ახალი ამბები

ნანუაშვილი: საგანგაშოა წყალდიდობისა თუ მეწყრული პროცესების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი

15 ივნისი, 2015 • • 974
ნანუაშვილი: საგანგაშოა წყალდიდობისა თუ მეწყრული პროცესების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი

”არსებული ინფორმაციით, სტიქიისაგან დაზარალებულ მოსახლეობას მიადგა ძლიერი მატერიალური ზარალი. რამდენიმე ოჯახი საერთოდ უსახლკაროდ დარჩა. მძიმე შედეგები მოყვა სტიქიას თბილისის ზოოპარკისთვისაც. რთულ ვითარებაშია ქალაქის ინფრასტრუქტურის ნაწილი. მისასალმებელია სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა უწყებების კოორდინირებული და მყისიერი რეაგირება მომხდარ მოვლენებზე. ამ რთულ ვითარებაში, პირველ რიგში, დროულად უნდა მოხდეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია, ხოლო დაზარალებულ ოჯახებს გაეწიოთ სათანადო დახმარება”- ნათქვამია განცახდებაში.

 

სახალხო დამცველის განცახდებით, უნდა გაგრძელდეს ზოოპარკს გარეთ დარჩენილი ცხოველების იდენტიფიცირება და შესაძლებლობის ფარგლებში მათი უვნებელი დაბრუნება ზოოპარკში;

 

”ყველა ამ მიმართულებით კოორდინირებული ძალისხმევა არსებითი მნიშვნელობისაა. საქართველოს სახალხო დამცველი დააკვირდება აღნიშნულ პროცესს, მის ხელთ არსებული საშუალებებით. აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა და დროულად დადგინდეს მომხდარი სტიქიური უბედურების გამომწვევი ზუსტი მიზეზები. სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით უნდა მოხდეს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა, რათა არ იქნეს გამეორებული იგივე შეცდომები, თუ დადასტურდება მათი არსებობა. შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით უნდა დადგინდეს, თუ რამდენად უზრუნველყოფს ვერეს ხეობის წყალგამტარი მილები უხვი ნალექების შედეგად ადიდებული მდინარის გამტარიანობას, რათა გამოირიცხოს მსგავსი ტრაგედიის მომავალში განმეორება. მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს ასეთი მოვლენების მაქსიმალური პრევენციისაკენ, ხოლო ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს გრძელვადიანი შედეგების გათვალისწინებით. ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადებისას გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რასაც სახალხო დამცველის მიერ ერაერთხელ იქნა ხაზგასმული ბოლო ორი წლის განმავლობაში. განსაკუთრებული განხილვის საგანი უნდა გახდეს ქალაქგეგმარების პროცესი, დაგეგმილი მშენებლობები, სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები და მათი გარემოზე ზემოქმედების შეფასება. მხედველობაში უნდა იყოს მიღებული შესაბამისი სფეროს სპეციალისტების მოსაზრებები. სახალხო დამცველს ამ საკითხებზე მანამდეც არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება” 

 

სახალხო დამცველი იმედს გამოვთქვამს, რომ ამ მიმართულებით აღნიშნული სამწუხარო მოვლენა გარდამტეხი აღმოჩდება:

 

”ფაქტია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საგანგაშოა წყალდიდობისა თუ მეწყრული პროცესების შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი, მათ შორის ყაზბეგში და უკვე მეორედ, დედაქალაქში. ამ მდგომარეობას საგანგაშოს ხდის პირველ რიგში ის, რომ ყველა ამ მოვლენასთან მიმართებაში არსებობს ლეგიტიმური და ამ დრომდე პასუხგაუცემელი კითხვები, ხომ არ მოხდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხების უგულებელყოფა. საქართველოს კონსტიტუციის 37–ე მუხლის მე–4 პუნქტის მიხედვით, „სახელმწიფო ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობას, ქვეყნის მდგრად განვითარებას საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების შესაბამისად ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.“ იმავე მუხლის მე–5 პუნქტის მიხედვით კი „ყველას აქვს უფლება, დროულად მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ.“ აღნიშნული კონსტიტუციური ვალდებულების შესაბამისად, სახელმწიფომ საზოგადოებას უნდა მიაწოდოს სრული და ობიექტური ინფორმაცია სტიქიური უბედურებების, მათ შორის უკანასკნელ დღეებში თბილისში მომხდარი ტრაგედიის, მისი გამომწვევი მიზეზების, მათ აღმოსაფხვრელად გადადგმული ნაბიჯების შესახებ”.

 

საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 13–14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

 

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისის ღამეს ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში მდინარე ვერე ადიდდა, რამაც გამოიწვია ქალაქის რამდენიმე ადგილზე ძლიერი დატბორვა. ადიდებულა წყალმა იმსხვერპლა, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 13 ადამიანი, 9 კი დაკარგულად ითვლება. სტიქიამ გაანადგურა ზოოპარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი, რის შედეგედაც დაიღუპნენ ზოოპარკის თანამშრომლები, ასევე, ზოოპარკის ბინადარი ცხოველები. ცხოველების ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი