ახალი ამბები

ივანიშვილი: ჯავახიშვილი “ქართული ოცნების” მთელი გუნდიდან პრინციპულობითაა გამორჩეული

30 აპრილი, 2015 • • 1204
ივანიშვილი: ჯავახიშვილი “ქართული ოცნების” მთელი გუნდიდან პრინციპულობითაა გამორჩეული

“არანაირი ინსინუაციები ამას არ ჭირდება მაშინ, როცა პრემიერი გამოდის და ამბობს, რომ 107%-ით შეასრულა გეგმა შავლიაშვილმა. გარდა ჭორებისა, რაც შავლიაშვილის ირგვლივაა, ხელში არაფერი არა გვაქვს,” – განაცხადა ივანიშვილმა და ჟურნალისტებს მიმართა: “თუ რამე რეალური იცით, დარეკეთ GDS-ში. მე პირადად გავუძღვები ყვალანაირ კითხვებს და ბოლომდე ჩავყვები”.

 

ივანიშვილის თქმით, დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ირგვლივ მხოლოდ ჭორები ვრცელდება:

 

“დღეს ამ სამინისტროს ირგვლივ ჭორების მეტი არაფერი გვაქვს, თან იქ ისეთი მინისტრი დაინიშნა, ჯავახიშვილი, რომელიც მთელი გუნდიდან არის გამორჩეული, ვინც კი “ქართულ ოცნებაში” არსებობს, თავისი პრინციპულობით. შევარდნაძის მთავრობის დროს ლამის ერთადერთი კაცი იყო, ვინც იბრძოდა და ვალუტის კურსიც დაიჭირა და გამოირჩეოდა თავისი პრინციპულობით. დაელოდეთ ჯავახიშვილის მუშაობას”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში თანამდებობა დატოვა დავით შავლიაშვილმა, მის ნაცვლად დაინიშნა ნოდარ ჯავახიშვილი, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ბანკში” ხელმძღვანელ პოზიციაზე. შავლიაშვილის გადადგომას წინ უძღოდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში ინფორმაციის გამოქვეყნება, რომ მას ჰქონდა ბიზნესინტერესები ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის მამიდაშვილთან – ზვიად ჯანყარაშვილთან ერთად. შავლიაშვილმა გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესება დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი