ახალი ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრი საზღვარგარეთ სწავლის დასაფინანსებლად კონკურსს აცხადებს

16 თებერვალი, 2015 • • 1497
განათლების საერთაშორისო ცენტრი საზღვარგარეთ სწავლის დასაფინანსებლად კონკურსს აცხადებს

საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე და საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას ცენტრი 20 მარტიდან დაიწყებს, რაც 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

 

დაფინანსების მოპოვების მსურველებს პროგრამაში რეგისტრაცია და დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე iec.gov.ge.

 

2015-2016 სასწავლო წლისთვის პირველი კონკურსი 2014 წლის 3 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა, რომლის შედეგადაც 10 კონკურსანტის სწავლა დაფინანსდა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განათლების საერთაშორისო ცენტრში ამ ეტაპზე ხორციელდება საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა, რომელიც უცხოეთის უნივერსიტეტების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის კონკურსის წესით დაფინანსებას გულისხმობს.

 

ცენტრი ახორციელებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და  გადამზადების პროგრამას, რომელიც საჯარო სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით კონკურსის წესით საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და გადამზადების პროგრამების დაფინანსებას ითვალისწინებს.

 

უახლოს მომავალში უნივერსიტეტების კონსორციუმის პროგრამის დამტკიცება იგეგმება, რაც ქართველ სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ხელსაყრელი პირობებით მიიღონ უცხოური განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

 

მთავრობის ინფორმაციით, განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელიც 2014 წელს შეიქმნა, უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში 88 ქართველი სტუდენტის სწავლა უკვე დააფინანსა.

 

განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც სხვადასხვა საკონკურსო პროგრამების საშუალებით აშშ-ის, ევროპის და აზიის წამყვან უნივერსიტეტებში საქართველოს მოქალაქეებისათვის სწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს, კონკურსს წელიწადში ორჯერ აცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი