ახალი ამბები

პრეზიდენტმა შსს–დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

15 ივლისი, 2015 • 1276
პრეზიდენტმა შსს–დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

“ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს კანონი არის საწყისი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯი და რეფორმები უახლოეს მომავალში სწრაფად და კარგად გააზრებულად უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ დღეს, 15 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

 

კოჟორიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის აღნიშნავდა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის სამართალდამცავი ორგანოების და მოცემულ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკითხს. მისივე განცხადებით, ქვეყნის პირველი პირი ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ აღნიშნული რეფორმა ქვეყნისთვის გადაუდებელი ინტერესის მქონეა და აუცილებელია, მისი როგორც დროულად, ასევე  გააზრებულად განხორციელება და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვეტოს ორგზის გამოყენება ე.წ. მოსმენების კანონპროექტებთან დაკავშირებით.

 

გიორგი მარგველაშვილი. ფოტო – პრეზიდენტის Facebook გვერდიდან
გიორგი მარგველაშვილი. ფოტო – პრეზიდენტის Facebook გვერდიდან

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ შსს–დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას მიესალმებიან, თუმცა პრობლემები კვლავ რჩება. ასეთ პრობლემებად არასამთავრობოები შემდეგ საკითხებს ასახელებენ: ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაცია, ფუნქციების ბუნდოვანება და დუბლირება; საერთაშორისო პრინციპებთან შეუსაბამობა; უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჭარბი უფლებამოსილების ქონა; გამჭვირვალობის დაბალი სტანდარტი; სუსტი გარე კონტროლი; უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის საბჭოური ელემენტების შებარჩუნება; ფარული თვალთვალის და მიყურადების პრობლემა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შსს–ს რეფორმირებასთან დაკავშირებით გავრცელებული შენიშვნები დასაბუთებასა და ობიექტურობას მოკლებულია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი