალისწინებისა მოუგვარებელი დარჩა ფუნდამენტური საკითხები და ამ პირობების შეუსრულებლობამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რაც შეუთავსებელი იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიზნებთან და გაართულებს მორიგი პროგრამის წარმატებით მიმოხილვას. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპორექტი, უკეთეს თავსებადობაში მოდის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოზიციებთან, ასოცირების დღის წესრიგის თანახმად სრულად ასახავს ევროპის საუკეთესო პრაქტიკას, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი მხრივ ძლიერდება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, ხოლო მეორე მხრივ, რჩება რა საბანკო ზედამხედველობა ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, ეროვნულ ბანკს ეძლევა შესაძლებლობა უფრო ეფექტიანად განახორციელოს საბანკო ზედამხედველობის პოლიტიკა“, – განმარტა საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა.


იმისათვის, რომ ზემოხსენებული ალტერნატიული კანონპროექტი პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინოს, მან უკვე მიღებულ კნაონს ვეტო უნდა დაადოს. ამისათვის მას 2 დღე აქვს. კანონზე ვეტოს დადების მიზეზს ვერ ხედავენ მთავრობაში, სადაც აცხადებენ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დამატებით წინადადებებს შემოდგომაზე ისედაც გაითვალისწინებენ:


“პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ წარმოდგენილი დამატებითი შენიშვნების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებული იქნას და სექტმებერში, როდესაც სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი შედგება საქართველოში, დამატებითი ინიცირებით იქნას პარლამენტში გათვალისწინებული სავალუტო ფონდის  შენიშვნები. შესაბამიას იმის მიზეზს, რომ რაიმე ახალი პროცესი იქნას დაწყებული, მიზანშეუწონლად მიმაჩნია. ვეტოს დადების მიზეზს ვერ ვხედავთ”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი