ახალი ამბები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში დაიწყო

20 აპრილი, 2015 • • 1271
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში დაიწყო

საქართველოს პარლამენტის ცნობით, ქართველი პარლამენტარები პირველ ოფიციალურ შეხვედრებს უკრაინის უმაღლეს რადაში გამართავენ. დელეგაციის წევრები უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, ვლადიმერ გროისმანს და უკრაინის უმაღლესი რადას საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო კავშირების დეპუტატთა ჯგუფს შეხვდებიან.

 

ოფიციალური შეხვედრების გამართვამდე საპარლამენტო დელეგაციამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, უკრაინის ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო და კიევო-პეჩორის ისტორიულ-კულტურული ეროვნული ნაკრძალი მოინახულა.

 

დელეგაციის წევრები ზეციური ასეულის გმირების ქუჩასაც ეწვივნენ და მაიდანზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით უსუფაშვილი ინტერვიუ უკრაინის საპარლამენტო არხ „რადასთან”.

 

საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, 19-21 აპრილს უკრაინის დედაქალაქში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.

 

საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრას ქვეყნის პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკთან გამართავს. შეხვედრაზე მხარეები ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, კერძოდ კი, ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებებს, ორმხრივ ურთიერთობებს, სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებს და უკრაინის კრიზისის საკითხებს განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი