ახალი ამბები

აქციის “არა პანორამას” მონაწილეების ნაწილს სასამართლომ ჯარიმები დააკისრა

23 ივლისი, 2015 • • 1479
აქციის “არა პანორამას” მონაწილეების ნაწილს სასამართლომ ჯარიმები დააკისრა

აქცია “არა პანორამას” კვირას გაიმართა, რომლის მონაწილეების ნაწილი პოლიციამ დააკავა, რადგან მათ თან ჰქონდათ პლაკატები, წარწერებით, რომელიც უცენზურო სიტყვას შეიცავდა.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია მოპასუხე მხარე.  

 

დაკავებულთა ადვოკატი, საიას იურისტი ნონა ქურდოვანიძე დღევანდელი პროცესის დაწყებამდე აცხადებდა:

 

“დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით გვაქვს მილოდინი, რომ სასამართლო იტყვის, რომ გამოხატვის თავისუფლება არსებობს ამ ქვეყანაში, დაცულია ეს უფლება და თუ ეს ასეა, მაშინ არ უნდა ჩაითვალოს ის გამოხატვის ფორმა, რომელსაც ადგილი ქონდა 19 ივლისს, არ უნდა ჩაითვალოს წვრილმან ხულიგნობად. ვფიქრობ, რომ სასამართლო არ გამოიყენებს სანქციას და შეწყვეტს საქმეს, ვინაიდან არ დადასტურდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტები”.

 

ქურდოვანიძის თქმით, პროცესზე სასამართლომ მოისმინა არგუმენტები და გამოიკვლია მტკიცებულებები. მისი განცხადებით, ეს მტკიცებულებები მიუთითებს, რომ არ დგინდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და, შესაბამისად, არ უნდა იქნას გამოყენებული სანქცია. ამის მიუხედავად, სასამართლომ დაკავებულთა ნაწილის მიმართ სანქციები გამოიყენა.

 

პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ:

 

“დღევანდელი გადაწყვეტილება არის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ის სტანდარტი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებობს, არა მხოლოდ ძალიან დაბლა დაწია, ზოგადად, ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ თქვა, რომ გამოხატვის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს, ეს უფლება გააუქმა, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ გავასაჩივრებთ. ეს ადამიანები დაჯარიმდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ეკავათ ხელში პლაკატი, რაც იყო გამოხატვის თავისუფლება და ამის გამო დაჯარიმება არ არის კანონიერი გადაწყვეტილება,”-ამბობს ადვოკატი.

 

ნონა ქურდოვანიძის განმარტებით, 3 ადამიანის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება იმიტომ შეწყდა, რომ პოლიციამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ მათ ხელში პლაკატი ეჭირათ.

 

თბილისის საკრებულოსთან პროექტ “პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციის დაწყებიდან დაახლოებით 20 წუთში სამართალდამცავებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიგა მაქარაშვილი დააკავეს. საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებმა მაქარაშვილის დაკავება მისსავე პლაკატზე არსებულ წარწერას დაუკავშირეს და სოლიდარობის ნიშნად ფურცლებზე მათაც იგივე წარწერა გააკეთეს.

 

 

 

სამართალდამცავები მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს, რომ აღნიშნული წარწერა დაემალათ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ. ამის შემდეგ პოლიციელებმა აქციის სხვა მონაწილეებიც დააკავეს. გიგა მაქარაშვილის შემდეგ, პოლიციამ ჯერ ნატა ფერაძე დააკავა. სოლიდარობის ნიშნად ნატა ფერაძესთან ერთად, პოლიციას კიდევ ერთი პარტიზანი მებაღე, ვახტანგ ქარელი თავისი ნებით გაჰყვა. ამის შემდეგ პოლიციამ კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავა: ირაკლი მგალობლიშვილი, ალექსანდრე გიორგაძე, მარიამ ნანობაშვილი, ელენე მალაშევსკი, კონსტანტინე ჩაჩანიძე, ბესიკ კალაძე და ანა მამულაშვილი. სულ ბოლოს სამართალდამცავებმა ტაბულას ფოტოგრაფი, ალექსანდრე გიორგაძე დააკავეს.

 

 

 

შსს–ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 10 პირიდან 8 166–ე მუხლით აიყვანეს, რაც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს; ერთ–ერთს 166–ე და 45–ე მუხლები აქვს წაყენებული, რაც წვრილმანი ხულიგნობის გარდა ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვას, ან მოხმარებას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, ტაბულას ფოტოგრაფი, ალექსანდრე გიორგაძე 166–ე და 173–ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

არა პანორამას აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესის დაწყებამდე
არა პანორამას აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესის დაწყებამდე

მასალების გადაბეჭდვის წესი