ახალი ამბები

ონოფრიშვილი: ბიუჯეტი 2 წელია არათანაბრად იხარჯება და ეს გარკვეულ გავლენას ახდენს ვალუტის კურსზე

4 დეკემბერი, 2014 • • 1216
ონოფრიშვილი: ბიუჯეტი 2 წელია არათანაბრად იხარჯება და ეს გარკვეულ გავლენას ახდენს ვალუტის კურსზე

მისი თქმით, ეს შენიშვნა არ ეხება მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს, “არამედ იმ უწყებებსაც, რომლებიც ფულს ითხოვენ მთავრობის სხდომაზე და პარლამენტის კომიტეტზე, მერე საქმე-საქმეზე რომ მიდგება ფული არის ანგარიშზე და ისინი ამას ვერ ხარჯავენ. ცხადია, ეს არის პრობლემა, რომელიც ორი წელია გრძელდება და მთავრობამ ამ საკითხს უნდა მიხედოს 2015 წელს. ჩვენი კომიტეტი განახორციელებს მაქსიმალურ მონიტორინგს, რომ ბიუჯეტიდან ფული თანაბრად დაიხარჯოს და არ მოხდეს ხარჯვა ისე, როგორც ეს 2013 და 2014 წლებში ხდებოდა.”

 

დავით ონოფრიშვილის თქმით, როცა ეკონომიკას პრობლემები აქვს, ეს აისახება ლარის კურსზე:

 

“მსოფლიოში სრულად ჯანმრთელი ეკონომიკა არავის აქვს და გამონაკლისი არც საქართველოა. თუ საქართველოს ეკონომიკას შევადარებთ ავადმყოფთან, დღეს მისი პულსაცია მაღალია და ეს პრობლემები გამოიხატა გაცვლით კურსში, რომელსაც მკურნალობა ჭირდება.

 

ყველა მეზობელ ქვეყანაში მყარდება დოლარი, საქართველოშიც არის რიგი ფაქტორები, ეს არის ინვესტიციების სიმცირე, ასევე, შემცირდა გადმორიცხვები რუსეთიდან, რადგან ქვეყანას ეკონომიკური პრობლემები აქვს, შემცირდა ექსპორტი და გაიზარდა იმპორტი, რაც ლარის კურსზე გავლენას ახდენს, ამიტომ პარლამენტში უნდა მოვიდეს ეკონომიკური გუნდი და არგუმენტირებული პასუხები გაგვცეს”, – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

 

მისივე თქმით, ეკონომიკური გუნდის მინისტრების გადადგომა, რასაც ნაციონალური მოძრაობა ითხოვს, განსაკუთრებული ნაბიჯი იქნებოდა.

 

“პარლამენტში ეკონომიკური გუნდის მოსვლის საკითხი საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს, კარგი იქნება, თუ ეკონომიკური გუნდი მოვა პარლამენტში. მე, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს, მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან, ამიტომ მაქსიმალურ ინფორმაციას ვფლობ”, – განაცხადა ონოფრიშვილმა.

 

ლარი ბოლო ერთი თვის განმავლობაში უფასურდება. თუკი ნოემბრის დასაწყისში 1 აშშ დოლარის ღირებულება იყო 1.76 ლარი, დღევანდელი კურსით, სავალუტო ჯიხურებში ერთი აშშ დოლარი 1.92 ლარი ღირს. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ის არ არის პასუხისმგებელი ამ პროცესზე, ხოლო ეროვნულმა ბანკმა ბოლო ერთ კვირაში 80 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, რითაც ცდილობს ლარის გაუფასურების პროცესის შეჩერებას, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი