ახალი ამბები

საჩივარი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ქობულეთის ბავშვთა სახლის დაჯარიმების გამო

24 თებერვალი, 2015 • • 1258
საჩივარი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ქობულეთის ბავშვთა სახლის დაჯარიმების გამო

ფონდი მიიჩნევს, რომ სამინისტრომ პანსიონი უკანონოდ დააჯარიმა.

 

“იმ პირობებში, როდესაც  თითოეული  ბავშვი, რომელიც ამჟამად ჩვენთან ცხოვრობს, ჩვენს პანსიონში გადმოსვლამდე ცხოვრობდა არაადამიანურ პირობებში, ჰქონდა ყოველდღიური საკვების, სკოლაში სიარულის და ადამიანურად არსებობის პრობლემა. მსგავსი უგუნური გადაწყვეტილების მიღება, როგორიც გახლავთ ბავშვთა პანსიონის  დაჯარიმება 3,000 ლარით, შეეძლო მხოლოდ უპასიხისმგებლო მაღალჩინოსანს, რომელიც აყოლილია უმაქნისი და უუნარო არასამთავრობო ორგანიზაციების ნებას, რომელთა რაოდენობაც, სამწუხაროდ, უამრავია ჩვენს ქართულ რეალობაში”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი “სოციალური პარტნიორობა” ავრცელებს.

 

ქობულეთში, ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ მიერ დაფუძნებული ბავშვთა პანსიონი  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ 15 თებერვალს დააჯარიმა.

 

„დაჯარიმების მიზეზი იყო არალიცენზირებული საქმიანობა პანსიონის მხრიდან. ლიცენზიის შესახებ კანონში წერია, რომ თუ არის საქმიანობა არალიცენზირებული, პირველ რიგში, ეძლევა გაფრთხილება და შემდეგ ჯარიმდება,“ – უთხრა მაშინ „ბათუმელებს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა.

 

საქველმოქმედო ფონდში “სოციალური პარტნიორობა” აცხადებენ, რომ სამინისტროს ამ გადაწყვეტილებით ჩანს შერჩევითი სამართალი.

 

“იმ გარემოებაში, როდესაც აჭარის რეალობაში არსებობენ გაუგებარი წარმოშობის, იდეოლოგიის და  დაფინანსების მქონე ორგანიზაციები, რომელთა არსებობაც ბევრ არასასიამოვნო კითხვის ნიშანს ბადებს,  მათ მიმართ არანაირი მსგავსი ტიპის სანქცია არ გატარებულა და ჯოხის გადატეხვა მოხდა ყველაზე თანამდროვე, უმაღლესი სტანდარტების მქონე, გამჭვირვალე და ყველაზე ლიბერალური სახლის მიმართ, რომელიც დღეის მდგომარეობით არსებობს აჭარაში”, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

 

დღეისათვის საქართველოში სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლა-პანსიონები აღარ არსებობს. არის მხოლოდ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები. თუმცა ამის პარალელურად არსებობს რელიგიური პანსიონები, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოსა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის პატრონაჟის ქვეშაა. მარტო აჭარაში სამუფთოს 24 სკოლა-პანსიონი ფუნქციონირებს, სადაც მოზარდები 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან. ბავშვთა სახლი აქვს ბათუმში საქართველოს საპატრიარქოსაც.

 

„ბათუმელების“ კითხვაზე, არის თუ არა სამუფთოსა და საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ბავშვთა პანსიონები შემოწმებული ან სამომავლოდ თუ იგეგმება – სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა განაცხადა: „იწყება კანონმდებლობის ცვლილება. თავისთავად ვცდილობთ ყველა ოჯახი, ყველა ბავშვი შევისწავლოთ, შემდეგ ვითანამშრომლოთ. ჩვენ ვინმეს კი არ ვერჩით, ჩვენი მთავარი ინტერესი არის ბავშვი“.

 

ფონდი “სოციალური პარნტიორობა” სასამართლოსგან ითხოვს დაკისრებული ჯარიმის დაუყოვნებლივ გაუქმებას და ჯანდაცვის სამინისტროსგან 3,000 ლარის კომპენსაციას “მისი ღირსების შელახვის გამო”.

 

“მოცემული თანხა პროცესის დასრულების შემდეგ სრულად გადაირიცხება მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად”, – აცხადებენ ფონდში. ფონდში ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში გახსნიან კიდევ რამოდენიმე სოციალურ სახლს მაღალმთიან აჭარაში.

 

ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდმა „სოციალური პარტნიორობა“ საბავშვო პანსიონი ქობულეთში 2014 წლის ნოემბერში გახსნა. ფონდის წარმომადგენელთა განცხადებით პანსიონი აჭარის რეგიონში მცხოვრებ 50 ბავშვზეა გათვლილი, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებში ცხოვრობენ. ბავშვები სააღმზრდელო დაწესებულებაში უზრუნველყოფილნი არიან კვებით, ტანსაცმლით, ტექნიკითა და  სამედიცინო მომსახურებით. მსგავსი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი „სოციალურ პარტნიორობას“ რამდენიმე წელია თბილისში აქვს გახსნილი.

პანსიონი ქობულეთში
პანსიონი ქობულეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი