ახალი ამბები

ჯეოსელი ბოდიშს იხდის

10 მარტი, 2015 • • 1938
ჯეოსელი ბოდიშს იხდის

“უპირველეს ყოვლისა, ძალიან ვწუხვართ იმის გამო, რომ ასეთი სახის გზავნილი გამოჩნდა ბილბორდზე. შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება ახალგაზრდა კრეატიულ კომპანია Deehubs – თან ერთად, რომელიც ქმნის ახალი ტიპის სოციალურ მედიას. თითოეული მესიჯი ბილბორდზე ჩნდება მხოლოდ 20 წმ-ით, ხოლო ფოტოსურათი გზავნილის ავტორს ეგზავნება მეილზე. პირველივე დღიდან პროექტში ჩაება უამრავი ადამიანი და შემოვიდა რეკორდული რაოდენობის მესიჯი, რომელთა ფილტრაცია ხდება პროექტის ავტორის – Deehubs – ის მიერ. მიუხედავად ამისა, ჯეოსელი პასუხისმგებლობას არ იხსნის და ბოდიშს იხდის გამოქვეყნებული გზავნილის შინაარსის გამო. ვაფიქსირებთ, რომ მესიჯების შინაარსი ეკუთვნის გამომგზავნს და არ გამოხატავს ჯეოსელის დამოკიდებულებას და განწყობას”- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ამ პროექტის თანახმად, ყველა მსურველს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია შემოვიდეს ვებ-გვერდზე say.geocell.ge, ატვირთოს ფოტო/ტექსტი და თავისი გზავნილი გაუშვას ჯეოსელის თავისუფალ ბილბორდზე, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის 34-ში, ჯეოსელის ოფისთან. გზავნილების ეკრანზე განთავსება ყოველ საღამოს, 7 საათიდან იწყება. თითოეული გამოგზავნილი მესიჯი ბილბორდზე ქვეყნდება  მხოლოდ ერთხელ 30 წამიდან 3 წუთამდე პერიოდით. ირაკლი ყიფიანმა ბილბორდის ფოტო მის მიერ გაშვებული ტექსტით “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა სიტყვებით- “თბილისს ფაშისტ–ნაცისტების არ ჯერა! გპირდებით მეტ გეორგიევსკის ლენტას!!! თქვენი ირაკლი ყიფიანი”.

 

 

ფოტოს გავრცელების შემდეგ არაერთი პრეტენზია გამოითქვა თავად კომპანიის მიმართ. მაგალითად, დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ასევე “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, რომ კომპანია ამ გზავნილს უნდა გაემიჯნოს და საჯარო ბოდიში მოიხადოს. თაქთაქიშვილმა მინიშნება გააკეთა სხვა მობილურ კომპანიებთან დაპორტირების შესახებაც. კომპანიებისგან განმარტებები მოითხოვა დეპუტატმა გოგა ხაჩიძემაც.

 

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა “ჯეოსელის” მიმართ ახალი პროექტის გამო შეკითხვები გაჩნდა. დედის დღესთან დაკავშირებით ერთ-ერთმა მომხმარებელმა ბილბორდზე შემდეგი ტექსტი გაგზავნა “ქალი სუსტია, მაგრამ დედაა ძლიერი, გილოცავთ 3 მარტს”. “ნეტგაზეთი” 4 მარტს დაუკავშირდა კომპანიას და ჰკითხა, თუ როგორ აპირებს ჯეოსელი, გააკონტროლოს შეტყობინებების კონტენტი, რომ პლატფორმა არ გამოიყენონ დისკრიმინაციული განცხადებების, ტერორიზმის ან სახელწმიფო გადატრიალების მოწოდებების გასავრცელებლად, რაზეც პასუხად მივიღეთ:

 

“სადავო გახდა ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული პოსტი – ვიქტორ ჰიუგოს ფრაზის ციტირებით „ქალი სუსტია, მაგრამ დედაა ძლიერი! გილოცავთ 3 მარტს“.  ჯეოსელში მოქმედებს პოლიტიკა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ვაფიქსირებთ, რომ  მესიჯების შინაარსი ყოველთვის არ შეესაბამება ჩვენს დამოკიდებულებას და განწყობას, უფრო მეტიც, გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ შეიძლება არ ვიზიარებდეთ და არ ვეთანხმებოდეთ ბილბორდზე განთავსებულ თუნდაც კარგად ცნობილ გამონათქვამებსაც. გზავნილების ფილტრაციას უზრუნველყოფს Deehubs-ი  უცენზურო და კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებისგან. ფილტრაციის სისტემასთან დეტალური კითხვების შემთხვევაში მიმართეთ Deehubs -ის გუნდს”.

 

Deehubs  ქართველების მიერ საზღვარგარეთ შექმნილი „სტარტაპ“ კომპანიაა , რომელმაც პირველმა გაუშვა თავისუფალი პროექცია ამერიკის ქუჩებში, “ნეტგაზეთი” შეკითხვებით მასაც დაუკავშირდა, თუმცა პასუხები ჯერჯერობით არ მიგვიღია. ამასთანავე, “ფეისბუქზე” ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო ბექაური წერს, რომ მან გაგზავნა შეტყობინება “გადმოდი ნათელ მხარეზე – ბილაინი”, თუმცა მისი ეს შეტყობინება ბილბორდზე არ განთავსებულა.

 

ჯეოსელში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ saygeocell.ge-ზე შეტყობინების გამოგზავნისას გზავნილის ავტორი ეცნობოდა და ეთანხმებოდა განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ გამომგზავნი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ მისი პოსტი არ არის სარეკლამო ხასიათის და მასში გამოყენებული ფოტო/ტექსტი არ არღვევს მესამე პირის უფლებებს.

 

“აქედან გამომდინარე, ყველა გზავნილის ავტორი წინასწარ არის ინფორმირებული ამის შესახებ. რადგან ტექსტი შეიცავდა სარეკლამო ხასიათის შეტყობინებას, არ მოხდა მისი ბილბორდზე გაშვება”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი