ახალი ამბები

პრემიერმა მთავრობის წევრებს დაავალა, რომ ბიზნესს არ შეუქმნან ბარიერები

5 თებერვალი, 2015 • • 871
პრემიერმა მთავრობის წევრებს დაავალა, რომ ბიზნესს არ შეუქმნან ბარიერები

“ბიზნესს ჩვენ ხელოვნური ბარიერები არ უნდა შევუქმნათ, პირიქით, მაქსიმალურად უნდა გავუმარტივოთ პროცედურები, რათა კიდევ უფრო მეტი საქმე გაკეთდეს საქართველოში” – პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ყველა უწყებას გადაწყვეტილებების დროულად მიღებისკენ მოუწოდა.

დავალება სამინისტროების, მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო უწყებების პირველ პირებს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მისცა.

„მინდა ყველას მოვუწოდო, მაქსიმალურად დააჩქარეთ პროცედურები და დროში არ გაიწელოს არც ერთი გადაწყვეტილება. სახელმწიფოს და ხელისუფლების ურთიერთობა ბიზნესთან დღეს არის ძალან ჰარმონიული. ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია და გარემო, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შევქმენით, კიდევ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ. ეს მოწოდება ყველამ მიიღეთ, როგორც დავალება, და თითოეული თანამშრომლის დონეზე დაიტანეთ, რათა არც ერთმა არ შექმნას რაიმე ბარიერი. თუ ვინმე შექმნის მსგავს ბარიერს, ვინც არ უნდა იყოს ის, დაუყოვნებლივ დააყენეთ მათი პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბიზნესმენები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოში ჯანსაღი, თავისუფალი ბიზნესგარემოა და გასული წელი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ყველა მათგანისთვის საუკეთესო იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი