სამართალი

სასამართლომ გიგი უგულავა პატიმრობაში დატოვა

18 თებერვალი, 2015 • • 987
სასამართლომ გიგი უგულავა პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 თებერვალს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაზე ბრალდებული გიგი უგულავას აღკვეთი ღინისძიების სახის, პატიმრობის შეცვლის საკითხს განიხილავდა. უგულავას ადვოკატები ბრალდებულის 20 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. გარდა ამისა, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პროცესზე აღნიშნა, რომ მზად არიან გამოძიებას გადასცენ უგულავს პასპორტი, პირადობის მოწმობა და ყველა სხვა დოკუმენტი, რაც ქვეყნის ფარგლების დასატოვებლად არის საჭირო.


მოსამართლე ნინო სანდოძემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების გამოცხადებისას მან აღნიშნა, რომ კვლავ არსებობს ბრალდებულის მიერ მიმალვის, მოწმეებზე ზეწოლისა და ახალი დანაშაულის ჩადენის ალბათობა. 

 

“მოსამართლეს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა მანამდე, სანამ დღევანდელი სხდომა დაიწყებოდა”- განაცხადა უგულავას ადვოკატმა ოთარ კახიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. მისი განცხადებით, დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას ადამინის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს. 

 

როგორც კახიძე ამბობს, ის, რომ სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაიზიარა, ლოგიკურია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რადგანაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების პოლიტიკური ნიშნით დევნიან.

 

სასამართლო პროცესზე პოლიტიკურ დევნაზე ისაუბრა თავად ბრალდებულმაც: “როდესაც პირველი ბრალი წამიყენეს, ეს იყო პირდაპირი შედეგი ჩემი და ბიძინა ივანიშვილის მთავრობის სხდომაზე ცნობილი პოლემიკის, სადაც ის მომიწოდებდა დამეცვა სუბორდინაცია”. უგულავას თქმით, სწორედ ამ პოლემიკიდან რამდენიმე დღეში დაიწყო გამოძიება და მალევე ბრალი წაუყენეს “თბილსერვისისა” და ტელეკომპანია “იმედის” ეპიზოდებზე.

 

ბრალდების მხარე თვლის, რომ მოსამართლემ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. პროკურორმა მერაბ ჯერანაშვილმა განაცხადა, რომ “საკმაოდ მოცულობითი შუამდგომლობის მიუხედავად დაცვის მხარმ ვერ მიუთითა ვერცერთი ახალი არსებითი, თუნდაც ერთი გარემოება”, რომელიც სასამართლოს საფუძველს მიცემდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ემსჯელა.

 

პროკურორის განცხადებით, მიმალვის საფრთხე საბუთდებოდა იმ ფაქტით, რომ უგულავა 2014 წლის ივლისში აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის გამოძიებას ყავდა დაბარებული. მისი თქმით, ბრადების მხარის მიერ ეს სამართალდამცავი ორგანოებისთვის თავის არიდების მცდელობად შეფასდა.

 

ოთარ კახიძე კი ამბობს, რომ ბრალდებულის სტატუსის მქონე უგულავა საქართველოში 13-ჯერ დაბრუნდა. “ამ ფონზე მიმალვის საფრთხე როგორ შეიძლება არსებობდეს ობიექტური დამკვირვებლისთვის, ჩემი აზრით, წარმოუდგენელია” – ამბობს ის.

თავად უგულავამ კი თქვა, რომ მას, სურვილის შემთხვევაში, ქვეყნიდან გასვლა თავისუფლად შეეძლო:

“მე 10 წელი ამ ქვეყანას პრაქტიკულად ვმართავდი და შემეძლო წასვლა ისე, რომ რეპუტაციულ ზიანსაც არ მივიღებდი,”- თქვა მან სასამართლოზე.

 

ბრალდება მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხესაც მიუთითებდა. კერძოდ, პროკურორმა განაცხადა, რომ უგულავამ მოწმე გიორგი კაპანაძეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა.  


“მოწმეებზე ზეწოლის ალბათობა არსებობსო, ვინაიდან ლონდონში გიორგი კაპანაძეს შავმა ბრგე კაცმა უთხრა, რომ უგულავამ მუქარა შეუთვალა” – უგულავას ადვოკატის თქმით, სწორედ ეს არის ბრალდების მტკიცებულება, რაც კრიტიკას ვერ უძლებს.


 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა “სამხურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვის” ბრალდებით გიგი უგულავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. მას ბრალი 30 ივნისს წარედგინა. უგულავას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის 9-თვიანი ვადა აპრილში ეწურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი