ახალი ამბები

GNCC-მ “ერთსულოვნების” წინააღმდეგ “ბათუმელების” საჩივარი წარმოებაში მიიღო

1 მაისი, 2015 • • 956
GNCC-მ  “ერთსულოვნების” წინააღმდეგ “ბათუმელების” საჩივარი წარმოებაში მიიღო

გაზეთ “ბათუმელების” საჩივარი ეხება ტელევიზია „ერთსულოვნების“ ეთერში 2014 წლის 19 დეკემბერს გასულ გადაცემას წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონის შესახებ. გაზეთი ბათუმელები მიიჩნევს, რომ გადაცემა მომზადებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მნიშვნელოვანი დარღვევებით.

 

გადაცემა შეეხება გაზეთ „ბათუმელების“ მიერ 2014 წლის 8-14 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც  წმინდა მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონში მოსწავლესა და მასწავლებელს შორის მომხდარ უთანხმოებას აღწერდა. საჩივარის თანახმად, საგაზეთო სტატია სათაურით – „რატომ გაიქცა 15 წლის გოგონა მატათა მოციქულის  გიმნაზია-პანსიონიდან“ მოგვითხრობს არასრულწლოვანის გიმნაზია-პანსიონიდან გაქცევის მიზეზებზე. ასევე, წარმოჩენილია თავად გიმნაზია-პანსიონის და არასრულწლოვანის დედის პოზიციები.

“სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ტელეკომპანია “ერთსულოვნების“ ეთერში გავიდა გაზეთ „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული სტატიის საპასუხო გადაცემა, რომელიც შემდგომში რამდენჯერმე განმეორებითაც აჩვენეს. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ ეთერში გასული გადაცემა არღვევს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ პრინციპებს. კერძოდ, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამაუწყებლო პრინციპია მიუკერძოებლობა და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება”,- ვკითხულობთ საჩივარში.

 

დღეს, 1 მაისს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ვახტანგ აბაშიძის სახელზე შევიდა განცხადება, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია “ერთსულოვნება” აყენებდა შუამდგომლობას საკითხის განხილვის გადადების შესახებ, რადგან ტელევიზიის ადმინისტრაციის უფროსი იურისტი რომან ხორავა, რომელსაც “ერთსულოვნების” ინტერესები უნდა დაეცვა სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა. შუამდგომლობას თან ახლდა  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ხორავას მაგისტრატ მოსამართლედ დანიშვნის შესახებ.

 

შუამდგომლობაში მითითებული არ იყო თარიღი, თუ დროის რა ვადით ითხოვდა ტელეკომპანია “ერთსულოვნება” განხილვის გადადებას. კომისიამ გადაწყვიტა, რომ საჩივარი წარმოებაში მიეღო და გონივრული ვადა განესაზღვრა ზეპირი მოსმენის დასანიშნად. აღნიშნულ საქმეზე ზეპირი მოსმენა 21 მაისს გაიმართება. კომისია ვალდებულია ზეპირი მოსმენის შესახებ მხარეებს მინიმუმ შვიდი დღით ადრე შეატყობინოს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი