საზოგადოება

რატომ ფიქრობენ ხშირად სუიციდზე ლბტ ქალები

23 თებერვალი, 2015 • 1905
რატომ ფიქრობენ ხშირად სუიციდზე ლბტ ქალები

კვლევამ, რომელიც “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” ლგბტ ადამიანების მდგომარეობისა და საჭიროებების შეფასების მიზნით ჩაატარა, აჩვენა, რომ ლბტ ქალები ხშირად მიმართავენ დესტრუქციულ ქცევებს, ანუ, ზიანს აყენებენ საკუთარ თავს.

 

აღმოჩნდა, რომ 50 გამოკითხული ლბ (ლესბოსელი და ბისექსუალი) ქალიდან 56 პროცენტს უფიქრია თვითმკვლელობაზე, 10 პროცენტმა თვითმკვლელობა სცადა, 24 პროცენტმა მიმართა სხეულის დაზიანებას და 14 პროცენტმა მიიღო მედიკამენტები გადაჭარბებული დოზით.

 

დასაშვებ ნორმაზე გაცილებით მაღალი აღმოჩნდა დეპრესიის მაჩვენებელი ტრანსგენდერი რესპონდენტების კვლევაშიც.

 

“ტრანსგენდერი ადამიანების შემთხვევაში, სადაც 14 რესპონდენტი გვყავდა და ჩაღრმავებულ კვლევა იყო, გამოვიყენეთ დეპრესიის შკალა, რომელზეც მისაღები ქულაა 16. ანუ, თუ ამ შკალაზე 16 ქულა გამომივიდა გამოთვლის შედეგად, ე.ი. კარგად ვარ. ამ 14 რესპონდენტის საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი 25 გამოვიდა, რაც გაცილებით მაღალია. ესეც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ტრანსგენდერი ადამიანები განსაკუთრებული სტრესის ქვეშ იმყოფებიან, სულ ეშინიათ რომ ვიღაც ეჭვს შეიტანს მათ გენდერში, რომ ამას მოყვება აგრესია, ეშინიათ საბუთების ჩვენების და ასე შემდეგ”, – ამბობს “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” დირექტორი ნათია გვიანიშვილი.


 

ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ უარყოფითი გავლენას ლბტ ქალთა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე მკვეთრად გამოხატული დისკრიმინაციული და ჰომოფობიური გარემო ახდენს.

 

“დამანგრეველი გავლენა აქვს ჰომოფობიურ გარემოს ლბტ ქალებზე. ეს მათ ხელს უშლის, გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი, როგორც პიროვნებებმა და მოქალაქეებმა. ამის ნაცვლად, მათ მთელი აქცენტის გადატანა უწევთ იმაზე, როგორ დაიცვან თავი დისკრიმინაციისგან და საკუთარი ცხოვრების დანარჩენ ასპექტებსა და განზომილებებს სათანადო ყურადღებას ვეღარ აქცევენ”, – აღნიშნავს გვიანიშვილი.

 

ორგანიზაციის “ქალთა ფონდი საქართველოში” აღმასრულებელი დირექტორი ნანა ფანცულაია კი მიიჩნევს, რომ ვინაიდან საზოგადოება ამ ადამიანების სტიგმატიზაციასა და მარგინალიზაციას მუდმივად ახდენს, ისინი უფრო მეტად იკეტებიან საკუთარ თავში და თავიანთი თავის დადანაშაულებას იწყებენ.

 

“ასეთ ჰომოფობიურ გარემოში ყველას არ შეუძლია გამოვიდეს და პირველ პირში ილაპარაკოს – მე ვარ ლგბტ აქტივისტი. მე ვიცი ბევრი ადამიანი, რომელიც პირიქითაა და კიდევ უფრო გარიყულად გრძნობს თავს. ეს პირდაპირ კავშირშია სუიციდთან და თვითდაზიანებებთან”, – ამბობს ფანცულაია.


ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ლბტ ქალებზე ხშირია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები. 2014 წლის მონაცემებით, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა ყოველი მეოთხე ლესბოსელი და ბისექსუალი ქალი, ხოლო ფსიქოლოგიური ძალადობა ერთხელ მაინც განუცდია გამოკითხული ქალების 64 პროცენტს. ფსიქოლოგიურ ძალადობაში, ნათია გვიანიშვილის თქმით, იგულისხმება ის, რომ მათ ხშირად უწევთ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე დამცინავი ან დისკრიმინაციული კომენტარების მოსმენა, მათ აიძულებენ რაღაც ტიპის ტანსაცმლის ტარებას, ქცევის შეცვლას, აყენებენ ვერბალურ შეურაცხყოფას და ასე შემდეგ.

 

პრეზენტაციაში “ლბტ ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის გზები” ხაზგასმულია, რომ ლბტ ქალთა სტიგმატიზაციას ხელს უწყობს ჰომოფობიური სიძულვილის ენა, რომელსაც პოლიტიკოსები და სასულიერო პირები იყენებენ და რომლის ტირაჟირებაც მედიასაშუალებებით ხდება.

 

ნათია გვიანიშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტები თავად აღარ, მაგრამ რესპონდენტების პირით ახდენენ ჰომოფობიური განცხადებების ტირაჟირებას, მათი მხრიდან ხდება სტუმრების დაუბალანსებელი და არასწორი შერჩევა და მასტიგმატიზებელი შეკითხვების დასმა.

 

“თვითონ ჟურნალისტების მხრიდან, გასულ წლებთან შედარებით, შემცირდა ჰომოფობიური განცხადებები, ანუ, პირდაპირ ჟურნალისტი, მოერიდება და არ იტყვის, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა. მაგრამ სამწუხარო არის ის, რომ ხშირად, ლგბტ საკითხებზე საუბრისას, მაგალითად, არასწორი სტუმრების შერჩევა ხდება. ანუ იმ შემთხვევაშიც, როცა ჟურნალისტი ამბობს, რომ ცდილობს დაიცვას ბალანსი და წარმოაჩინოს ორი მხარე, ამ მეორე მხარეს ხვდებიან ხოლმე ქსენოფობი ან ჰომოფობი ადამიანები, რომლებისგანაც არგუმენტების ნაცვლად ჩვენ გვესმის, მაგალითად, ჰომოსექსუალობის პედოფილიასთან შედარება, რაც ორი სხვადასხვა რაღაცაა. იგივე, “ვარდისფერ კოლგოტიანი” კაცები არ გვინდა ქაშუეთის წინ” – ასეთი ტიპის განცხადებები და ეს გადადის ხოლმე, როგორც წესი, ჩხუბში. ამიტომ, ვინც უნდა იჯდეს მეორე მხარეს, იმის ნაცვლად რომ აწარმოოს დისკუსია, უწევს პარირება ამ რაღაცების, რასაც, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ აუხვალ”, – ამბობს გვიანიშვილი.

 

ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ლბტ ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევაში განსაკუთრებული როლის შესრულება პოლიტიკოსებს, სასულიერო პირებსა და ჟურნალისტებს შეუძლიათ.

 

“ჩვენ გამოვყავით სამი მხარე – ხელისუფლება, მედია და რელიგიური ინსტიტუტები, ანუ, ის სამი ნაწილი ჩვენი საზოგადოების, რომელიც გავლენის მომხდენია ამ საკითხზე. სახელმწიფოს მოვალეობა ის არის, რომ კანონმდებლობაში გაითვალისწინოს და აღიაროს ამ ადამიანების უფლებები და პოლიტიკა შეიცვალოს. ძალიან ბევრ დონეზეა პოლიტიკა შესაცვლელი, ეს იქნება ჯანდაცვის საკითხები, იგივე შრომითი რეგულაცია თუ სხვა. სასულიერო პირები უნდა მიხვდნენ, რომ ამ ადამიანებს, რელიგიური თვალსაზრისითაც, იგივე უფლებები აქვთ. ხოლო მედიას რაც შეეხება, სწორად გაშუქებაზე ჯერ არ გვაქვს ლაპარაკი, უნდა ეცადოს, კიდევ უფრო არ გააღრმაოს და არ მოახდინოს სტერეოტიპიზაცია”, – ამბობს ნანა ფანცულაია.

 

კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” და “ქალთა ფონდმა საქართველოში” ლგბტ ადამიანებისა და, მათ შორის, ლბტ ქალების მიმართ ძალადობის დაძლევის მიზნით გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავა. ორგანიზაციები სახელმწიფოს სთავაზობენ, რომ პოლიტიკოსებმა და საჯარო პირებმა გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა ლგბტ ამომრჩევლების და საზოგადოების წინაშე და არ გამოიყენონ სიძულვილის ენა; პედაგოგების, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების, ფსიქოლოგების სასწავლო კურიკულუმში შევიდეს გენდერისა და სექსუალობის საკითხი; სახელმწიფომ აღიაროს ჰომოფობია/ტრანსფობია სოციალურ პრობლემად; სამართალდამცავმა ორგანოებმა დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინონ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე;

ორგანიზაციები ურჩევენ ასევე მედიას, რომ ჟურნალისტები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ლგბტ საკითხების გაშუქებას, გაეცნონ საერთაშორისო სტანდარტებს და არ მოახდინონ მოწვეული სტუმრების მიერ სიძულვილის ტირაჟირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი