ახალი ამბები

პრემიერი: მოგვიწევს ვაკე–საბურთალოს გზის აღდგენა სექტემბრამდე მოვასწროთ

19 ივნისი, 2015 • 1125
პრემიერი: მოგვიწევს ვაკე–საბურთალოს გზის აღდგენა სექტემბრამდე მოვასწროთ

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, მან მერიას მისცა დავალება, რომ უახლოეს 3–4 დღეში წარმოედგინათ ალტერნატიული ხედვა, თუკი არ აღადგენდნენ ვაკე–საბურთალოს გზას, როგორ გადაგეგმარდებოდა ტრანსპორტის მოძრაობა თბილისში.

 

“ამის გაკეთება ალბათ ძალიან რთული იქნება, ვინაიდან მოცემულობა არის ის, რაც არის. ქალაქში ძალიან ბევრი მანქანა არის და ამ მანქანების შემცირებას ჩვენ ხელოვნურად ვერ დავიწყებთ და ვერ ვეტყვით ადამიანებს, რომ მანქანების გარეშე იარონ. მეორე მხრივ, სხვა დამატებით გზებს ვერ გავაჩენთ, ანუ რეალისტები უნდა ვიყოთ და ძალიან პრაგმატულად უნდა ვიფიქროთ,”– აცხადებს პრემიერი. 

 

ღარიბაშვილის განცხადებით, თუ მერია უახლოეს პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობის ალტერნატიულ ხედვას ვერ წარმოადგენს, რადგანაც ფიზიკურად შეიძლება ეს ვერ მოესწროს, მაშინ ხელისუფლება იძულებული გახდება, ვაკე-საბურთალოს გზა არსებული სახით აღადგინონ. 

 

“ეს იქნება დროებითი. რომც დავიწყოთ ჩვენ ამ გზის გადაგეგმარება და სხვა ბევრად უსაფრთხო კონფიგურაციის შემოთავაზება, ჩვენ ამას ფიზიკურად დროში ვერ განვახორციელებთ,”– განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მისი თქმით, შესაძლოა გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას 2 წლამდე დრო დაჭირდეს, რადგან რთულ კონსტრუქციებზეა საუბარი. 

 

პრემიერის განცხადებით, საუბარია ნახევარი საუკუნის წინ დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ის გულისხმობს პირველ გვირაბს, რომელიც ვაკე–საბურთალოს გზაზე გაკეთდა, ამის შემდეგ კი იმ გვირაბებს, რომლებიც წინა ხელისუფლებამ ააშენა.

 

“ამას ჭირდება დიდი დრო და ამას ჭირდება დიდი თანხები. ჩვენ მოგვიწევს, იძულებული გავხდებით, ამ გზის აღდგენა მოვასწროთ სექტემბრამდე,”– აცხადებს პრემიერი. 

 

პრემიერის განცხადებით, ის პირველი და აუცილებელი სამუშაოები, რომლებიც მთავრობამ უნდა შეასრულოს, არის ვერის ხეობის 30–კილომეტრიან მონაკვეთზე განგაშის სისტემების დამონტაჟება; ასევე მდინარე ვერეს კალაპოტში რამდენიმე ბარიერის მონტაჟი, რაც, პრემიერის განცხადებით, 3 მილიონი დაჯდება. გარდა ამისა, პრემიერი აცხადებს, რომ იგეგმება ამ პერიმეტრზე ნალექიანობის გამზომი აპარატურის განთავსება და ვერეს ხეობაში მოსახლეობის განსახლების გეგმის დაწყება. 

 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

თბილისში 13 ივნისს ღამით მომხდარ სტიქიას, დღევანდელი მონაცემებით, 19 ადამიანი შეეწირა, 3 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს მიაღწევს. 

 

დაიტბორა თბილისის ზოოპარკიც. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი გაიქცა. გაქცეულ ცხოველთაგან ნაწილი უკან დააბრუნეს, ნაწილი კი – მოკლეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი