ახალი ამბები

მერიაში შშმ პირების საკითხებზე მომუშავე საბჭო შეიქმნა

17 თებერვალი, 2015 • 1243
მერიაში შშმ პირების საკითხებზე მომუშავე საბჭო შეიქმნა

მერიის განცხადებით, საბჭოს შექმნა გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციისკენ გადადგმული ნაბიჯია და მისი მიზანი შშმ პირებთან დაკავშირებით საქალაქო პოლიტიკის შემუშავება იქნება. 

 

საბჭოს ეყოლება აღმასრულებელი მდივანი და თბილისის მერიის 9 საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემის 11 ექსპერტისგან დაკომპლექტდება.

 

საბჭოს აღმასრულებელი მდივანი რატი იონათამიშვილი იქნება, ხელმძღვანელი კი – თბილისის მერი.

 

იონათამიშვილის განცხადებით, საბჭოს მიზანია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებები და ინტერესები. 

 

“ამ საბჭოს მიზანს წარმოადგენს ერთიანი საქალაქო პოლიტიკის შემუშავება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად და სხვადასხვა საქალაქო სამსახურებში არსებული პროგრამების კოორდინირება,”– განაცხადა მან “ნეტგაზეთთან” სატელეფონო საუბრისას.

 

რატი იონათამიშვილის თქმით, საბჭო თვეში ორჯერ შეიკრიბება და მხოლოდ მათი ჩართულობით მოხდება მერიაში იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომელთა შესრულებაზეც შემდგომში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების კეთილდღეობა იქნება დამოკიდებული.

 

“ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას, იმისთვის, რომ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც დაიგეგმება შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან მიმართებით თბილისის მერიაში, ემსახურებოდეს შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებელობებისა და გარემო პირობების უზრუნველყოფას”

 

იონათამიშვილის თქმით, პირველი სხდომა საბჭოს დამტკიცებიდან 1 თვის ვადაში უნდა გაიმართოს.

 

თბილისის მერიაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ საბჭოს წევრების ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ფოტო – თბილისის მერია
ფოტო – თბილისის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი