ახალი ამბები

კახიანი: ამ მოკლე ვადაში ხიდაშელს ექნება მინისტრის და პარლამენტის წევრის სტატუსიც

1 მაისი, 2015 • 926
კახიანი: ამ მოკლე ვადაში ხიდაშელს ექნება მინისტრის და პარლამენტის წევრის სტატუსიც

“ეს პროცედურა დაიწყება ორშაბათს. რეგლამენტის მიხედვით, ჯერ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე, შეიმუშაოს შესაბამისი დასკვნა და საპროცედურო კომიტეტის სხდომა, მე ვფიქრობ, რომ ორშაბათს უკვე ჩატარდება”, – აცხადებს კახიანი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მისი განმარტებით, შესაბამისი პროცედურის თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პირებმა დაიკავეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა, კომიტეტი მიიღებს შესაბამის დასკვნას, მიმართავს პარლამენტს და პარლამენტი უკვე პლენარულ სხდომაზე, დამსწრეთა უმრავლესობით, ამ დეპუტატებს უფლებამოსილებას შეუწყვეტს.

 

თინა ხიდაშელის განცხადების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ თავს უკვე თავდაცვის მინისტრად მოიაზრებს და ორშაბათიდან მინისტრის მოვალეობის შესრულებას შეუდგება, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კანონმდებლობით ხიდაშელს ამის უფლება აქვს, იმის მიუხედავად, რომ დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტს მისთვის ჯერ არ შეუჩერებია.

 

“ასეთი რამ შეიძლება მოხდეს თეორიულად და არა მარტო თეორიულად, პრაქტიკულადაც. ასეთი რაღაც მოხდა, როდესაც პარლამენტის წევრი იმავდროულად არის, ვთქვათ, მინისტრიც. მაგრამ ბუნებრივია, უფლებამოსილების შეწყვეტას თავისი პროცედურა აქვს. ეს არის დაკავშირებული მოკლე ვადასთან და ამ მოკლე ვადაში, ფაქტობრივად, გამოვა ისე, რომ მას ექნება ერთდროულად მინისტრის და პარლამენტის წევრის სტატუსიც, მაგრამ რეალურად იგი განახორციელებს მინისტრის უფლებამოსილებებს და მას პარლამენტი შეუწყვეტს უახლოეს ვადებში უფლებამოსილებას”, – ამბობს კახიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი