ახალი ამბები

ელ. ენერგიაზე მიბმული დასუფთავების გადასახადის დავალიანებას მერია გადაიხდის

12 დეკემბერი, 2014 • • 978
ელ. ენერგიაზე მიბმული დასუფთავების გადასახადის დავალიანებას მერია გადაიხდის

აღნიშნული ინიციატივა თბილისის მერიამ დღეს, 12 დეკემბერს წარუდგინა საკრებულოს. დავალიანება 2011 წლის ივლისიდან 2013 წლის ივნისამდე დაგროვდა, მაშინ, როდესაც დასუფთავების გადასახადს მაცხოვრებლები ელექტოენერგიის ხარჯვის მიხედვით იხდიდნენ.

 

ინიციატივის თანახმად, დავალიანება 11 000 აბონენტს მოეხსნება, მათ მიერ გადასახდელ თანხას, ერთ მილიონ ლარს თბილისის მერია დაფარავს.

 

2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის წინა მთავრობამ დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიის ტარიფს მიაბა და მოხმარებულ 1 კვტ.სთ-ზე დასუფთავების ტარიფი 0.05 ლარით განსაზღვრა.

 

” იმის გამო, რომ ტარიფის დადგენის წესი იყო უსამართლო, ხოლო თავად ტარიფი მოსახლეობის შემოსავლების არაადეკვატური, ამ გადაწყვეტილებამ თბილისელთა სამართლიანი პროტესტი გამოიწვია”,-აცხადებენ მერიაში.

 

ეს გადაწყვეტილება 2 წლის განმავლობაში მოქმედებდა და 2013 წლის 1 ივნისს გაუქმდა. მერიის ინფორმაციით, დროის ამ პერიოდში 11 000 აბონენტს 1 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი