ახალი ამბები

კანონპროექტით სასჯელაღსრულების დეპარტამენტი პენიტენციურ დეპარტამენტად გარდაიქმნება

6 მარტი, 2015 • • 1311
კანონპროექტით სასჯელაღსრულების დეპარტამენტი პენიტენციურ დეპარტამენტად გარდაიქმნება

კანონპროექტით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის გარდაქმნა ხდება და მისი სტრუქტურის ახლებურად ჩამოყალიბდება. კერძოდ, სასჯელაღსრულების ძირითადი ორგანო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ნაცვლად, ხდება პენიტენციური დაწესებულება. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი გარდაიქმნება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფად – პენიტენციურ დეპარტამენტად. ცვლილებების კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე სასჯელაღსრულების მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა წარადგინა.

 

“პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტში დე იურე და დე ფაქტო იღებს მინისტრი, მაგრამ, ამავდროულად, დე იურე, მას არ აქვს საშუალება ბოლომდე მართოს სისტემა. სხვა საკითხია ეს დე ფაქტო როგორ ხერხდება. მაგრამ იმისათვის, რომ ეს არ იყოს პიროვნებებზე დამოკიდებული მართვის ხარისხი და ეფექტურობა, ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ, რომ კანონით იყოს რეგულირებული ერთიანი მართვის სისტემა სასჯელაღსრულების სამინისტროში. ჩვენი ხედვის თანახმად, ყველა ის დუბლირებული სამსახური, რომელიც იყო ორ უწყებაში, მოხსინილია, ჩამოყალიბებულია ერთ სამსახურად და, ამავდროულად, ემატება საკონსულტაციო საბჭო, სადაც შევლენ არასამთავრობო ორგანიზაციები იმისათვის, რომ განსაზღვრონ სამინისტროს პოლიტიკა”,–განაცხადა კახა კახიშვილმა. 

 

რეფორმის ფარგლებში უქმდება უდოს მუდმივმოქმედი კომისია, შესაბამისად, პატიმრის ვადამდელი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას დაწესებულების ადგილობრივი საბჭოები მიიღებენ. მოქმედ კანონმდებლობაშიც გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სწორედ ეს საბჭოები იღებენ. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პატიმარი საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს, სასამართლო კი საბჭოს გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, უდოს კომისიას შეუძლია, საბჭოს და სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მაინც გაათავისუფლოს პატიმარი. სასჯელაღსრულების მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა ამას “სამართლებრივი ნონსენსი” უწოდა, შესაბამისად, სამინისტრომ უდოს კომისიის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი