ახალი ამბები

“13 ივნისის” “ფეისბუკის” გვერდის აღდგენაში იუსტიციის სამინისტრო ჩაერთო

18 ივნისი, 2015 • • 1424
“13 ივნისის” “ფეისბუკის” გვერდის აღდგენაში იუსტიციის სამინისტრო ჩაერთო

იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს განცხადებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი CERT.GOV.GE აქტიურად ჩაერთო მოხალისეთა გაერთიანება “13ივნისის „ფეისბუქის“ გვერდების დაბლოკვის საკითხთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის მონიტორინგში და შესაბამისი გვერდების ადმინისტრატორებს კონსულტაციებს უწევს.

CERT.GOV.GE ჯგუფი დაუკავშირდა საერთაშორისო ორგანიზაცია “FIRST“-ს, რომელიც წარმოადგენს კიბერინციდენტებზე რეაგირებისა და უსაფრთხოების ჯგუფების ფორუმს. მათი დახმარებით შესაძლებელი გახდა „ფეისბუქის“ შესაბამის სტრუქტურებთან დამაკავშირებელი არხების მოძიება და დაბლოკილი გვერდების ადმინისტრატორებს მიეცათ რეკომენდაცია, თუ რა ტიპის ინფორმაცია უნდა მიაწოდონ „ფეისბუქს“ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

„ასეთ შემთხვევებში „ფეისბუქის“ ადმინისტრაცია არ იძლევა ინფორმაციას, თუ რა გახდა ამა თუ იმ გვერდის დაბლოკვის მიზეზი. ამისათვის საჭიროა იმ სამთავრობო უწყების ოფიციალური მიმართვა, რომელსაც საგამოძიებო პროცედურების ჩატარების უფლებამოსილება აქვს. რაც შეეხება CERT.GOV.GE-ს, ჩვენ მყისიერად დავუკავშირდით საერთაშორისო პარტნიორებს, ჩავაყენეთ საქმის კურსში და დაბლოკილი გვერდების ადმინისტრატორებს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ტიპის კომუნიკაცია უნდა დაამყარონ სოციალური ქსელის ადმინისტრაციასთან, რათა მოხდეს აღნიშნული გვერდების აღდგენა“, – ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

 

“13ივნისის მოხალისეთა ჯგუფის „ფეისბუქის“ გვერდები სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ დაბლოკა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, აღნიშნული გვერდების ე.წ. დარეპორტებაა, რაც გულისხმობს სოციალური ქსელის ადმინისტრაციისთვის ინფორმაციის მიწოდებას ყალბი გვერდის არსებობის შესახებ, რომელიც ცრუ და მავნე ინფორმაციას ავრცელებს.

 

შსს-ს განცხადებით, „13 ივნისისა“ და ამავე ჯგუფის ადმინისტრატორების ფეისბუქ-გვერდების გაუქმებასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

იუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი