ახალი ამბები

პრემიერის ზოგიერთი უფლებამოსილება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს გადაეცა

7 დეკემბერი, 2014 • • 1597
პრემიერის ზოგიერთი უფლებამოსილება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს გადაეცა

“საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სრული ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის – ბრძანების გამოცემის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობისა და მათი საქმიანობის კოორდინაციის, სამსახურებრივი დოკუმენტაციის ხელმოწერის, საქართველოს მთავრობის რეგლამენტით გასაზღვრული საქართველოს მთავრობის სხდომის მომზადების, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ და, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელით გამოსვლის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური სახდელის დადების, აგრეთვე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ მივლინებებთან დაკავშირებით სათანადო ბრძანების გამოცემის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაწესებულების ხელმძღვანელის სხვა უფლებამოსილებები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საფინანსო- სამეურნეო საქმიანობის წარმართვისა და აღნიშნულთან დაკავშირებით ბრძანების გამოცემის უფლებამოსილებები მიენიჭოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს მაია ცქიტიშვილს”, – ნათქვამია ბრძანებაში.


მაია ცქიტიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი
მაია ცქიტიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი

ამ საკითხს გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზოგიერთი უფლებამოსილების მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის გადაცემასთან დაკავშირებით რამდენიმე მცდარი ინფორმაცია გავრცელდა მედიასაშუალებების მეშვეობით.

“გვსურს განვმარტოთ, რომ პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში სიახლე არ არის, ვინაიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური სახდელის დადების, ასევე ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ მივლინებებთან დაკავშირებით სათანადო ბრძანების გამოცემის უფლებამოსილებით 2012 წლის 1 ნოემბრიდან სარგებლობდა. აღნიშნული ბრძანება, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრის ბევრი სხვა ბრძანების განახლება, მთავრობის კანცელარიის მთავრობის ადმინისტრაციად გარდაქმნას უკავშირდება და არ გულისხმობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის დამატებითი ან ისეთი უფლებამოსილებების მინიჭებას, რომლითაც იგი აქამდე არ სარგებლობდა. ანალოგიური შინაარსის ბრძანება, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერით, 2012 წლის 1-ლი ნოემბრით თარიღდება”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

 

თუმცა ბიძინა ივანიშვილის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანებისა და ირაკლი ღარიბაშვილის 2014 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მაია ცქიტიშვილს ახლა დაემატა ისეთი უფლებამოსილებები, რომელიც ივანიშვილის ბრძანებაში მითითებული არ არის. კერძოდ: “საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობისა და მათი საქმიანობის კოორდინაციის”, ასევე, “სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ და, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელით გამოსვლის” – უფლებამოსილებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი