ახალი ამბები

BBC: ტუნისის მუზეუმში თავდასხმის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

18 მარტი, 2015 • 1519
BBC: ტუნისის მუზეუმში თავდასხმის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

უსაფრთხოების ძალები მუზეუმის ეზოში სპეცოპერაციისთვის ემზადება / ფოტო: AFP
უსაფრთხოების ძალები მუზეუმის ეზოში სპეცოპერაციისთვის ემზადება / ფოტო: AFP

 

ბრიტანული გამოცემის ცნობით, ტუნისის პარლამენტის სიახლოვეს მდებარე მუზეუმში თავდამსხმელებმა 17 ტურისტის და ორი ტუნისელი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. ადგილობრივი რადიოს ცნობით, შეიარაღებულმა პირმა მძევლად აიყვანა ბრიტანელი, იტალიელი, ესპანელი და ფრანგი ტურისტები.

 

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტუნისის პარლამენტში ამ დროს ანტიტერორისტულ სამოქმედო გეგმას განიხილავდნენ. ტუნისის რადიო იტყობინება, რომ პარლამენტის შენობა უკვე ევაკუირებულია. თავდაცვის სტრუქტურის წარმომადგენლები ამ მომენტში მუზეუმის შენობაში იმყოფებიან და მძევლებს ეძებენ.

 

BBC-ის ცნობით, მუზეუმი ტუნისის მთავარ ტურისტულ ადგილად ითვლება. ინციდენტის თვითმხილველი, ჟასმინ რაინი ბრიტანულ გამოცემას უყვება, რომ მუზეუმის გარეთ დაახლოებით 500 ადამიანი იმყოფება და მათი რაოდენობა თანდათან იზრდება. თვითმხილველის თქმით, მუზეუმის სიახლოვეს ყველგან ვერტმფრენები დაფრინავენ და გზის სავალ ნაწილზე ტანკები მოძრაობენ.

 

ინციდენტს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მანიელ ვალსი გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლება უმკაცრესად დახვდება ამ ტერორისტულ შეტევას. ვალსი აცხადებს, რომ თავდაცვის ძალები მაქსიმალურადაა კონცენტრირებული იმისთვის, თუ როგორ უნდა განმუხტონ სიტუაცია.

 

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ლიბიაში შექმნილი ვითარების გამო ამ დროისთვის ტუნისშიც არასტაბილური მდგომარეობაა. როგორც გამოცემა წერს, უკანასკნელი თვეების განმავლობაში ტუნისი ბევრმა ადამიანმა დატოვა. ისინი მეზობელ სირიაში ISIS-ის შემადგენლობაში იბრძვიან. 

 

BBC-ის ინფორმაციით, 2002 წელს, ტუნისის ქალაქ ჯერბაში მდებარე სინაგოგის აფეთქებას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გამოცემის ცნობით, დაღუპულებს შორის იყო 11 გერმანელი ტურისტი.


ტურიზმი ტუნისის ეკონომიკის მთავარი გასაღებია. ბრიტანული გამოცემის ცნობით, ტურისტების დიდი რაოდენობა ევროპელ დამთვალიერებლებზე მოდის, რომლებიც ქვეყნის კურორტებს ხშირად სტუმრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი