ახალი ამბები

სამინისტრო: შალვა აბულაძე ტანსაცმელსა და ჰიგიენურ საშუალებებზე უარს აცხადებს

29 ივლისი, 2015 • 1377
სამინისტრო: შალვა აბულაძე ტანსაცმელსა და ჰიგიენურ საშუალებებზე უარს აცხადებს

სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, ასევე სინამდვილეს არ შეესაბამება აბულაძის ადვოკატის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ტანსაცმლის არქონის გამო ვერ ცხადდება სასამართლო პროცესებზე, განიცდის ფიზიკურ ზეწოლასა და იმყოფება  არაადამიანურ პირობებში.

 

“აღსანიშნავია, რომ  ბრალდებული შ. ა. N7 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსვლის დღიდან უარს აცხადებს სასეირნო ეზოში გასვლასა და აბანოთი სარგებლობაზე. ასევე,  არ იღებს დაწესებულების თანამშრომლების მიერ შეთავაზებულ ჰიგიენურ საშუალებებს. მიუხედავად იმისა, რომ მას ადმინისტრაციის მხრიდან არაერთხელ შეეთავაზა სპეციალური ტანსაცმელი, ბრალდებული ტანსაცმლის არქონის მოტივით ადვოკატთან შეხვედრებსა და სასამართლო პროცესებზე სიარულზე უარს აცხადებს,”– ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

 

ასევე, განცხადებაში სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ აბულაძის მიმართ რაიმე სახის ზეწოლის ფაქტს. 

 

 

გარდა ამისა, სამინისტრო აცხადებს, რომ აბულაძემ N7 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას, მიუხედავად გაფრთხილებებისა,  არაერთხელ დაარღვია რეჟიმი; ამიტომაც მის მიმართ ადმინისტრაციამ მის მიმართ დისციპლინური სახდელები გამოიყენა. კერძოდ, უწყების განცხადებით, 2015 წლის აპრილში ბრალდებულს 2 თვით შეეზღუდა ამანათისა და გზავნილის მიღებისა და მაღაზიით სარგებლობის  უფლება; 2015 წლის ივნისში, რეჟიმის განმეორებით დარღვევის  გამო, ბრალდებულს ამანათისა და გზავნილის მიღების უფლება ხელმეორედ შეეზღუდა.


შალვა აბულაძე სამართალდამცავებმა 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს. სპეცოპერაცია ბორჯომში, არდაგნის დასახლებაში ჩატარდა. შალვა აბულაძე იძებნებოდა პოლიციელების – გიორგი ბერუაშვილის და ბექა მარგიშვილის მკვლელობის ბრალდებით, გიორგი მახარაშვილის და ვალერიან გრძელიშვილის დაჭრის ბრალდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი