ახალი ამბები

ივანიშვილი: თუ მერიაში ტრაგიკული საკადრო შეცდომებია, ნარმანიასთან კითხვები დაისმება

16 თებერვალი, 2015 • • 1018
ივანიშვილი: თუ მერიაში ტრაგიკული საკადრო შეცდომებია, ნარმანიასთან კითხვები დაისმება

ბიძინა ივანიშვილმა ამ საკითხზე კომენტარი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. 

 

ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა დავით ნარმანიას საკადრო შეცდომა თბილისის მერიის მაღალჩინოსნის, ჯოკია ბოდოკიას ქრთამის აღების ბრალდებით დაკავება, ბიძინა ივანიშვილი ასე პასუხოსბს: 


“სამწუხაროა, რაც მოხდა. მეორე მხრივ, კარგია, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს ასეთ ფაქტებზე შესაბამისი რეაქცია აქვს. საზოგადოდ, საკადრო პოლიტიკა მარტივი არ არის. ზოგჯერ, როცა გგონია, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთე, ის მცდარი აღმოჩნდება. არა მგონია, ნარმანიამ საკადრო კუთხით რაღაც საოცარი შეცდომები დაუშვა. საერთოდ, ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი საქართველოში, კადრების საკითხი პრობლემურია, რადგან თავად კადრების კვალიფიკაციის საკითხია პრობლემური. საჯარო მოხელეების შერჩევა არ არის მარტივი. ვიმეორებ, ცუდია, რაც მერიაში მოხდა, მაგრამ კარგია, რომ გამოამჟღავნეს. თუ მერიაში ტრაგიკული საკადრო შეცდომებია და ეს რაღაც კონვეიერის სახეს მიიღებს, ნარმანიას მიმართ კითხვები დაისმება. თუმცა ეს პირველი ფაქტია და დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.”

 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კარგია, როცა საზოგადოებას კითხვები აქვს: 

 

“საზოგადოებას ეს აშფოთებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღევანდელ მთავრობაში ასეთი რამ არ ხდება, ეს არ არის სისტემური და დღევანდელ ხელისუფლებაში კორუფციული სისტემა არ არსებობს. ნარმანიას პატიოსნებაში კი ეჭვი არ მეპარება.” 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია 2015 წლის 11 თებერვალს დააკავა.

 

“თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 % – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი”,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში, რომელიც სამინისტრომ 11 თებერვალს გაავრცელა.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

13 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსს ჯოკია ბოდოკიას აღკვეთის ღონისხიების სახით პატიმრიბა შეუფარდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი