ახალი ამბები

საია “არა პანორამას” მონაწილეთა დაკავებას გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად აფასებს

19 ივლისი, 2015 • 1117
საია “არა პანორამას” მონაწილეთა დაკავებას გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად აფასებს

“იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც ვიცი, აქცია მიმდინარეობდა მშვიდობიანად, ამ ადმიანების მხრიდან არანაირ ძალადობას, ან ძალადობისკენ მოწოდებას არ ქონია ადგილი. შესაბამისად, მე ამ ფაქტებზე დაყრდნობით ვერ ვხედავ ვერანაირ სამართალდარღვევის ნიშნებს ვერც ერთი ამ ადმიანის ქმედებაში. ამიტომ ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ ჩარევას აქვს ადგილი მათ შორის, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფელბაში,”– ამბობს ანა ნაცვლიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას. 

 

შსს–ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, 10 დაკავებულიდან 8–ს 166–ე მუხლი აქვს, რაც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს; ერთ–ერთს აქვს წაყენებული 166–ე და 45–ე მუხლები, რაც წვრილმანი ხულიგნობის გარდა ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვას, ან მოხმარებას გულისხმობს; “ტაბულას” ფოტორეპორტიორი, ალექსანდრე გიორგაძე კი 166–ე და 173–ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

 

თავდაპირველად სამართალდამცავებმა აქციის მონაწილე, გიგა მაქარაშვილი დააკავეს. აქციის სხვა მონაწილეებმა მაქარაშვილის დაკავება მისსავე პლაკატზე არსებულ წარწერას დაუკავშირეს და სოლიდარობის ნიშნად ფურცლებზე მათაც იგივე წარწერა გააკეთეს. სამართალდამცავები მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს, რომ აღნიშნული წარწერა დაემალათ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ. ამის შემდეგ პოლიციელებმა აქციის სხვა მონაწილეებიც დააკავეს.

 

“სიტყვის თავისუფლება იცავს მათ შორის ისეთ გამონათქვამებს, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის უცენზურო. ამიტომ ამ შემთხვევაში ყოველგვარ სამართალდარღვევაზე საუბარი არის უადგილო და სამართლებრივად არასწორი. სიტყვის თავისუფლება არის ძალიან დიდი სიკეთე, რომელიც დაცულია კონსტიტუციით და თუ მასში ამ ტიპის ჩარევა განხოცრიელდება, ეს იქნება აღნიშნული უფლების დარღვევა.

 

ძალიან ცალსახად არის გაცხადებული იგივე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სხვა საერთაშორისო სტანდარტებით, რომ სიტყვის თავისუფლება სწორედ ისეთ გამოხატვას იცავს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული პირების, ჯგუფების ან საზოგაოდების ნაწილის გაღიზიანება, აღშფოთება, მათ გემოვნებასთან არ მოვიდეს თანხვედრაში, სწორედ ასეთ გამოხატვას იცავს მათ შორის სიტყვის თავისუფლება. თორემ მარტო იმ გამოხატვას თუ დაიცავს, რომელიც ყველასთვის მისაღებია, აქ დასაცავიც არაფერი არ იქნება იმიტომ, რომ ასეთ გამოხატვას არ სჭირდება ზოგადად დაცვა, თუ მას ყველა ეთანხმება. მაგრამ საზოგადოებაში ასე არ ხდება. ადამიანებს აქვთ უფლება, რომ მათთვის მისაღები ფორმით, მანამ, სანამ ეს არ გულისხმობს ძალადობას, არ ქმნის ძალადობის მყისიერ რისკს და ა.შ., მათთვის მისაღები სიტყვებით და ფორმით გამოხატონ აზრი. სხვა ადამიანებს აქვთ უფლება, ეს შეაფასონ როგორც უცენზურო, ან ა.შ, მაგრამ სახელმწიფოს კანონის სახელით არ აქვს უფლება, რომ ასეთი გამოხატვა შეზღუდოს,”– ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

პირველად სამართალდამცავებმა აქციის მონაწილე გიგა მაქარაშვილი დააკავეს. 19.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
პირველად სამართალდამცავებმა აქციის მონაწილე გიგა მაქარაშვილი დააკავეს. 19.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პარტიზანული მებაღეობის აქტივისტის, ნატა ფერაძის დაკავება ტრანსფარატზე გაკეთებული წარწერის გამო. ფოტო – ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე
პარტიზანული მებაღეობის აქტივისტის, ნატა ფერაძის დაკავება ტრანსფარატზე გაკეთებული წარწერის გამო. ფოტო – ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

აქცია
აქცია ‘პაNOრამას’ კიდევ ერთი მონაწილე, რომელიც ტრანსფარატზე გაკეთებული წარწერის გამო დააკავეს. 19.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი