ახალი ამბები

შტაინმაიერი: ერთი ნაბიჯი დარჩა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლამდე

8 დეკემბერი, 2014 • • 1000
შტაინმაიერი: ერთი ნაბიჯი დარჩა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლამდე

“ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ასეთი მჭიდრო არასოდეს ყოფილა. ჩვენ გპირდებით მხარდაჭერას, საქართველოს ხელისუფლება ძალიან შედეგობრივად აგრძელებს ევროპულ კურსს. პარალელურად იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საკმაოდ რთულ პერიოდში. ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. თქვენ ახსენეთ შეთანხმება მოსკოვსა და აფხაზეთს შორის. ჩვენ არანაირი ფორმით არ ვაღიარებთ ამ შეთანხმებებს. საქართველოს მოსახლეობამ მაქსიმალურად სწრაფად უნდა მიიღოს სარგებელი ასოცირების ხელშეკრულებიდან.  ფაქტიურად ერთი ნაბიჯი დარჩა უვიზო მიმოსვლამდე. ვფიქრობ, ეს პროცესი შეუქცევადად გაგრძელდება,”- განაცხადა შტაინმაიერმა.

 

როგორც საქართველოს საგარეო უწყების პირველმა პირმა, თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, შტაინმაიერის ვიზიტი ქვეყანამ უნდა განიხილოს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი გერმანიის ურყევი მხარდამჭერისა და სოლიდარობის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება. 

 

“შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის ფართო სპექტრი და ურთიერთობათა შემდგომი განვითარების პერსპექტივები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გერმანიის აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში,”- განაცხადა ბერუჩაშვილმა.  


გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით დღეს, 8 დეკემბერს ეწვია. ეს მიმდინარე წელს გერმანელი მინისტრის რიგით მეორე ვიზიტია, რაც საქართველოს საგარეო უწყების განამრტებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გერმანიის უპირობო მხარდაჭერის კიდევ ერთ მკაფიო გამოხატულებაა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი