ახალი ამბები

პრემიერი: საქართველოს ნაწილი ისევ ოკუპირებულია, მაგრამ არასოდეს შევეგუებით ამას

25 თებერვალი, 2015 • • 968
პრემიერი: საქართველოს ნაწილი ისევ ოკუპირებულია, მაგრამ არასოდეს შევეგუებით ამას

“25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 94 წლის წინ ქართველი იუნკერებისა და პატრიოტების თავგანწირვამ ვერ იხსნა ჩვენი სამშობლო წითელი ოკუპაციისაგან და საქართველოს სამწლიანი დამოუკიდებლობა ტრაგიკულად დასრულდა”, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

 

ღარიბაშვილის თქმით, საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის 70-წლიანმა მმართველობამ დამანგრევლად იმოქმედა ჩვენს ქვეყანაზე:

 

„ერის საუკეთესო ნაწილი შეეწირა თავისუფლებისათვის ბრძოლას. კომუნისტური იდეოლოგიისა და რეჟიმის მიუხედავად, თავისუფლების იდეა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არასოდეს ჩამკვდარა ხალხში, არასოდეს შეწყვეტილა თავისუფლებისათვის ბრძოლა”.

 

პრემიერის განცხადებაში აღნიშნაულია, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, მაგრამ მისი ნაწილი ისევ ოკუპირებულია: 

 

„საქართველოს ნაწილი ისევ ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ არასოდეს შევეგუებით ამას და ყველა სამშვიდობო ბერკეტს გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის გასაერთიანებლად. მჯერა, ჩვენ შევძლებთ მომავალ თაობას დავუტოვოთ გამთლიანებული და წარმატებული სახელმწიფო”, – აცხადებს ღარიბაშვილი.

 

1921 წლის 17 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ანექსია მოახდინა. ქართველი იუნკერები თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელა-კოჯორში განლაგდნენ. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაიღუპა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი