ახალი ამბები

ზაქარეიშვილი: სამი წელია კბილებით ვაჩერებთ და ომს არ ვუშვებთ

17 ივლისი, 2015 • • 1277
ზაქარეიშვილი: სამი წელია კბილებით ვაჩერებთ და ომს არ ვუშვებთ

“მეშვიდე წელიწადი ხდება რაც ხდება ეს ყველაფერი და დიდება უფალს, რომ დღეს ხელისუფლებაში არ არის “ნაციონალური მოძრაობა”, სხვა შემთხვევაში, არ ვიცი, დღეს თბილისში რა შეიძლება მომხდარიყო. ეს სწორედ ის ორჭოსანია, რომელიც მაშინ ეკა ზღულაძემ რუსებს ჩააბარა. იქ დაგვიყენეს დღეს რუსებმა პროვოკაციის მიზნით იგივე ბანერი, რომელიც არის სწორედ იმ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ შემოუფარგლა და გადააბარა რუსეთს. ჩვენს ხელისუფლებას ერთი მტკაველი მიწა არ დაუკარგავს ჯერ, ერთი ადამიანი არ დაუკარგავს, ერთი დევნილი არ გვყავს და ერთი სოფელი და ქალაქი არ დაგვიკარგავს”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია “იმედზე” ინგა გრიგოლიას გადაცემაში “რეაქცია”. 

 

მინისტრის თქმით, ოკუპაციის ხაზი, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით არის დადგენილი, “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაადგინა და როდესაც ხელისუფლების მიმართ ბრალდებები ისმის,  მას თავის მართლების რეჟიმში უწევს განცხადებების გაკეთება.

 

“ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ამ ჩარჩოებიდან არ გამოვიდეს. ის ცოდვები, რაც ჩვენზე გადმოდის, დიდი ხანია მოხდა. ჩვენ ამას არ ვამრავლებთ და არ ხდება ამის ესკალაცია”. 

 

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერ დადებით ნაბიჯზე [მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ახალგაზრდული ოლიმპიადა] პასუხია მავთულხლართები და ბანერები.

 

“ნახეთ, როგორ საშინლად იქცევა რუსეთი უკრაინაში და ჩვენ აქ მათ მარტო ბანერები და მავთულხლართები დავუტოვეთ იმ ტერიტორიაზე, რომელიც უკვე ოკუპირებულია. აქეთ ცხვირს ვერ ყოფენ. სამი წელია კბილებით ვაჩერებთ და ომს არ ვუშვებთ, რაც სხვა ხელისუფლებებმა ვერ აიცილეს თავიდან. არ მივყვებით პროვოკაციაში”, – განაცხადა მინისტრმა.


11 ივლისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი