ახალი ამბები

სასჯელაღსრულების სამინისტრო პენიტენციურ სისტემაში რეფორმის გატარებას გეგმავს

18 დეკემბერი, 2014 • • 1649
სასჯელაღსრულების სამინისტრო პენიტენციურ სისტემაში რეფორმის გატარებას გეგმავს

სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ რეფორმას მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე. მინისტრის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება, ცვლილებებს 40-მდე კანონში ითვალისწინებს.

 

“ჩემ მიერ ინცირებული ინსტიტუციური რეფორმის კანონპროექტი, რომლის ფარგლებში დაგეგმილია საკანონმდებლო ცვლილებები, დარწმუნებული ვარ, ძირეულად შეცვლის მოცემული სისტემის ფუნქციონირებას და მართვის დასავლურ სტანდარტებზე გადაყვანას”, – განაცხადა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ პესკონფერენციაზე.

 

სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, სასჯელაღსრულების სისტემა თანამედროვე, ეფექტურ მართვის მოდელზე გადადის, რაც გულისხმობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინტეგრირებას სამინისტროსთან და მინისტრისთვის სრულად დაქვემდებარებას.

 

რეფორმის ფარგლებში გაიზრდება სისტემის თანამშრომელთა სამართლებრივი, სოციალური და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები და არა კადრების შემცირება. რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტია მიმზიდველი კარიერული სისტემის შექმნა, პენიტენციური სამსახურის პრესტიჟულობის გაზრდა, კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადებისა და განათლების მიღების უწყვეტობის უზრუნველყოფა, აღნიშნა მინისტრმა.

 

უსაფრთხოების სტანდარტისა და მართვის გაუმჯობესების მიზნით, 2016 წლამდე სახელმწიფოს ხარჯზე სავალდებულოდ გადამზადდება პენიტენციური სისტემის ყველა მოსამსახურე, ხოლო  კონკურსით შერჩეული ახალი კადრები მუშაობას  მხოლოდ სპეციალური სასწავლო კურსის გავლის შემდეგ დაიწყებენ, აცხადებს სამინისტრო.

 

დაანონსებული რეფორმის შედეგად, ჩამოყალიბდება ერთიანი ეფექტურო შიდა მონიტორინგის სამსახური, რომელიც სისტემაში არსებითად შეამცირებს ადამიანის უფლებათა დარღვევის შესაძლებლობას და გაზრდის პრევენციის ხარისხს, ასევე იგეგმება სოციალური სამსახურის მოდერნიზაცია, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რებილიტაციის  ახალი პროგრამების დანერგვა და განვითარება.

გიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი