სამართალი

რა საფრთხეებს შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონპროექტი

29 იანვარი, 2015 • 1774
რა საფრთხეებს შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონპროექტი

კანონპროექტი “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის მიერ არის ინიცირებული და მასზე მუშაობა დაახლოებთ 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მის მომზადებაში, ავტორის განცხადებით, ნატოს ექსპერტებთან ერთად ყველა ის სახელმწიფო ორგანო იყო ჩართული, რომელთაც საიდუმლო ინფორმაციასთან აქვთ შეხება.

 

რომელი ნორმატიული აქტები შეიძლება გასაიდუმლოვდეს?

 

ლიკა საჯაია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ მოქმედი კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, შეიძლება საიდუმლო იყოს მხოლოდ ის ნორმატიული აქტები, რომლებიც აწესრიგებენ ფინანსთა, გარემოს დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაზვერვის სამსახურის და სხვა სპეციალური სამსახურების შიდა საქმიანობას თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის თვალსაზრისით.

 

“ინიცირებულ კანონპროექტში კი ეს ტერმინი, შიდა საქმიანობა არის ამოღებული, შესაბამისად, შესაძლებელია მიჩნეული იქნას სახელმწიფო საიდუმლოებად ნებისმიერი ის ნორმატიული აქტი, რომელიც, აი, ამ სამინისტროს მიერ არის გამოცემული,” – ამბობს ლიკა საჯაია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

ლიკა საჯაიას თქმით, როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოებას და ოპერატიულ სამძებრო საქმიანობას, სისტემა არ შეიძლება იყოს სრულად გამჭვირვალე, მაგრამ არსებობს საშიშროება გასაჯაროვდეს ის დოკუმენტებიც, რომელთა გასაიდუმლოების ლეგიტიმური ინტერესიც არ არსებობს

 

“რაც უფრო დახურულია, გაუმჭვირვალეა სისტემა, მით უფრო არის უნდობლობა ამ სისტემის წინაშე. კანონები ხელს უნდა უწყბდეს სისტემის უფრო მეტად გახსნას,”- თქვა მან.

 

კანონპროექტის ავტორი, ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა ნებისმიერი გასაიდუმლოებული დოკუმენტის ბოროტად გამოყენება მოხდეს და “ეს ზოგადი ეჭვი ყოველთვის შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ შემთხვევაში“. მისი თქმით, კანონპროექტით აქამდე არსებული კანონის არსი არ იცვლება და საუბარი არის იმ ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოებას, უშიშროებას.

 

“საიდუმლოდ იქცევა მხოლოდ ის ნაწილი, რომლის ცოდნის შემთხვევაში, მოწინააღმდეგემ შეიძლება გამოიყენოს და ზიანი მიაყენოს ქვეყნის უსაფრთხოებას და ქვეყნის ინტერესებს,”- განაცხადა სესიაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

არის თუ არა საჭირო დასაბუთებული პასუხი დოკუმენტის განსაიდუმლოებასთან დაკავშირებით საჩივრის შემთხვევაში?

 

ლიკა საჯაიას თქმით,  დღეს მოქმედი კანონის მე–16 მუხლით, მოქალაქეები და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან ინფომაციის  შემცველზე საიდუმლოების გრიფის აღმნიშვნელ თანამდებობის პირს მიმართონ ამ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ მოტივირებული წინადადებით, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს განხილული და თანამდებობის პირმა 1 თვის განმავლობაში უნდა გასცეს დასაბუთებული პასუხი.

 

“ახალ კანონპროექტში ეს ნორმა არის ამოღებული, ანუ თანამდებობის პირს აღარ ეკისრება ვალდებულება, რომ დასაბუთებული წერილობითი პასუხი აცნობოს. მაგალითად, მოქალაქე მიიჩნევს, რომ რაღაც ინფორმაცია არ უნდა იყოს საიდუმლო, მიმართავს განსაიდუმლოების შესახებ და შემდეგ თანამდებობის პირი ეუბნება უარს.  მას ხელში არ უჭირავს დასაბუთებული წერილობითი პასუხი. რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდება, რომ წავიდეს და სასამართლოში იდავოს,“- ამბობს საჯაია.

 

კანონპროექტის ავტორი კი განმარტავს, რომ როდესაც მოქალაქე წერილობით პასუხს ითხოვს, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება, საიდუმლო ინფორმაცია გასცეს და მას განუმარტოს, თუ რატომ არ აძლევს საიდუმლო ინფორმაციას.

 

“მაგრამ თუ მოქალაქე გაასაჩივრებს სასამართლოში, შემდეგ უკვე მოსამართლე წყვეტს, ეს ინფორმაცია მისცეს ამ მომჩივანს თუ არ მისცეს, იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ საიდუმლო ინფორმაციაზე ვსაუბრობთ, საქმე გვაქვს ქვეყნის უსაფრთხოებასთან, უშიშროებასთან და, შესაბამისად, ამ ინფორმაციის დაცვა არის აუცილებელი,”- ამბობს ირაკლი სესიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არის სტანდარტი, რომელიც საქართველოს პარტნიორ ნატოს წევრ ქვეყნებს აქვთ.

 

“ამ სტანდარტს ჩვენ ვიღებთ ნატოს წევრი ქვეყნებიდან და, შესბამისად, ერთიან სისტემაში ვერთვებით,”- ამბობს სესიაშვილი.

 

ვის ეკრძალება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება

 

ლიკა საჯაიას თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, არის შედარებით ზუსტი ჩამონათვალი, თუ ვის შეიძლება უთხრან უარი სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებაზე (მუხლი 27). შემოთავაზებული კანონპროექტით კი არის “საიმედოობის და სანდოობის დაბალი ხარისხი”, რაც მისი თქმით, ბუნდოვანი ტერმინია.

 

“თავისთავად ეს ტერმინი, “სანდოობის და საიმედოობის დაბალი ხარისხი” , არის უფრო ბუნდოვანი ტერმინი, ვიდრე არის დღევანდელ კანონმდებლობაში მოცემული. ნებისმიერი იმ ცვლილების შეტანას, რომელიც კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ნორმას, ჩვენ არ მივესალმებით და ვფიქრობთ, რომ კანონი, სადაც საჭიროა და სადაც იძლევა შესაძლებლობას, უნდა იყოს მაქსიმალურად მკაფიო,”- ამბობს ლიკა საჯაია.

 

სესიაშვილი ამბობს, რომ საიმედოობისა და სანდოობის საკითხს დამატებით ნორმატიული აქტი არეგულირებს, მაგრამ რთულია რაიმე კონკრეტული გაიწეროს კანონით, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს საიმედოდ ან არასანდოდ, რადგანაც ეს ბევრ ფაქტორს უკავშირდება.

 

“მაგალითად, ადამიანმა რომ ალკოჰოლი მიიღოს, ეს არ არის დანაშაული, ადამანმა რომ ალკოჰოლი მიიღოს და უყვარდეს ძალიან ბევრი ლაპარაკი, ესეც არ არის დანაშაული. მაგრამ წარმოიდგინეთ, მოქალაქე ითხოვს საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვებას, მაგრამ მოკვლევის შედეგად დგინდება, რომ ეს მოქალაქე ხშირად იღებს ალკოჰოლს და ალკოჰოლის ზემოქმედებს ქვეშ  საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს და მათ შორის უყვარს ძალიან ბევრი ლაპარაკი. ამ შემთხვევაში, როდესაც ხდება განსაზღვრა, რომ მისცენ თუ არა მას საიდუმლოებაზე დაშვების უფლება, რა თქმა უნდა, არის იმის მაღალი რისკი, რომ მოქალაქე, რომელსაც ექნება დაშვება საიდუმლო ინფორმაციაზე, თუკი ვინმეს ექნება ინტერესი, რომ ეს ინფორმაცია გამოსძალოს, შეიძლება დაათროს, შეიძლება ალაპარაკოს, შეიძლება მისი ხასიათის სისუსტეები გამოიყენოს და მიიღოს ის საჭირო ინფორმაცია, რაც დააზიანებს ქვეყნის ინტერესებს,“- ამბობს კანონპროექტის ავტორი.

 

პარლამენტმა კანონპროექტი “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” პირველი მოსმენით უკვე მიიღო. სესიაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტის მომზადებისას ნატოს სამოკავშირეო ოფისმა ორჯერ მოიწვია ექსპერტები ნატოს ქვეყნებიდან და ორჯერ ჩატარდა მრგვალი მაგიდის შეხვედრები, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების რეკომენდაციები გაითვალისწინეს.

 

რაც შეეხება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, ლიკა საჯაიას თქმით, ისინი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრასა და მათი პოზიციების მოსმენას გეგმავენ. შემდეგ კი შენიშვნებს კვლავ წარუდგენენ პარლამენტს.

 

“არავის უნდა, არც არასამთავრობოებს, არც მედიას და არც ერთ ნორმალურ მოქალაქეს, რომ რაღაცით შევუქმნათ საფრთხე ქვეყნის უშიშროებას, ჩვენი მიზანი არის პირიქით, უშიშროებაც დაცული იყოს, ინფორმაციის თავისუფლებაც და გამოხატვის თავისუფლებაც,“- განაცხადა “ნეტგაზეთთან” საუბრისას ლიკა საჯაიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი