ახალი ამბები

პარტია “ქართული ოცნების” განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს მოვლენებზე

15 მარტი, 2015 • • 997
პარტია “ქართული ოცნების” განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს მოვლენებზე

“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ კონსტიტუციისა და კანონის უპატივცემულობა, დილეტანტობა და ავანტიურისტობა არის ის თვისებები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის სახეს განსაზღვრავს.

 

მაშინ, როდესაც აჭარის კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სიითი შემადგემლობის უმრავლესობით, ანუ 11 ხმით აირჩევა, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის უხეში დარღვევით, 8 ხმით აღნიშნულ თანამდებობაზე არჩეულად გამოაცხადეს თავიანთი თანაგუნდელი, ჯემალ ფუტკარაძე. ამასთან, აღნიშნული აქტით, ჯემალ ფუტკარაძემ, მედეა ვასაძემ და მურმან დუმბაძემ კიდევ ერთხელ განახორციელეს თვითლუსტრაცია და დაადასტურეს, რომ ისინი მთელი შეგნებით იზიარებენ იმ ღირებულებებს, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში ნაციონალური მოძრაობა განასახიერებს.

 

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამოხატავს გულისტკივილს იმის გამო, რომ დუმბაძე, ფუტკარაძე და ვასაძე წავიდნენ მძიმე კომპრომისზე საკუთარი ღირსებისა და სინდისის წინაშე და შეერწყნენ ნაციონალურ მოძრაობას. გვსურს, მტკიცედ განვაცხადოთ, რომ არავის და მითუმეტეს ნაციონალურ მოძრაობას, არ მივცემთ საშუალებას, იმოქმედონ კანონის წინააღმდეგ და უზრუნველვყოფთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პროცესების განვითარებას კონსტიტუციისა და კანონმდელობის შესაბამისად”, – ნათქვამია “ქართული ოცნების” განცხადებაში.


აჭარის უმაღლესმა საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს 8 დეპუტატის გადაწყვეტილება, ვიცესპიკერად აერჩიათ ჯემალ ფუტკარაძე, უკანონოდ სცნო და განკარგულების პროექტი კენჭისყრაზე არ დააყენა.

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვიცე-სპიკერად ჯემალ  ფუტკარაძე აირჩიეს. აღნიშნულ პოსტზე სულ ორი კანდიდატურა იყო წარდგენილი, „ნაციონალურმა“ მოძრაობამ ვიცე-სპიკერის პოსტზე მედეა ვასაძე  წარადგინა, მედეა ვასაძემ კი „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე დღის წინ გარიცხული ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურა დაასახელა. კენჭისყრის შედეგები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბათილად გამოაცხადა, რასაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.      

 

ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურას  დეპუტატებმა ორჯერ უყარეს კენჭი. პირველ შემთხვევაში მან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა, მეორე კენჭისყრის დროს კი ჯემალ ფუტკარაძე ვიცე-სპიკერის პოსტზე რვა ხმით აირჩიეს. ჩატარებული კენჭისყრა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უკანონოდ გამოაცხადა და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.  

 

 „აჭარის კონსტიტიციით და რეგლამენტის დარღვევით ჩატარებული უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნები ჩატარებულად არ ითვლება“ – ამ განცხადების შემდეგ ავთანდილ ბერიძემ ჩაქუჩი დაარტყა და დარბაზი დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი